გაიცანით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრი - თბილისის N26 და მაშავერას საჯარო სკოლების პედაგოგი
2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია, მათგან ერთ-ერთი არის დმანისის მუნიციპალიტეტის მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი თამარ ადამია. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებ-გვერდზე თამარ ადამიას შესახებ მოკლე დახასიათება და ბიოგრაფია არის განთავსებული, რომელსაც
etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„თამარ ადამია მუშაობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად. თამარის პედაგოგიური პრაქტიკა გამორჩეულია, რადგან ფსიქოლოგად, მასწავლებლად და ტრენერად მუშაობის გამოცდილება ეხმარება მარტივად შეძლოს ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება. მაგალითად: მოსწავლეებში ეკოცნობიერების ასამაღლებლად გეგმავს ორიგინალურ ეკო გამოფენებს, წიგნიერების დონის ასამაღლებლად საბავშვო საგანმანათლებლო წიგნების პროექტებს, შემოქმედებითობის გასავითარებლად-გამოფენებსა და სატელევიზიო მასტერკლასებს. მოსწავლეებს ასწავლის განსხვავებულად შეხედონ უკვე არასაჭირო ნივთს და აღმოაჩინონ მისი ორიგინალურად გამოყენების გზები. თამარი თვლის რომ ,,კეთებით სწავლა“ ერთ-ერთი უმთავრესი პროცესია სასკოლო ცხოვრებაში.
თამარი ატარებს საწრეო და საკლუბო მუშაობას, მისი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შემოქმედებით კონფერენციებში, კონკურსებსა და გამოფენებში, იმსახურებენ სიგელებსა და სერტიფიკატებს. თამარის რამდენიმე მოსწავლე სახელოვნებო ფაკულტეტის სტუდენტია, ისინი თვლიან რომ ეს მათი მასწავლებლის დამსახურებაა, რადგან სკოლის პერიოდში ხშირად მონაწილეობას იღებდნენ საინტერესო პროექტში.
თამარი ადგილობრივი სკოლის მასწავლებლებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით აწყობს სამუშაო შეხვედრებს, საჩვენებელ გაკვეთილებს და ეხმარება მათ პროფესიულ ზრდაში. ასევე, როგორც აქტიური მოქალაქე და მასწავლებელი, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად მართავს ეკოგამოფენებს საქველმოქმედო მიზნით, იღებს მოწვევებს და სტუმრობს საგანმანათლებლო არაფორმალურ ღონისძიებებს, რომელიც იგეგმება საქართველოს სკოლებსა და ბიბლიოთეკებში, ტელევიზიებსა და რადიოში, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ასამაღლებლად. შეხვედრებზე საუბრობს წიგნების მნიშვნელობაზე, უკითხავს თავის ზღაპრებს, მოთხრობებს, შემდეგ ატარებს სახელოვნებო მასტერკლასებს და თავის საქმიანობას აზიარებს ბლოგით. არის მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ,,ლიბო-მნტ“-ს ტრენერი პროფესიულ უნარებში. პერიოდულად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და არტთერაპიის სეანსებით მდგომარეობას უმსუბუქებს ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებსა და ბავშვებს; მონაწილეობას იღებს საქართველოს დაწყებითი განათლების (G-priEd)-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ზეკარის“ პროექტებში საბავშვო მწერლისა და ტრენერის რანგში. არის ,,პროფესიონალ ფსიქოლოგთა და პედაგოგთა ასოციაციის“ (პფპა) დამფუძნებელი და წარმატებით ახორციელებს პედაგოგთა გადამზადებას.
ბიოგრაფიათამარ ადამია დაიბადა 1966 წლის 14 ივნისს. დაამთავრა ს.ს. ორბელიანის სახელმწიფო ინსტიტუტი-პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და სახელოვნებო სპეციალობა; მუშაობდა გაგრის და თბილისის საბავშვო ბაღებში, ,,sos ბავშვთა სოფელში“ფსიქოლოგად და მასწავლებლად; 2004 წლიდან დაიწყო თავისი საბავშვო წიგნების გამოცემა. 2010 წლიდან გახდა ვ. ესვანჯიას სახ. იტალიურ სკოლა ,,ცისკარის“ ფსიქოლოგი და ხელოვნების მასწავლებელი. პარალელურად ,,ლიბო-მნტ“-ს ტრენერი, 2012-15 წლებში ტელევიზიებში მიჰყავდა საბავშვო გადაცემები; 2014 წლიდან ჩართულია ,,ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამაში კონსულტანტ-მასწავლებლად. ის არის 30 მეტი შემეცნებითი, მხატვრული, ასევე გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. მათ შორისაა ბესტსელერი ,,მხიარული დედაენა“, რომელიც 18-ჯერ გამოიცა და პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ-ემიგრანტ ბავშვებში. მონაწილეობდა დაწყებითი განათლების (G-priEd)-ის პროექტში მწერლის სტატუსით. 2019 წელს მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა საუკეთესო ათეულის წევრი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“.
ასევე იხილეთ: 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული დასახელდა