TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს კონდენციონერმა - პედიატრის რჩევები
14-07-2019
-
+


ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილების ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება კონდენციონერი გახლავთ, რომელსაც, თუ სწორად არ მოვიხმართ, შეიძლება სარგებელზე მეტი ზიანი მოგვიტანოს.

როგორია კონდენციონერის მოხმარების სწორი წესი, როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ და რა შეიძლება დაემართოს პატარას ზაფხულის სიცხეში გადახურებისგან? ამ კითხვებზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა.

- მაღალი ტემპერატურა, რასაკვირველია, ბავშვზე გავლენას ახდენს და სასურველია, გარემო ტემპერატურა იყოს შესაბამისი იმისთვის, რომ ბავშვმა ნორმალურად დაიძინოს, ნორმალურად მიიღოს საკვები და მისი აქტიურობაც შესაბამისი იყოს. ამისათვის კი, არც მაღალი ტემპერატურაა მისაღები და არც დაბალი. ტემპერატურა ფიზიოლოგიურ ნორმას უნდა შეესაბამებოდეს.

- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?

- ფიზიოლოგიური ნორმა ბავშვისთვის გახლავთ 22-24 გრადუსი და აქტივობისა და ძილის პერიოდში კიდევ უფრო დაბალი - 20-21 გრადუსი. როდესაც ძალიან მაღალია გარემო ტემპერატურა, რასაკვირველია, მიზანშეწონილია, სახლში გამოვიყენოთ კონდენციონერი, თუმცა მას აქვს გამოყენების სწორი და არასწორი წესები, რომ არ დააზიანოს ბავშვის ჯანმრთელობა.

- კონდენციონერის სწორად გამოყენებაში მხოლოდ ტემპერატურის დარეგულირება იგულისხმება?

- სწორად გამოყენებაში ტემპერატურის რეგულაცია და კიდევ სხვა დეტალებიც იგულისხმება. ოთახის და გარემოს ტემპერატურას შორის მხოლოდ 10 გრადუსიანი სხვაობა შეიძლება იყოს. თუ გარემოში 35-37 გრადუსია, მიზანშეწონილია, შენობაში იყოს დაახლოებით 28 გრადუსი. გარეთ გასვლისას ან გარედან შიგნით შემოსვლისას თუ უფრო დიდი სხვაობაა, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ოფლიანი შემოვიდეს ბავშვი გარედან და გაცივდეს. ასევე, შიგნიდან გარეთ გასვლის გამოც შეექმნას პრობლემა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქიტი, ანგინა, ფილტვის ანთება და ა.შ. საკმაოდ ხშირია ასეთი შემთხვევები. სავარაუდოდ, მთელ სახლში არავის აქვს კონდინციონერი და როცა ბავშვი გარედან შეგყავთ, ჯერ სხვა ოთახში გააჩერეთ, რომ შეაშრეს ოფლი და შეეჩვიოს ტემპერატურას. ასევე, სანამ გაიყვანთ გარეთ, უნდა გათიშოთ კონდენციონერი და კარი გააღოთ, რომ მოხდეს შეგუება ტემპერატურებს შორის. მკვეთრი ცვლილება საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახლში არ უნდა იყოს კონდენციონერი. ეს წესი ყველასთვის ერთია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი უფრო რთულად ახერხებს შეეგუოს ტემპერატურულ ცვალებადობას. მოზრდილი ამას შედარებით უკეთ ეგუება, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არავისთვის სასარგებლო არ არის.

კონდენციონერი აუცილებელია, რადგან როდესაც მაღალი ტემპერატურა, 35 გრადუსი და მეტი, ბავშვის ორგანიზმის გადახურებას იწვევს. თან, თუ ბავშვს ამ ტემპერატურასთან შეუსაბამოდ აცვია. დედას თუ სცხელა, უნდა მიხვდეს, რომ ბავშვსაც სცხელა და პირიქით, თუ მას სცივა, ესე იგი, ბავშვსაც სცივა.

