მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნატალია ყაჭიაშვილი – ასე ერქვა ყმაწვილქალობაში დედა სიდონიას, რომელიც თამამი განცხადებებით და საოცარი ხელნაკეთი ნივთების ავტორად არის ცნობილი. 17 წლის იყო, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში რომ გამოეპარა მშობლებს და მას მერე ეკლესიის წიაღიდან აღარ გასულა. ამბობს, რომ ბავშვობაშივე იცოდა, რომ საერო ცხოვრებაში მისი ადგილი არ იყო. 20 წლისა მონაზონი გახდა, 31 წლის ასაკში მძიმედ დაავადებული საბერძნეთში სამკურნალოდ პატრიარქის კურთხევით გაემგზავრა და იქაურ მონასტერში გააგრძელა ცხოვრება. დედა სიდონია ახლა 45 წლისაა. ამბობს, რომ არაჯანსაღი აზრი მთელ ქრისტიანულ კულტურას ჩარჩოებში აქცევს, რასაც გამომწყვდეულ თავისუფლებად აღიქვამს. მისი ბოლო ნამუშევრების გამოფენაც ამ სათაურით გაიმართა – „გამომწყვდეული თავისუფლება“.
– ბებიასთან ვიზრდებოდი კახეთში. ისე მოხდა, რომ ჩემი და ავად გახდა და რადგან მშობლებმა მაშინ ჩემთვის ვეღარ მოიცალეს, ბებიამ და დეიდამ შემიყვანეს სკოლაში. მერე, როცა ჩემებმა დააპირეს, ისევ მათთან გადავსულიყავი, ბებიამ და ბაბუამ გააპროტესტეს ეს ამბავი, რადგან შემეჩვივნენ და აღარ უნდოდათ ჩემ გარეშე ცხოვრება. გული რომ არ დაწყვეტოდათ, გადაწყდა, მათთან ერთად მეცხოვრა.
– თქვენ როგორ გრძნობდით მერე თავს მშობლების გარეშე რომ ცხოვრობდით?
– იმდენად კარგები იყვნენ ბებია და ბაბუა... ბებია ძალიან აქტიური იყო და სულ მაკითხავდა სკოლაში. თან, მე ხუთოსანი ვიყავი. დიდი საწერი მაგიდა მიყიდეს ბევრი უჯრებით. ყველა უჯრას თავისი სამყარო ჰქონდა, ძალიან მოწესრიგებული ვიყავი. ალბომები მქონდა, სადაც გაზეთებიდან ამოჭრილ ჩემთვის საინტერესო ადამიანების ბიოგრაფიებს ვაკრავდი. ჩემი თავი სულ ამ საწერ მაგიდასთან მახსოვს.
გვერდით სოფელში ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები. მამა თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, მაგრამ ხან ორი კვირა გადიოდა, რომ დედას ვერ ვნახულობდი. დედა ავადმყოფობდა... მამას მანქანა ჰყავდა და როგორც კი დროს გამონახავდა, მოდიოდა.
– სკოლაში რა ხდებოდა?
– სკოლაში სანიმუშო ბავშვი ვიყავი. მასწავლებლებსაც ძალიან ვუყვარდი. ჩვენი კლასის დამრიგებელი კეთილშობილების ნიმუში იყო – მშვიდი, აუღელვებელი, სწორი მიდგომები ბავშვებთან... ვფიქრობ, მან ჩემზე ძალიან იმოქმედა. რუსულის მასწავლებელიც ძალიან მიყვარდა.
