სიახლეები
ინტერვიუ

გურამ ოდიშარიას სოხუმური ბავშვობა და ცეცხლში ჩაყრილი პირველი ქანდაკებები
16-06-2019
-
+


მწერალი, კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. აფხაზეთის ომის დროს, ჭუბერის უღელტეხილზე გადმოსვლისას, პირველი მასწავლებლის მიერ ნაყიდი ფოტოალბომი, რომელშიც ბავშვობის ფოტოები ედო, სვანეთში დატოვა... დღემდე ბავშვობის განცდებით ცხოვრობს და ამბობს, რომ როცა გაუჭირდება, რობინზონ კრუზოს სისტემით ცხოვრებას იწყებს...

– ჩემი მშობლიური ქალაქი სოხუმია. იქ ვისწავლე სიარულიც და იმავე დროს ცურვაც. რომ ამბობენ ხოლმე, „ტრუსიკის“ მეგობრებიო, ისე მყავს მე ცურვის მეგობრები.  ანუ იმ ბავშვებთან ერთად შევიცანი ზღვა. ეს არის თვალუწვდენელი სივრცე, რომელიც არ მთავრდება. მზერა არაფერზე შეგიჩერდება, თუ გემი ან ნავი არ მოცურავს. ამიტომაც, ზღვა რომანტიკით გავსებს. ბავშვი ხარ, ჯერ კიდევ არ იცი, რა არის რომანტიკა, მაგრამ შეიგრძნობ. სოხუმი ულამაზესი ქალაქია. იქ მზე ირეკლება ზღვაზე და მწვანე ფერი ბევრად უფრო მწვანე ჩანს, ვიდრე სხვაგან. წითელიც ბევრად უფრო წითელია და ადამიანებიც უფრო ფერადები არიან, ვიდრე იქ, სადაც უფრო მოღუშულია ბუნება. ვან გოგმა რაც ჰოლანდიაში დახატა, ის უფრო მეტად იყო ჩამუქებული... ხმელთაშუა ზღვა რომ ნახა, მას მერე მის ნახატებში გადმოდის სინათლე მზესუმზირებიდან, ყვავილებიდან, მთიდან, ზღვიდან... ფერებიც უფრო მკვეთრი და მჭახეა.

სოხუმი მრავალეროვანი ქალაქი იყო. დღეს ასე აღარ არის, რადგან ომის მერე, ქართველების გარდა, სხვა ბევრი ერიც გაიკრიფა იქიდან. არადა, ჩვენ როცა ერთმანეთში ვსაუბრობდით, რთული იყო იმის გარჩევა, ვინ იყო ქართველი, აფხაზი, ბერძენი თუ სხვა.



მამაჩემი სამხედრო პირი იყო, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავდათ ხოლმე სამუშაოდ. მიცხოვრია, ბათუმში, ბაღდათში, საიდანაც მაინც ხშირად დავდიოდით სოხუმში. მოგზაურობა დღემდე ძალიან მიყვარს. პატარა მიზეზი თუ მაქვს, ვმოგზაურობ.

–  და, როგორც ვიცით, სოხუმშიც ჩადიხართ...

–   დიახ, ხანდახან ჩავდივარ 2–3 წელიწადში ერთხელ და ბავშვობის მეგობარ აფხაზებს ვხვდები. მათაც ძალიან უხარიათ ჩემი დანახვა. ბავშვობა კიდევ ერთი სამშობლოა ჩვენთვის, სულ სხვა სამყარო, სხვა პლანეტა და ბავშვობის მეგობრებთან სხვაგვარი ურთიერთობა გაქვს. სოხუმში გრძნობ, როგორი საშინელებაა ომი. ამ ლამაზი ქალაქის ფონზე ეს კიდევ უფრო მძაფრად ჩანს.

–  აფხაზი კლასელებიც გყავდათ?

