სიახლეები
პიროვნება

50 წლის ასაკში აღებული მართვის მოწმობა და მიზანდასახულობის ფორმულა წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსისგან
11-06-2019
-
+


წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლირა ღურწკაია, რომელიც სოფელ ჯგალში ცხოვრობს, დილაობით 7 საათზე დგება. ჯერ ლოცვას კითხულობს, მერე კი, მეუღლესთან ერთად  ცხვარ-ძროხას უვლის და სხვადასხვა სამუშაოს  ასრულებს, რის შემდეგაც სამსახურში მიდის. ავტომანქანის მართვა 50 წლის ასაკში ისწავლა. ამბობს, რომ ნებისმიერი მიზნის მისაღწევად მთავარი მონდომებაა.

– ძალიან კარგი და ლაღი ბავშვობა მქონდა. სკოლაში წარმატებული მოსწავლე ვიყავი და იმდენად კარგი მასწავლებლები მყავდა, რომ სწორედ მათი მიბაძვის გამო გამიჩნდა სურვილი, მასწავლებელი გავმხდარიყავი. როცა ასეთი სურვილი შენი შინაგანი სამყაროდან მოდის, აუცილებლად ისრულებ

– რითი იყვნენ თქვენი მასწავლებლები მისაბაძნი?

– ისინი არა მხოლოდ საგანს გვასწავლიდნენ, არამედ ცხოვრებაც გვასწავლეს. გვემეგობრებოდნენ, ახლოს იცნობდნენ ჩვენს შინაგან სამყაროს. ბავშვი ვიყავი, როცა ვიფიქრე, რომ აუცილებლად პედაგოგი უნდა გავმხდარიყავი და დღესაც, თავიდან რომ მქონდეს პროფესიის არჩევის საშუალება, ისევ პედაგოგობას ავირჩევდი. მაშინ თითზე ჩამოსათვლელი უმაღლესი სასწავლებლები იყო. მინდოდა, ჯავახიშვილის  უნივერსიტეტის სტუდენტი გავმხდარიყავი და ეს სურვილიც ავისრულე –  კიბერნეტიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, რომელიც 1995 წელს დავამთავრე. 

მე ხობის რაიონიდან ვარ, მაგრამ ჩემი ბედი წალენჯიხელ ადამიანს დავუკავშირე და წალენჯიხაში, ჯგალის სკოლაში დავიწყე მუშაობა მათემატიკის მასწავლებლად. მინდოდა, ზუსტად ისეთი მასწავლებელი ვყოფილიყავი, როგორებიც ჩემი პედაგოგები იყვნენ. მხოლოდ საგანი კი არა, მინდოდა, ბავშვებისთვის ჩემი პროფესია შემეყვარებინა და რაც შეიძლებოდა, მეტი პედაგოგი  აღმეზარდა. მართლაც, უამრავი წარმატებული პედაგოგი აღვზარდე. როცა ადამიანი რაღაცას დაისახავ მიზნად და ყველა ძალისხმევას მოიხმარ, იმას აუცილებლად მიაღწევ. 50 წელს გადავაბიჯე, მაგრამ დღემდე სიახლეების ძიებაში ვარ. გული ნამდვილად არ ბერდება. ჩემი მოსწავლეების უმრავლესობამ, რომლებმაც პედაგოგობა აირჩიეს, დამიწერეს, მინდა, მათემატიკის მასწავლებელი გამოვიდეო. უნდა უყვარდე შენს მოსწავლეს, რომ მოგბაძოს. 

– თქვენს ბავშვობაში ძირითადი გასართობი რა იყო? 

– ახლანდელი ბავშვები კომპიუტერის თაობა არიან, ძალიან მიჯაჭვულები გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე. თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან კარგია, მაგრამ ბავშვისთვის ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. ჩვენს ბავშვობაში ძირითადად სპორტის გაკვეთილებზე ვერთობოდით. მე პირადად ფრენბურთზეც დავდიოდი და ჩემი უბნის ბავშვებთან თამაში იყო ყველაზე სახალისო. ფიზიკურ–ვიზუალური ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან – მდინარეზე დავდიოდით, მასწავლებლობანას ვთამაშობდით, სხვადასხვა ეზოს თამაშებს – დაჭერობანა, დამალობანა... ექიმობანა არ მიყვარდა, მასწავლებლობანა მერჩივნა. 

