თანამედროვე პედაგოგის ეს პროფესიული უნარები საგანმანათლებლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული არ არის.გთავაზობთ თანამედროვე მასწავლებლის ტოპ 7 პროფესიულ უნარს.
სწავლის პროცესში კომფორტული ფსიქოლოგიური გარემოს შექნის უნარი
კომფორტული გარემო მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნის, ურთიერთობის აწყობის და ურთიერთგაგების საშუალებას იძლევა.
მასწავლებელს უნდა შეეძლოს საგანმანათლებლო პროცესის ისე ორგანიზება, რომ მოზარდმა თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი, არ ეშინოდეს პროტესტის და კამათის, მასწავლებელი კი უსმენდეს, პატივისცემით ეპყრობოდეს და არ დაუშვას თავხედობა. პედაგოგს უნდა შეეძლოს დისციპლინის დამყარება ისე რომ ბავშვის მეგობრად დარჩეს.
გაკვეთილის ორგანიზების უნარი ისე, რომ სასწავლო პროცესში მთელი კლასი იყოს ჩართული
მასწავლებელს უნდა შეეძლოს საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, იმ ინსტრუმენტებით (სტანდარტული ან ინტერაქტიული დაფები, კარადები, მერხები და ა.შ.), რომლებსაც სკოლა უზრუნველყოფს - მაგრამ არა მხოლოდ ეს. მან აუცილებლობის შემთხევაში სკოლაში რაღაც ახალი უნდა მიიტანოს და აუციელებელი არ არის ეს იყოს ახალი ინსტრუმენტი. ეს შესაძლოა იყოს, მაგალითად, ახალი მეთოდიკა ან ტექნოლოგიები, ტრადიციული საშუალებების გამოყენების შესახებ ახალი ხედვა.
ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც ბავშვისთვის სწავლა საინტერესო იქნება, პედაგოგმა ნათლად უნდა იცოდეს, რა მიზნით ატარებს გაკვეთილს ან ორგანიზებას უკეთებს კლასგარეშე ღონისძიებას, ისევე როგორც რა მიზნით და რისთვის გამოიყენებს ამა თუ იმ ინსტრუმენტს.
სტრატეგიული დაგეგმვის უნარი, სწავლების მეთოდების შერჩევა და გაკვეთილისთვის მასალების შექმნა
პედაგოგის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა - კლასთან სამუშაოდ სწორი სტრატეგიის და ტაქტიკის განსაზღვრა. მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს სასწავლო მასალა ისეთი სახით, რომ თითოეულ მოსწავლეს, მისი შესაძლებლობებიდან დამოუკიდებლად, შეეძლოს გაკვეთილის თემაში გარკვევა. ცოდნა, როგორ გააკეთო ისე, რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვი დააინტერესო, - კარგი მასწავლებლის უნარია.
საგნის მასალის გარდა, პედაგოგი განსაზღვრავს, თუ რა სტრატეგიას გამოიყენებს გაკვეთილის პროცესში: სათამაშო ტექნოლოგიებს, ბუნებაში გასვლას, ექსპერიმენტებს, მხატვრული ნაწარმოების შესწავლას, შემდეგ კი თეატრში მისი სიუჟეტის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ნახვას და ა.შ. პედაგოგი ირჩევს სტრატეგიას, არა მხოლოდ საკუთარი ცოდნიდან, კომპეტენციიდან ან შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ იმის გათვალისწინებით, მასალის მიწოდების როგორ ხერხს აღიქვამენ მისი მოსწავლეები უკეთ.
კლასის ატმოსფეროს შეგრძნების უნარი
პედაგოგისთვის აუცილებელია ისწავლოს ბავშვების გუნება-განწყობის, მათი ინტერესების, მოთხოვნების, სწავლისადმი განწყობის განსაზღვრა. ეს არ ნიშნავს, რომ მათი სოციალური ქსელების გვერდს ვადევნოთ თვალი ან მოვაწყოთ კრება და მოსწავლეებს კითხვები დავუსვათ. მასწავლებელი, რომელსაც აღნიშნული უნარი აქვთ, ინფორმაციას მოსწავლესთან ურთიერთობისას იღებს და იყენებს ცოდნას ფსიქოლოგიის დარგიდან.
თუ ცოდნა არასაკმარისია, მასწავლებელს ყოველთვის შეუძლია რჩევისთვის სკოლის ფსიქოლოგს მიმართოს. თანდათანობით პედაგოგი თავს კოლეგის დახმარების გარეშეც გაართმევს.
საგანმანათლებლო პროცესის ყველა მონაწილესთან კომუნიკაციების დამყარების უნარი
ფსიქოლოგიის ცოდნა და კომუნიკაციის უნარები გამოსადეგია არა მხოლოდ მოსწავლეებთან არამედ მათ მშობლებთან. პედაგოგმა უნდა იცოდეს, როგორ განიხილოს ბავშვის პრობლემები და მიიღოს გადაწყვეტილებები, მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით. მშობლებთან ურთიერთობისას ისევე როგორც კლასში ბავშვებთან ურთიერთობისას, მნიშვნელოვანია დისციპლინა. ცოდნა პედაგოგიკიდან, სოციოლოგიიდან, ფსიქოლოგიიდან.
იმისთვის რომ მშობლებთან ურთიერთობა იყოს ეფექტური, უნდა გაერკვეთ რატომ გაუჩნდა ბავშვის ესა თუ ის პრობლემა, გაიგოთ მშობლის აზრი ამის შესახებ, რის შემდეგაც უნდა გამოთქვათ საკუთარი ვარაუდები და მშობლებს პრობლემის გადაწყვეტის გზები შესთავაზოთ.
გარდა მშობლებთან ურთიერთობისა, აუცილებელია სხვა მასწავლებლებთან და სკოლის თანამშრომლებთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია კოლეგების გაკვეთილებზე დასწრება, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება, ერთობლივი მეცადინეობების ჩატარება და ა.შ. ურთიერთდახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
პროფესიული იმიჯი, მათ შორის გარეგნული
პროფესიონალი დილეტანტისგან განირჩევა, მათ შორის, პროფესიული ეთიკის დაცვით. არაფერი ისე არ წარმოაჩენს მას, როგორც პედაგოგის საუბარი და მისი გარეგნული იერსახე.
ჩვენთან მასწავლებლის ჩაცმულობას სკოლების შინაგანაწესები არეგულირებს, სადაც წერია, რომ მათ „შესაფერისად“ უნდა ეცვათ. სხვა მხრივ პედაგოგებს განსაკუთრებული შეზღუდვები არ აქვთ. მთავარია, რომ მისი გარეგნული იერსახე შეეფერებოდეს ადგილს, სადაც ის მუშაობს.
პედაგოგის საუბარი უნდა იყოს ლიტერატურულთან ახლოს. ამავე დროს ახალგაზრდული სლენგის ცოდნა და მისი გონივრული გამოყენება ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლეებთან ურთიერთობისას დაგეხმაროთ.
მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ
მასწავლებელმა დრო უნდა დაუთმოს თვითგანათლებას. პიროვნული და პროფესიონალური კომპეტენციების განვითარება - ეს აუცილებელი პროცესია, რადგან განათლებაში რეგულარულად ჩნდება ახალი ტექნოლოგიები და სწავლების სტრატეგიები.