მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა.
აღნიშნულის შესახებ დღეს უწყებაში განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ბრიფინგი ჩაატარა.
მისი თქმით, VII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მინისტრის 2018 წლის ბრძანების საფუძველზე მნიშვნელოვანი სიახლეებით წარიმართა.
„მიმდინარე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე (და არა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრებაზე), ასევე საგანთშორისი კავშირების გაძლიერებაზე, ცოდნათა ორგანიზებასა და ურთიერთდაკავშირებაზე. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად და ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად გამოცხადდა სახელმძღვანელოების კონკურსი VII კლასისთვის (ასევე დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისთვის, სადაც შარშან ვერ შეირჩა სახელმძღვანელოები), ამდენად, აქცენტები გაკეთდა სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფაზე.
პირველ რიგში, უფრო მეტი დრო მიეცათ გამომცემლებს სახელმძღვანელოების წერისთვის - მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი; გარდა ამისა, მეტი დრო დაიხარჯა თავად ავტორების მომზადებაზეც: სახელმძღვანელოების ავტორებისთვის ჩატარდა საგნობრივი კონსულტაციები, რომლებიც უკავშირდება თავად საგნის სტანდარტის გააზრებას, ასევე შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებას; ასევე ჩატარდა თემატური სემინარები/სამუშაო შეხვედრები - რაშიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები.
სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.
სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით“,-აღნიშნა აბულაძემ.
გრიფირების პროცესში 14 საგანზე 75 განაცხადი გაკეთდა:
• პირველი ეტაპი გადალახა 73-მა განაცხადმა; ხარვეზი ორ განაცხადს დაუდგინდა, რაც არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში და, შესაბამისად, გრიფირების შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა.
• რეცენზირების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ანონიმურობის დარღვევის გამო, შემდეგ ეტაპზე კიდევ ორი განაცხადი ვერ გადავიდა.
• ხოლო შინაარსობრივი და/ან ტექნიკური ხარვეზების განუხორციელებლობისა და კომისიისათვის მიუმართაობის გამო, გრიფირების პროცესს დამატებით კიდევ ექვსი განაცხადი გამოეთიშა.
ჯამში, გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა.
ახალი სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.
„სამინისტრომ უკვე დაიწყო დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2018-2019 წლების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლინდა სახელმძღვანელოები, რომლებიც მიუახლოვდნენ ან გადალახეს მინიმალური ზღვარი, მაგრამ ტექნიკური თუ სხვა ხარვეზების არსებობის გამო გრიფი ვერ მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინტელექტუალური რესურსი არ დაიკარგოს საგანმანათლებლო სისტემისთვის და ხელმისაწვდომი იყოს პედაგოგებისთვის, რაც სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამ მიზნითაც უახლოეს პერიოდში სამინისტრო დაიწყებს კონსულტაციებს გამომცემლებთან და საავტორო ჯგუფებთან“,-განაცხადა აბულაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...