ახლა ახალგაზრდებს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. იოტისოდენა შრომაც კი უფასდებათ, რაც ჩვენს ბავშვობაში ასე არ იყო. ჩვენი სამინისტრო მოტივაციას  უმაღლებს ბავშვებს. მაგალითად, „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ოქროსა და ვერცხლის მედლები, პედაგოგების ხელშეწყობა... 25 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს და ჩემი ბავშვობა და სტუდენტობაც ხომ მახსოვს, მაგრამ მსგავსი ხელშეწყობა, როგორიც ახლაა, არ ახსოვს პედაგოგიურ საზოგადოებას. სოციალური ფონი კი რთულია რეგიონში, მაგრამ პედაგოგებზე ეს ნამდვილად არ ითქმის. წამყვან და წარმატებულ პედაგოგებს, ჩემზე მეტი ხელფასი აქვთ. სკოლა მომავალი თაობების სამჭედლოა და არაფრით შეიძლება, შემთხვევით მოხვდეს იქ ვინმე მასწავლებელად. სწორედ აქეთ აიღო ორიენტაცია სამინისტრომ. 2013 წლიდან ვარ ამ თანამდებობაზე, არც ერთი სერტიფიცირებული პედაგოგი სკოლის მიღმა არ დარჩენილა. მანამდე ბევრი ასეთი არ მუშაობდა სკოლაში, რაც ძალიან ცუდი იყო. პედაგოგი, რომელსაც არ სურს პროფესიულად გაიზარდოს, ნამდვილად დატოვებს სკოლას. არჩევანის წინაშე დგანან – ან გაიზარდე პროფესიულად, ან დატოვე სკოლა. ეს ძალიან კარგია.

– ქალბატონო ლირა, ცოტა თქვენს ცხოვრებაზეც ვისაუბროთ... როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი, რომელმაც ხობიდან წალენჯიხაში წაგიყვანათ?



– სტუდენტობის პერიოდში გავიცანი ჩემი მეუღლე. ისიც  ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობდა და შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. მთელი ოთხი წელი გვქონდა რომანი, მერე ბედი ერთმანეთს  დავუკავშირეთ და არც შევმცდარვარ – ძალიან კარგი, ერთგული მეუღლე მყავს. ორი შვილი გვყავს – გოგო–ბიჭი, სტუდენტები არიან. ერთმა სამედიცინო აირჩია, მეორემ – სამართალმცოდნეობა და საზოგადოებრივი მეცნიერება. ლამაზი ოჯახი გვაქვს და ბედს ნამდვილად არ ვუჩივით. ჩემი მეუღლე პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ თავისი პროფესიით არ მუშაობს, შსს-ს თანამშრომელია – ბესიკ კვარაცხელია. 
წარმატებული ქალისთვის აუცილებელია მეორე ნახევრის გვერდით დგომა. ჩემი მეუღლე მაქსიმალურად მიწყობს ხელს.

მაგალითად, შეიძლება ღამის 2–3 საათზე სკოლაში ან სადმე ვარ წასასვლელი სასკოლო ცხოვრებიდან გამომდინარე, აუცილებლად მეტყვის, მე წაგიყვანო. არ არსებობს ჩვენს ურთიერთობაში „არ მცალია“ და „არ შემიძლია“.  თუ თვითონ ვერ ახერხებს ჩემთან ერთად წამოსვლას, ისეთ სიტუაციას მიქმნის, რომ იქ მოვხვდე, სადაც საჭირო ვარ. ასე იქცევიან ის ადამიანები,  რომლებიც ჯერ საკუთარ და მერე შენს პროფესიას სცემენ პატივს. ჩემი წარმატება სწორედ რომ ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რადგან მედგრად მიდგას გვერდით. სადაც სიყვარულია, იქ ყველანაირი დაბრკოლება დაძლევადია.

ადამიანის მთავარი ღირსება პატიოსნება, ზრდილობა და უფროსის მიმართ დიდი პატივისცემაა. ეს თვისებები დავინახე ჩემს მომავალ მეუღლეში, რაც საკმარისი იყო, ჩემი ბედი მისთვის დამეკავშირებინა. ჩემი დილა ლოცვით იწყება – მართლმადიდებელი მორწმუნე გახლავართ. ჩემთვის უპირველესია ოჯახი და შვილები. მინდა, ჩემი შვილები გამოადგნენ სამშობლოს სუფთა სინდისით და თავისუფალი გულით. 