–   მე დავამთავრე სოხუმის პირველი საშუალო სკოლა. ეს ქართული სკოლა იყო, მაგრამ იქვე მდებარეობდა  აფხაზური სკოლა – მე–10 საშუალო. ჩემს ახალ წიგნშიც აღვწერე  რამდენიმე ფრაგმენტი სკოლის ცხოვრებიდან. ერთი ასაკის ადამიანები თანაკლასელები გავხდით, ერთმანეთს ვეცნობოდით და ხასიათების მიხედვით ირჩევდი მეგობრებს. აფხაზურ, სომხურ თუ რუსული სკოლის ბავშვებს სპორტულ მეჯიბრებებზე ვხვდებოდით, როცა სკოლა სკოლას ეჯიბრებოდა. ერთმანეთის მეგობრებს ჩვენს მეგობრებს ვაცნობდით და ყველა ყველას ვიცნობდით, რადგან სოხუმი არ არის დიდი ქალაქი. თუ ჩვენს რომელიმე მეგობარს რაიმე ეშლებოდა და ვინმეს ცუდად ექცეოდა, მაშინვე ვეუბნებოდით, ასე არ შეიძლებაო.

–   ცელქი ბავშვი იყავით?

–   მოუსვენარი ბავშვი ვიყავი  – სულ რაღაცას ვაკეთებდი... დედაჩემი დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო და  5 წლის ასაკში უკვე ვკითხულობდი, ვანგარიშობდი... დედა პროფესიით იყო პედაგოგი, მაგრამ არ მუშაობდა, მხოლოდ მე, ერთი მოსწავლე ვყავდი. მთელი ძალისხმევა ჩემზე დახარჯა და 5 წლისამ უკვე ყველაფერი ვიცოდი. მესამე კლასში ვიყავი, როცა დავიწყე ისეთი წიგნების კითხვა, როგორიც არის ჰიუგოს „კაცი, რომელიც იცინის“. გავწვალდი, მაგრამ ბოლომდე ჩავიკითხე. 

–   საყვარელი წიგნი გქონდათ ბავშვობაში?

–    დიახ, ჩემი საყვარელი წიგნი იყო „რობინზონ კრუზოს თავგადასავალი“. თავიდან გადავიკითხავდი ხოლმე, როდესაც ავად ვხდებოდი. როგორ გაძლო მარტო, როგორ ააგო სახლი, როგორ გაანაწილა იარაღი... ეს მაგალითი რაღაცნაირ ძალას მაძლევდა და მთელი ცხოვრება სწორედ რობინზონ კრუზო მაძლევს ძალას. ომის შემდეგ უღელტეხილიც გადმოვიარე ფეხით... როცა მიჭირს, რობინზონ კრუზოს სისტემით ცხოვრებას ვიწყებ – დაფიქრებულად, გააზრებულად...

ჯერ სკოლაში არ დავდიოდი, პლასტელინით რომ ვძერწავდი ხოლმე ფიგურებს. ოთახში ყველაფერს ვთხუპნიდი.  დედაჩემი მეხვეწებოდა, ასე ნუ იქცევიო, მაგრამ... მერე, ერთ დღესაც ძალიან გაბრაზდა, მოკრიფა ჩემი პლასტელინის ქანდაკებები და ღუმელში ჩაუძახა. ბევრი ვიტირე... დედაჩემმა ვერ გაითვალისწინა, რომ ის პლასტელინი გადნებოდა და საშინელი ოხშივარი დადგებოდა. დამდნარი მასა ძირს ეცემოდა, ცეცხლი წაეკიდა იატაკს და კინაღამ სახლი გადაგვეწვა. ამის გამო სიცილი ამიტყდა...

მე–5 კლასის მერე შედარებით დინჯი გავხდი, რადგან ხატვა დავიწყე და პირველად ჩემი ნახატები დაიბეჭდა ჟურნალ „პიონერში“, რომელიც მაშინ გამოდიოდა. მე–9 კლასში ვიყავი, ჩემი ლექსები რომ დაიბეჭდა და ყველა მაქებდა. მაშინ კედლის გაზეთებს ვაკეთებდით. მე ვიყავი კედლის გაზეთის რედაქტორი, ვაფორმებდი, ვწერდი... ბავშვებში ავტორიტეტით ვსარგებლობდი – ყველა ხომ არ ხატავდა და წერდა ლექსებს?! როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, სოხუმში საოლქო გაზეთის კორესპონდენტიც ვიყავი.