ბულინგის მცდელობები იყო ჩემზე, რადგან ბავშვები, ფაქტობრივად, უცხოდ მთვლიდნენ, მაგრამ ძალიან მშვიდი ვიყავი, პედაგოგიც დამეხმარა და ეს ყველაფერი ადვილად გადავიტანე, თან, არც კონფლიქტური ბავშვი ვიყავი. თუ კლასში რაიმეს ხელმძღვენელობა იყო საჭირო, ყველაფრის ხელმძღვენელი მე ვიყავი. სკოლის კომკავშირის თავმჯდომარედ ორჯერ ამირჩიეს. ახლა ასეთი ამბების მოყოლას ყველას ერიდება, მაგრამ რა უნდა გვექნა, ეპოქა იყო ასეთი. სულ რაღაცას ვაკეთებდი... მამის დედა უკრაინელი მყავდა, მოსკოვში დავდიოდი ნათესავებთან და რუსული ენა კარგად ვიცოდი. „პიონერსკაია პრავდა“ გვქონდა გამოწერილი და ამ გაზეთში ცხადდებოდა ხოლმე, რომ მთელ საბჭოთა კავშირში ბავშვებთან სამეგობროდ უნდა დავრეგისტრირებულიყავით და მთელი სსრკ–ს რესპუბლიკებიდან მომდიოდა წერილები. ფოსტალიონს რომ დავინახავდი, ძალიან მიხაროდა. წერილებს მიგზავნიდნენ, საჩუქრების გაცვლა–გამოცვლა იყო. იაკუტიიდანაც კი მომდიოდა წერილები.
ბიბლიოთეკა მიყვარდა ძალიან. ფოსტალიონის და ბიბლიოთეკარის სახელები დღემდე მახსოვს. რომ დამინახავდა, გაუბრწყინდებოდა ხოლმე სახე – უხაროდა, რომ ვიღაცას წიგნები უყვარდა. ბევრი დადიოდა მაშინ ბიბლიოთეკაში, მაგრამ მე სულ იქ ვიჯექი. ვგიჟდებოდი წიგნების სუნზე. ყველაფერს ვკითხულობდი, მაგრამ რუსი კლასიკოსები მიყვარდა გამორჩეულად. სახლში დეიდა კითხულობდა ხოლმე ისტორიას ხმამაღლა. ასე რომ, სულ წიგნებთან იყო დაკავშირებული ჩემი ცხოვრება.
– ცელქი არ იყავით?
– ცელქი არა, უფრო საქმის გამკეთებელი ბავშვი ვიყავი. მამაჩემის სახლში, აივანიდან ადიოდა დიდი თუთის ხე. იმ ხეზე ვიჯექი ხოლმე ხშირად, განმარტოვება მიყვარდა. შორს ვიყურებოდი და ვფიქრობდი. დამალობანას რომ ვთამაშობდით, მაშინაც სულ ხეზე ავდიოდი და იქ ვიმალებოდი. ასკინკილაში და რეზინობანაში ყოველთვის ჩემი მეზობელი გოგონა მჯობნიდა. ვუშარდებოდი, ეს არ ითვლება, თავიდან დავიწყოთ–მეთქი და ის სულ მითმობდა. ისე ვუყვარდი, შვილს ჩემი სახელი დაარქვა.
– სასულიერო ცხოვრებაზე ფიქრი როდიდან დაიწყეთ?
– ბებიას ოჯახს მღვდლიაანთ ეძახდნენ– მღვდელი ჰყავდა წინაპარი და ძალიან მოწესრიგებული ადამიანი იყო. მეც შესაბამისად ვიზრდებოდი. სინათლეს რომ ჩავაქრობდით, ბებია ლოცვას იწყებდა, ისე არ დაიძინებდა. დეიდა სიონში დადიოდა ხოლმე ზეთისცხებაზე. საეკლესიო კალენდარი სულ გვქონდა იმ ეპოქაშიც. ბებია რომ ლოცვას იწყებდა, ძალიან მსიამოვნებდა. მოსკოვში ვნახე პირველად საკმეველის კმევა. გავჩერდი და აღარ მოვდიოდი...
ბებიას ნათესავი გახლდათ მეუფე გრიგოლ ცერცვაძე. ალავერდელი მეუფე იყო და მან დაადგა მიტრა ჩვენს პატრიარქს. მახსოვს, თეთრწვერა მოხუცი იყო. სულხან-საბას რომ ხატავენ, მას წააგავდა. მის წირვებს ვესწრებოდი. იმ პერიოდში თელავში საკათედრო ტაძარი ფუნქციონირებდა, მაგრამ ხალხი არ დადიოდა. მარტო ვიდექი ხოლმე ტაძარში.