– როგორი დიასახლისი ხართ?

– აბსოლუტურად ყველა საოჯახო საქმის კეთება მიყვარს და ყველაფერი გამომდის, თუმცა, არ ვიცი, მართლა გამომდის თუ ზედმეტად მაქებს ჩემი მეუღლე. რასაც გავაკეთებ, ყველაფერი მოსწონს და თუ სამეზობლოში რაიმე სუფრა მზადდება, ხმამაღლა ამბობს, ჩემს მეუღლეს გააკეთებინეთ ყველაფერი, რომ გემრიელი იყოსო. მეუბნება, რომ ყველაზე კარგი საცივი გამომდის.

–    როგორ ამზადებთ?

–    მსუქანი ინდაური უნდა მოხარშოთ და მერე შეწვათ, დაჭრათ... 1 კილო კარგი, თეთრი ნიგოზი დაფქვათ და ხელით დაამუშაოთ სრულ გათეთრებამდე. საცივისთვის სპეციალურად დამზადებული  სანელებელები უნდა დავამატოთ, რომელშიც შედის ხმელი ქინძი, წიწაკა, ჩვეულებრივი ნიორი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი... ასევე უნდა 1 თავი ხახვი და მწვანე ქინძი. ეს ყველაფერი უნდა შეზავდეს, გემოვნებით დავამატოთ მარილი და არაჩვეულებრივი საცივი გამოვა.

კარგი და ყოჩაღი ქალი ყველაფერს ასწრებს. პირველ რიგში, ქალი უნდა იყოს კარგი, მაგალითის მიმცემი დედა და მეუღლე. როცა ქალი კარგი დედა და მეუღლეა, ვერც პროფესიულ წინსვლაში გააჩერებს ვინმე და რამე. ყველაფერს ვასწრებ, ყველაფერი გამომდის და ამ ბოლო დროს მომღერლობაც ვცადე. ბავშვობაში მქონდა სურვილი, სცენაზე გამოვსულიყავი მომღერლის ამპლუაში. წელს, იანვარში  რაიონში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებისთვის  ვემზადებოდი და მუსიკის მასწავლებლებს მოვუყევი ჩემი ბავშვობის ოცნების შესახებ. მითხრეს, მოდი, ვცადოთო და ისეთი ლამაზი სიმღერა გამომივიდა... სცენაზეც გამოვიჭიმე და ვიმღერე კიდეც. ჩემს პედაგოგებს მივუძღვენი ჩემი ნამღერი. არადა, მანამდე არასდროს მიმღერია. „იაგუნდი“ ვიმღერე სხვა პედაგოგებთან ერთად. რეპეტიციებში მთელი ძალისხმევით ჩავერთე. 

– სოფლიდან რესურსცენტრამდე დიდი მანძილის გავლა გიწევთ?

ჯგალიდან რაიონის ცენტრამდე დაახლოებით 4 კილომეტრის გავლა მიწევს. 50 წლის ასაკში ავიღე მართვის მოწმობა და ახლა მანქანით დავდივარ სამსახურამდე. ანუ, მთავარია, მოინდომო, მიზანი სწორად დაისახო და ყველაფერს მიაღწევ ადამიანი. 
სოფელში ცხვარიც გვყავს, ძროხაც, ფრინველიც... დამხმარე მყავს, მაგრამ ძირითადად ყველაფერს მე ვაკეთებ. ყველის ამოყვანაც ვიცი, გებჟალიას გაკეთებაც... დილით რომ ვდგებით, მეც და ჩემმა ქმარმაც ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ სამსახურში წასვლამდე. თუ იმ პერიოდში, მაგალითად მეზობელი შემოვიდა რაღაცის სათხოვნელად... ჩვენი საქმის 5-წუთიანი შეწყვეტაც, კალაპოტიდან გვაგდებს. ოჯახი რომ შევქმენი, მერე ვისწავლე ყველა საქმე. ვაკვირდებოდი ჩემს დედამთილს და ისე ავითვისე ყველაფერი. სახლის ეზოში უამრავი ვარდი მაქვს. ლოცვის მერე ვარდებისა და მცენარეების მოფერებაა ჩემი თერაპია. ბოსტანი გვაქვს, სადაც კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, მწვანილეული მოგვყავს.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება