ახალციხის ციხე ტურისტული მარშრუტების შინაარსობრივ გამრავალფეროვნებაზე ზრუნავს
20-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის ციხე ტურისტული მარშრუტების შინაარსობლივ გამრავალფეროვნებაზე აქტიურად ზრუნავს.
ჯავახურ-მესხური საცხოვრისებით დაინტერესებამ და სამომავლო მიზნებმა ადმინისტრაციის წარმომადგენლები სოფელ ჭაჭკარში, იგივე ჭაჭის კარში მიიყვანა...
სოფელ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2015 წლის დეკემბერში მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ჭაჭკარს ტურისტები ხშირად სტუმრობენ, თანამედროვეობის ხელი აქაურობას ჯერ კიდევ არ შეხებია...
სოფელში მოსულ დამთვალიერებლებს განსაკუთრებით კლდეში ნაკვეთი საცხოვრისები, მესხური დარბაზები, მიწა-ბანიანი სახლები, ტერასული ტიპის ვენახები და გამოქვაბულებში მოწყობილი, ქვაში ნაკვეთი საწნახელები მოსწონთ.
აღსანიშნავია XI-XII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ტერიტორიაზე გავრცელებული, უკვე გაველურებული შვიდამდე მესხური სახეობის ვაზის ჯიში, რომელთაგან ერთი, უძველესი, - „ცხენის ძუძუ თეთრი“ დაახლოებით 400 წელს ითვლის და ჯერ კიდევ მსხმოიარეა.
სოფელში ყველაზე მეტი მოსახლე, ისტორიული ცნობების მიხედვით, XI-XII საუკუნეებში ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც ვარძია საერო და სასულიერო პირებისათვის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. ამჟამად აქ ორადორ ოჯახს შეხვდებით, მიტოვებული სოფლის მუდმივი ბინადრები სიამოვნებით ითავსებენ გიდის/ექსკურსიამძღოლის ფუნქციას და სიამაყით მოუთხრობენ დამთვალიერებლებს პატარა სოფელზე, რომელიც საუკუნეების წინ დიდებული ვარძიის ძლიერ საყრდენს წარმოადგენდა.
ამბობენ, რომ ჭაჭკარსა და ვარძიას საიდუმლო გვირაბი აკავშირებდათ, რომლის მეშვეობითაც, ციხე-ქალაქი ღვინითა და პროდუქტით მარაგდებოდა. მოწეული ყურძენი სოფელშივე, კლდეში ნაკვეთ საწნახელებში იწურებოდა, შემდეგ კი ღვინით სავსე ტიკები სახედრებით ვარძიაში გაჰქონდათ და იქაურ ქვევრებში ასხამდნენ.
ჭაჭკარის ინფრასტრუქტურულად განვითარებაში მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს ხედავს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი: „აქ მიწური ჯავახურ-მესხური საცხოვრისებია. ნაწილი კლდეში გამოქვაბულია, ნაწილი კი მიშენებულია ქვებით. თანაც რამდენიმე იარუსად არის განლაგებული. თუ დროზე არ მივეშველებით ჩამოინგრევა. „მერცხლურ გადახურვას“ რომ ვეძახით, იგივე ფორმის მესხური დარბაზი აქ კლდეშია გამოსახული. ერთ-ერთი უნიკალური დარბაზია, რომელიც ამ კუთხეშია შემორჩენილი და შეიძლება ესეც დაგვეკარგოს. არა მხოლოდ ტურიზმის კუთხით უნდა ვიფიქროთ, არამედ ხალხი უნდა დავაბრუნოთ მამა-პაპისეულ კერაზე“.