სწორი ტემპერატურული რეჟიმი აუცილებელია ბავშვის ძილისა და განვითარებისათვის, მაგრამ კონდენციონერს მავნე გავლენებიც ახასიათებს. მაგალითად, ლორწოვანი გარსების გამოშრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გადაცივება, სუნთქვის გაუარესება... ლორწოვანი გარსების გამოშრობა იწვევს სუნთქვის გაუარესებას, ხველას, ძილის დარღვევას და ა.შ. ამიტომ, როდესაც სიცხეა და სახლში კონდენციონერია ჩართული, ყველას ვურჩევ, გაითვალისწინონ, რომ პირდაპირ არ უბერავდეს ბავშვს და ახლოს არ იყოს  მასთან.

- ლორწოვანი გარსების გამოშრობის თავიდან აცილება შესაძლებელია?

- დიახ, ამ დროს შესაძლებელია ცხვირის წვეთების გამოყენება, რომ არ მოხდეს ცხვირის ლორწოვანის გამოშრობა. ასევე, დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს ბავშვმა. ეს უნდა იყოს უფრო მეტი სითხე, ვიდრე კონდენციონერი რომ არ იყოს, მაშინ მიიღებდა. ასევე, სახლში, სადაც კონდენციონერია, ბუნებრივი აერაცია უნდა იყოს. მაქსიმუმ 4 საათი შეიძლება ბავშვის კონდენციონერიან ოთახში ყოფნა. ამის შემდეგ უნდა გაიყვანოთ გარეთ, ბუნებრივ ტემპერატურაზე 1-2 საათით, მერე ისევ შეიძლება უკან დაბრუნება და ა.შ.

რაც შეეხება ღამის პერიოდს, სასურველია, არ იყოს კონდენციონერი ამ დროს ჩართული, მაგრამ თუ მაინც არის ამის აუცილებლობა, როცა ძალიან ცხელა, სასურველია, 21-22 გრადუსი იყოს ოთახში ტემპერატურა. ასევე, სასურველია, ასეთ ვითარებაში ბავშვი იყოს ჩაცმული, რომ გადახდის შემთხვევაში, არ გაცივდეს.

მნიშვნელოვანია, რომ პერიოდულად მოხდეს კონდენციონერის გაწმენდა. მისი საშუალებით ხდება გარედან შემოსული ჰაერის გაწმენდა. ანუ მტვრისგან და ბაქტერიებისგან იწმინდება ჰაერი და ეს გარკვეულწილად სასურველიცაა, რადგან სუფთავდება ჰაერი, მაგრამ თუ კონდინციონერის ფილტრების გასუფთავება არ ხდება, ის შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო და სოკო, სხვადასხვა ტკიპები, ბაქტერიები, ვირუსები და ტუბერკულიოზის ჩხირიც კი მოხვდეს სახლში და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში. ამ ფილტრების გასუფთავების შესახებ კონდენციონერის მოხმარების რეგულაციასაც აწერია. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ახალი სეზონის დაწყების წინ, აუცილებელია ამ ფილტრების გაწმენდა. ასე რომ, ახალშობილ ბავშვთანაც შეგვიძლია მოვიხმაროთ კონდენციონერი, მაგრამ სწორად.

- თუ კონდენციონერი არ აქვს ოჯახს, რა მოიმოქმედოს, რა საშუალებით გააგრილოს ბავშვი ზაფხულის სიცხეში?

- ეს შეიძლება აბაზანების მიღებით, სეზონის შესაფერისი ჩაცმით, დიდი რაოდენობით სითხის მიღებით... სხვაგვარად ვერ გავაგრილებთ. შეიძლება ასევე მარაოს თუ „ვენტილიატორის“ გამოყენება, მაგრამ ეს ჰაერი ბავშვს არ უნდა უბერავდეს. ბავშვის მზეზე ყოფნა კი მხოლოდ ამომავალი და ჩამავალი მზის პერიოდში შეიძლება. ზამთრის პერიოდში უფრო ხანგრძლივად შეიძლება მზეზე ყოფნა, მაგრამ ზაფხულში, მაქსიმუმ დილის 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება