გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ განახორციელეს
12-07-2019
დაკოპირებულია
-
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, გომბორის საჯარო სკოლაში პროექტი „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ექვსი ძირითადი ღონისძიება:
1. საინფორმაციო კამპანია; 2. აქცია; 3. საინტერესო სტუმარი; 4. სისხლის ჩაბარება; 5. საქველმოქმედო აქცია; 6. ბანერის დამზადება;
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის საწყის ეტაპზე მეათეკლასელებმა დაგეგმეს საინფორმაციო კამპანია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თემაზე. დაამზადეს ფლაერები და გაავრცელეს სოფელში. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მოცემულ თემასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობის, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ. აქციის დასრულების შემდეგ პლაკატები გამოაკრეს სოფლის ხალხმრავალ ადგილას.
საინტერესო სტუმრის მოწვევასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ითანამშრომლეს საგარეჯოს წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ორგანიზაციასთან. სკოლაში ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ და ჩაატარეს ტრენინგი პირველადი დახმარების წესებზე.
პროექტის შემდეგ ეტაპზე მეათეკლასელებმა სკოლის დირექტორის დახმარებით მოაწყვეს გასვლითი ღონისძიება, რომელზეც მსურველთა ჯგუფმა ჩააბარა სისხლი.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს სოფელში ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებსაც უჭირთ ჯანმრთელობის სრულყოფილად დაცვა, შემდეგი ღონისძიება მიეძღვნა მათი მედიკამენტებითა და ჯანსაღი პროდუქტებით მომარაგებას. საქველმოქმედო აქციისთვის საჭირო ნივთების შესაძენად მოსწავლეებმა მოაწყვეს ტკბილეულის ბაზრობა.
პროექტის დასასრულს მეათეკლასელებმა დაამზადეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექსტის მქონე ბანერი წარწერით - „ნუ იჩქარებ საიმისოდ, რომ ღმერთს შენი ან, თუნდაც, სხვისი ნასესხები სიცოცხლე, რაც შეიძლება მალე ჩააბარო“.
მოსწავლეებმა ბანერი გომბორის გზატკეცილის ყველაზე სახიფათო ადგილას განათავსეს.