მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციული სისტემაში (eschool) არაერთი ხარვეზი გამოავლინა, მათ შორის ელექტრონული ჟურნალის ფუნქციონალური გაუმართაობა, მოსწავლეთა შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციების არ არსებობა.
განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის (eSchool) დანერგვა საქართველოს სკოლებში 2015 წლიდან დაიწყო (ბოლო მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 2 085 საჯარო და 228 კერძო სკოლა). ESchool-ის მიზანია განათლების სექტორიდან (სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება) ზუსტი მონაცემების შეგროვება და ერთიან ბაზაში ასახვა. შესაბამისად, სისტემაში თავმოყრილი უნდა იყოს ყველა სასწავლო დაწესებულებიდან ცენტრალიზებულად მიღებული ინფორმაცია მოსწავლის სკოლამდელი ასაკიდან − უმაღლესი განათლების ჩათვლით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა და შეესაბამება თუ არა არსებული პრაქტიკა თანამედროვე სტანდარტებს.
როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, მათი კვლევის შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს ზოგადი განათლების მართვის ეფექტიანი ინფორმაციული სისტემის ჩამოყალიბებასა და სისტემაში წარმოებული მონაცემების დაცულობაზე.
კერძოდ:
eSchool სისტემაში, უკეთესი პრაქტიკისაგან განსხვავებით, არ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემების ასახვა, როგორიც არის მოსწავლის სწავლის შედეგები, ჯანმრთელობის შესახებ (მაგალითად, იმუნიზაციის ინფორმაცია, დაავადებების ისტორია და ა.შ.) და სხვა მონაცემები. აღნიშნული გამოწვეულია სამინისტროსა და სააგენტოს (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის) მხრიდან eSchool-ის შექმნის პროცესისადმი არათანმიმდევრული მიდგომითა და პროექტის მართვაში არსებული ხარვეზებით. eSchool სისტემის შემუშავების პროცესში არ ყოფილა განსაზღვრული სისტემაში საჭირო ინფორმაციის მიმართ მოთხოვნები. კერძოდ, რა მოდულები და მონაცემები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ზოგადი განათლების სექტორის შეფასება.
არსებული მდგომარეობით, სისტემაში არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია/პარამეტრები და შეუძლებელია სხვადასხვა შესაბამისი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება. აღნიშნული საშუალებას მისცემდა სამინისტროსა და სხვა ჩართულ მხარეებს ადეკვატურად შეეფასებინათ განათლების სექტორი და განესაზღვრათ სტრატეგიული მიმართულებები.
შეუძლებელია განათლების სექტორის შეფასებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის − მოსწავლის აკადემიური მოსწრების, ცენტრალურად გენერირება და ჩართული მხარეების მიერ მათზე დროული წვდომა.
კერძოდ, eSchool-ის მნიშვნელოვანი მოდული eJournal საჯარო სკოლების მხოლოდ 16%-შია დანერგილი და 2016 წლიდან დღემდე საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს მისი გამოყენება. შესაბამისად, eJournal სკოლების უმეტესობაში დანერგილი არ არის და სამინისტრო ვერ ახერხებს აღნიშნული მონაცემების სტრატეგიული მიზნებისათვის გამოყენებას. ამასთანავე, ელექტრონული ჟურნალი, მისი არასრული ფუნქციონალიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მიმდინარე რეჟიმში მშობლის წვდომას მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. შესაბამისად, განათლების სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაინტერესებული მხარეები, მშობლები, სამინისტრო და სკოლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მათთვის საჭირო ჭრილში (ინდივიდუალური მოსწავლის, სკოლის თუ ქვეყნის დონეზე) მიიღონ ინფორმაცია სწავლის შედეგების შესახებ.