სკოლის ეზოში დიდი, კვირაცხოველის ეკლესია იდგა. იმდენად ათეისტი ვიყავი, რომ ერთხელ მაგიდის გადასაფარებელი მოვიხვიე ანაფორასავით და ვითომ მღვდელი ვიყავი... ღმერთმა მაპატიოს... მოუვლელი ეკლესია იყო მაშინ. მერე, არ ვიცი, რამ იმოქმედა – ალბათ ბებიის ლოცვამ და ლიტერატურის კითხვამ. რწმენა ჩემს ქვეცნობიერში ალბათ მუდამ იჯდა. გულს სწამდა და გონებას - არა. სკოლის ეზოში ერთ საღამოს წარმოვიდგინე პატარა კელია, რომელიც ამ ეზოშივე იდგა და ვინატრე, ნეტავ იქ მაცხოვრა–მეთქი. როგორც ჩანს, სულ ვატარებდი ამ კოდს გულში – კელიაში ცხოვრება მინდოდა. ერთი პერიოდი ასტრონომიამ გამიტაცა და სულ ცაში ვიყურებოდი. მერე, ჰიპობაც მინდოდა, მაგრამ დაუცველობის შემეშინდა... ამ დროს ჩემმა დამ და მამაჩემმა შუამთის მამათა მონასტერში დაიწყეს სიარული. რაღაცას რომ ყვებოდნენ, ჩუმად ვისმენდი და მაშინ დავიწყე მეუფე გრიგოლთან სიარული. მეუფე გრიგოლი რომ გარდაიცვალა, მეც შუამთის მონასტერში გადავედი.
1991 წელს მგონი, მხოლოდ მცხეთაში იყო მონასტერი. იქ ჩავედი, ფაქტობრივად გამაპარა ჩემმა მოძღვარმა და მამა გაბრიელის გვერდით ვცხოვრობდი. იატაკს ვწმენდდი, მამაჩემი რომ დამადგა თავზე. კულტურული ადამიანი იყო და ერთი ამბავი არ აუტეხავს, მაგრამ წამიყვანა მაშინ. მერე ისევ გავიპარე მონასტერში. დედაჩემს ასთმა დაემართა ნერვიულობაზე. ვერ ხვდებოდნენ, მე რა ბედნიერი ვიყავი ამით. ჩემთვის რთული იყო იმ სამყაროში დარჩენა, რომელთანაც არაფერი მაკავშირებდა. მინდოდა ისე მეცხოვრა, რომ ჩემი ყველა ქმედება მარადიული ღირებულებების სამსახურში ყოფილიყო. 17 წლის გოგოს აბსოლუტურად გააზრებული მქონდა ეს ამბავი და მყარად ვიდექი ამ აზრზე.
მაშინ ძალიან ჭირდა მონასტერში ცხოვრება – პური არ გვქონდა, შაქარი არ გვქონდა... ყველას უმძიმესი დაავადებები დაგვემართა – კუჭის წყლული, ფილტვების ანთება... წამალს რომ სვამ მშიერ კუჭზე, როგორია?! მაშინ ერშიც ჭირდა და მონასტერში – უფრო მეტად. სადაც ახლა მამა გაბრიელის ლუსკუმაა, იქ მესანთლე ვიყავი. დღეში 1–2 ადამიანი თუ შემოდიოდა ტაძარში. პატრიარქი მოდიოდა ხოლმე ორ კვირაში ერთხელ. მამა გაბრიელი სულ იქ იყო. მახსოვს, რომ მთხოვა, ლობიო მომიხარშეო... 20 წლის ვიყავი, როცა თვლიდნენ, რომ მონაზვნობისთვის მზად ვიყავი.
– ამ ასაკში ყველა გოგონა მომავალ ცხოვრებაზე, ოჯახის შექმნაზე ფიქრობს...