სოხუმში, პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი სტუდენტობისას გამოვიდა ჩემი ლექსების პირველი წიგნი. სწორედ ჩემი ბავშვობა მეხმარებოდა ლექსების წერაში. სოხუმი თავისებური ქალაქია. სათავგადასავლო ლიტერატურას რომ ვკითხულობდით, ტყე–ღრეში დავდიოდით და ფაქტობრივად ვახორციელებდით იქ აღწერილ ამბებს. ფეხბურთს, ჰოკეის ვთამაშობდით.. ჰოკეის ასფალტზე, ბურთით ვთამაშობდით.  ჩემს ლექსებში ყოველთვის ვცდილობდი, სოხუმის სინათლე გადმომეცა... ჩემი ლექსები რითმიანი არ იყო. თავისებური ფორმის ლექსებს ვქმნიდი, რომელსაც მუდამ მკარნახობდა ჩემი ბავშვობის დროინდელი სოხუმი. ახლა პროზაზე ვარ გადასული, რომანებს ვწერ და იქაური ზღვისა და ბუნების ენერგეტიკა ახლა პროზაულ ნაწარმოებებში გადამაქვს.

–  რომელიმე მასწავლებელმა თუ მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე გავლენა?

–   დაწყებითი კლასების პედაგოგი, ეფემია მასწავლებელი მახსოვს ძალიან თბილად, რომელმაც დაბადების დღეზე ფოტოალბომი მაჩუქა. ის ალბომი მანამდე მქონდა, სანამ სოხუმი არ დავტოვეთ. მახსოვს, მანქანაში ჩავდე ის ალბომი, მაგრამ უღელტეხილით გადმოვედით, იქ სვანეთის მთებში დავტოვეთ მანქანა და იქ დარჩა ის ალბომიც. თბილისში ბევრი ნათესავი მყავდა, რომლებმაც შეინახეს ჩემი ბავშვობის ფოტოები, თორემ სოხუმიდან არაფერი წამოგვიღია. ჩემი ბავშვობის ნაწილი თბილისში მაქვს გატარებული. ბიძაჩემი, რომელიც ცნობილი სამხედრო პოლკოვნიკი იყო, მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ჩვენს ნათესაობაში ყველაზე წარმატებული კაცი ყოფილა. მამაჩემმა და ბიცოლაჩემმა მისი სახელი დამარქვეს. ბიცოლას, რომელიც თბილისელი ქალი იყო, განსაკუთრებით ვუყვარდი და არდადეგებზე სულ მასთან ვიყავი. ლუნაჩარსკის ქუჩაზე ცხოვრობდა, ოპერის გვერდით და მესმოდა, როგორ ამუშავებდნენ იქ ხმებს, როგორ ემზადებოდნენ სპექტაკლისთვის... ამ ბიცოლამ შემომინახა ბავშვობის ფოტოები.

ქართულ ენასა და ლიტერატურას სერგო მურუსიძე გვასწავლიდა, ძალიან ღირსეული კაცი, მაგალითი იყო, როგორ უნდა ელაპარაკო ადამიანებს. ის ბავშვებს ხანდახან თქვენობითაც ელაპარაკებოდა, რითაც ხაზს უსვამდა, რომ  ბავშვი უკვე პიროვნებაა. გრძნობდი, რომ პატარა კი არა, უკვე დიდი იყავი. ისტორიას გვარად ლაბარტყავა გვასწავლიდა და ისიც ძალიან მომწონდა. გვყავდა მასწავლებლები,  რომლებიც დიდად არ მოგვწონდა. ვინც მაგალითი იყო ჩვენთვის და მოგვწონდა, ვცდილობდით, მათსავით მოვქცეულიყავით სხვადასხვა სიტუაციაში.

სკოლა  ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფორმირებაში და ჩემი ნება რომ იყოს, ყველაზე დიდ ხელფასს მასწავლებლებს დავუნიშნავდი, რომ მათ მთელი სული და გული ჩადონ ბავშვებთან ურთიერთობაში. მათ უნდა ჰქონდეთ, უპირველეს ყოვლისა, ყველა პირობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

იმუშავებს თუ არა ელექტრონული ჟურნალი უქმე დღეებში, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

სიახლეები
საზოგადოება