ზოგადი განათლების მართვის ინფორმაციულ სისტემას არ გააჩნია წინასწარ ჩაშენებული ანალიტიკური ფუნქციონალი. კერძოდ, დაინტერესებული მხარეებისათვის არ არის ხელმისაწვდომი ე.წ. ანალიტიკური დაფები (analytical dashboards), გრაფიკები და მონაცემთა ვიზუალიზაციები, რომლებიც სამინისტროს, სკოლისა და მშობლისათვის გაამარტივებდა მიმდინარე პროცესების გაანალიზებასა და საჭირო საკითხების შეფასებას.
სააგენტოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული იუმს-ის ჩამოყალიბების მიმართულებით, თუმცა მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, იუმს-ის გავრცელების სფერო ადეკვატური არ არის. ასევე არ არის შესაბამისად გამიჯნული მმართველობისა და მონიტორინგის ფუნქციები. აუდიტმა აჩვენა აღნიშნული პროცესების შესაბამისი ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის, ცვლილებების მართვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების აღრიცხვის მიმართულებით არსებული ნაკლოვანებები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს არ გააჩნია დეველოპმენტისთვის განსაზღვრული პოლიტიკა/პრაქტიკა და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი/ოფიცერი არ ერთვება სისტემის დეველოპმენტის არცერთ ეტაპზე. დეველოპმენტის მიმართულებით ერთიანი მიდგომის არსებობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ სააგენტოს ერთ-ერთ უპირველეს ფუნქციას განათლების სექტორში მართვის ინფორმაციული სისტემების განვითარება/დეველოპმენტი წარმოადგენს.
ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობასა და ზრდის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის რისკს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სააგენტოს ინფორმაციის კონფიდენციალობის და მთლიანობის დაცვაზე.
აღნიშნული შეუსაბამობებისა და ხარვეზების გამოსასწორებლად აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს და დაქვემდებარებულ უწყებებს შესაბამის რეკომენდაციებს სთავაზობს.
მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტომ შეიმუშაოს:
- eSchool სისტემის დანერგვის გეგმა შესაბამისი დროის განრიგის მითითებით. აღნიშნული გეგმა, სხვა დანარჩენთან ერთად გულისხმობს eSchool სისტემაში არსებული ინფორმაციის გადახედვას და ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევისათვის საჭირო მინიმალური მონაცემების განსაზღვრას.
- სისტემის ფუნქციონალის გაუმჯობესების გეგმა და მის მიმართ საჭირო მოთხოვნები. აღნიშნული საშუალებას უნდა აძლევდეს სამინისტროს და სხვა ჩართულ მხარეებს დროულად და მარტივი გზით მიიღონ განახლებული ინფორმაცია განათლების სექტორში მიმდინარე საკითხებზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის მოდულის წარმატებით დანერგვისათვის და მასზე ყველა მნიშვნელოვანი მხარის წვდომის მიზნით, მიზანშეწონილია სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტომ შეიმუშაოს:
- ელექტრონული ჟურნალის დანერგვის გეგმა, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად, ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ეტაპობრივი ჩართვის გრაფიკს, სკოლების მოტივაციის და ვალდებულების მექანიზმებს და საპილოტე ეტაპის მაქსიმალურ ხანგრძლივობას.
ეფექტიანი და ქმედითი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის მიზანშეწონილია:
- სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადახედოს იუმს-ის გავრცელების სფეროს და უზრუნველყოს მისი შესაბამისობა ორგანიზაციულ მიზნებთან, დაინტერესებული მხარეების ინტერესებთან და საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ფუნქცია გაიმიჯნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზედამხედველობისგან და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი პირდაპირ დაექვემდებაროს სააგენტოს დირექტორს.
- სააგენტოს მენეჯმენტმა განსაზღვროს აუცილებელი და საკმარისი ადამიანური რესურსები. ამასთანავე, მიზანშეწონილია განისაზღვროს ზემოხსენებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების გეგმა (PDP) და უზრუნველყოფილ იქნეს სისტემატური ტრენინგები.
- ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად, შეიმუშაოს ცვლილებების მართვის ადეკვატური პრაქტიკა საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