– მე სულ სხვაგვარად ვფიქრობდი. ვიღაცები კი მომწონდა, მაგრამ შეყვარებული არ მყოლია. არ მინდოდა, სტერეოტიპებში, ნორმებში ჩავმჯდარიყავი. მამა ჩემზე ადრე ეზიარა, მაგრამ ჩემი მონაზვნობის წინააღმდეგი მაინც იყო.
– დედა სიდონია, საოცარ ხელნაკეთ ნივთებს ამზადებთ. სად ისწავლეთ?
– მამა ხატავდა და სასწაული ტექნიკა ჰქონდა. დიდ ტილოებზე ხატავდა და ის ფერები სულ თან დამდევდა. სამთავროს მონასტერში ვისწავლე ყველაფერი. გობელენებს, ფარდაგებს ქსოვდნენ... ხატწერის სახელოსნოც იყო. ძალიან განვითარებული იყო მაშინ სამთავროში ყველა საქმიანობა. ფერებს პატრიარქი თავად ამოწმებდა. ხან სრულიად მოულოდნელად მოდიოდა. მახსოვს, ერთხელ ვისვენებდი და დავინახე, ფარდის იქიდან როგორ მოიყურებდა... ჩემს კურთხევასაც დაესწრო უწმინდესი 20 წლის რომ ვიყავი. დედა ქეთევანმა შემმოსა. მეუფე დანიელმა ამაჭრა თმები... დედა სიდონია მაშინ დამარქვეს. მამა გაბრიელმა, შემოსილი რომ მნახა, ჩამიხუტა და თან იცინოდა და თან ტიროდა. ზუსტად ასეთი ცხოვრება მაქვს – ბედნიერებაც და მწუხარებაც ახლავს ჩემს ყოფას. ეტყობა, მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა მაშინ ჩემი ცხოვრება. მაშინვე მივხვდი, რომ ეს რაღაცას ნიშნავდა.
მერე, ჭიათურაში გაიხსნა მონასტერი და იქ გამანაწილეს. ჭიათურაში ასთმა და ტუბერკულოზი დამემართა. აბასთუმანში გავხსენით მონასტერი, რომლის დამფუძნებელიც მე ვარ და მამა ალექსანდრე გალდავა. 21 წლის ვიყავი და – სრულიად მარტო იმ მონასტერში. მედავითნეც მე ვიყავი, მარტო ვგალობდი... სასწაული ასკეტური ცხოვრება იყო ჩემთვის ის პერიოდი. ფსკვნილებს ვქსოვდი მხოლოდ. სხვა არაფრისთვის მეცალა, რადგან ძალიან ბევრი საქმე მქონდა. მერე, დედებიც მომრავლდნენ და მე მხოლოდ პურის ცხობა მევალებოდა. იმ დროს დავიწყე ექსკლუზიური ნამუშევრების კეთება. ბავშვობაში სულ ვსაქმიანობდი, თოჯინებს ვუკერავდი და ვუქსოვდი.
საბერძნეთში აკეთებენ დედები სამაჯურებს და ჯვარს აყოლებენ. ასეთი ფერადი სამკაულების გაკეთება აქ მე დავიწყე პირველმა. გამკიცხეს ამის გამო – სამკაულში ჯვარს რა უნდაო... ისიც თქვეს, ნაქარგი მოძველებულიაო. მივხვდი, ნაქარგობა აღარ მოსწონთ და თანამედროვე რამე უნდა მომეფიქრებინა. იგივე ფერები დავტოვე და ვერცხლში და ხეში ჩავსვი ნაქარგობა... ეს იყო ექსკლუზივი, რომელიც კი არ აღვადგინე, მე შევქმენი. ეს ჩემი კოლექცია ნახა მოსკოვში წარმატებულმა დიზაინერმა საშა არუთინოვმა და მოსკოვის „მერსედესის“ მოდის კვირეულზე თავის კოლექციასტან ერთად ჩვენებაზე გაიტანა ჩემი კოლექცია – საყურეები, გულსაბნევები, ყელსაბამები, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და მთელ მოსკოვს ისინი ეკეთა. ბერლინშიც გაიმართა გამოფენა, ვენაშიც, რომშიც... ბოლოს კი გავაკეთე გამოფენა „გამომწყვდეული თავისუფლება“ – თევზი მოვათავსე აკვარიუმში და ხაზი გავუსვი იმას, რომ არაჯანსაღი აზრი მთელ ქრისტიანულ კულტურას ჩარჩოებში აქცევს, რაც არ არის კულტურის ნაწილი. პატრიარქს ვაჩუქე ჩემი გაკეთებული სამაჯური, რომელიც მერე ნანი ბრეგვაძეს აჩუქა 80 წლის რომ გახდა. ნანი ბრეგვაძეს რომ შევხვდი, ჩემი სამაჯური ვიცანი. ვაპირებ, კატალოგი გავაკეთო, სადაც იქნება ამ სამაჯურების ისტორიები – ვისთან როგორ მოხვდა ჩემი ნაკეთობა. სულ ვფიქრობდი, ნეტავ სად წაიღო უწმინდესმა ჩემი სამაჯური–მეთქი. ანიტა რაჭველიშვილმა მთხოვა, ქორწილისთვის „აბადოკი“...
– საბერძნეთის ეკლესიას ემორჩილებაო, თქვენზე ამბობენ...
– მოგიყვებით, როგორ მოვხვდი საბერძნეთში და ვინც ასეთ ამბებს ავრცელებს, იმედია, შერცხვება. აბასთუმნიდან მეუფე სერაფიმესთან გადავედი ბორჯომში და ნაქარგობებს ვაკეთებდი. იქ დავავადდი ავთვისებიანი სიმსივნით და ქიმიოთერაპია და მძიმე ოპერაცია დამჭირდა. ოპერაციის დროს ნეკნი მოტეხეს და რკინებით მაქვს გადაბმული. ჩემთვის დიდი დატვირთვა არ შეიძლება და ყველა გამოფენის მერე სასტიკი ტკივილები მაქვს. იმუნიტეტიც დაბალი და სხეულის ტემპერატურა ყოველდღე 37,5 მაქვს.
საპატრიარქოში მოილაპარაკეს, რომ საბერძნეთში წავსულიყავი ერთი წლით. მაშინ 31 წლის ვიყავი. შორენა თეთრუაშვილმა, პატრიარქის რეფერენტმა შემიყვანა პატრიარქთან, მოუყვა ჩემი დაავადების შესახებ და გადაწყვიტეს, რომ საბერძნეთში ერთი წლით სამკურნალოდ გამიშვებდნენ. შორენამ მთხოვა, ერთ წელში ჩამოდი აუცილებლადო. საბერძნეთში მათი ენა მალევე ვისწავლე და შემეძლო იქ უნივერსიტეტში მესწავლა. ერთ წელში ჩამოვედი და პატრიარქს ვთხოვე კურთხევა. გამიშვა და დავფრინავდი სიხარულით, რომ პატრიარქის კურთხევით წავედი სასწავლებლად. იქ ვისწავლე სოციოლოგიური ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე, კულტურული ანთროპოლოგიაა ჩემი განხრა. მე ჩემი ნებით არ წავსულვარ, საპატრიარქომ გამიშვა. თან, საქართველოს საპატრიარქოს ჩემთვის განტევების ფურცელი არ მოუცია. ჩემი განეიტრალება უნდოდათ ჩემივე განცხადებების გამო და ამიტომაც მივრცელებენ ასეთ ამბებს. ჩემი ნამუშევრებით შემოსული თანხით ბევრ ქველმოქმედებას ვეწეოდი, ახლაც ვეხმარები სტუდენტებს და სხვა ადამიანებს, თუმცა ახლა ჩემი ჯანმრთელობისთვის მეტი დამჭირდა. მოგეხსენებათ, მკურნალობა რა თანხებთანაა დაკავშირებული. დაზღვევაც არ მაქვს, ყველაფერს ჩემით ვაგვარებ და ამისთვის ბევრს ვმუშაობ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.