სიახლეები
სამასწავლებლო

„მივესალმები სკოლის ფორმებს, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა“- დირექტორების შეფასებები
16-08-2019
-
+


ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში არსებული ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, „სკოლას აქვს უფლება, დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება“. ამავე კანონის მიხედვით, სკოლამ მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობებიც უნდა გაითვალისწინოს და საჭიროების შემთხვევაში, ფორმით თავად უზრუნველყოს.

სასურველია თუ არა მოსწავლე სკოლაში ფორმით დადიოდეს და აქვთ თუ არა სკოლის შინაგანაწესში კონკრეტული შეზღუდვები, ამ კითხვებით ETALONI.GE სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა სკოლებში ფორმის დაბრუნებას მიესალმებოდა, თუმცა, არის გამონაკლისი, ვისაც სკოლის ფორმა ყაზარმულ სისტემას აგონებს.  

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის N 2 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთო კიკალიშვილი:

„სასურველია, მოსწავლეს ფორმა ეცვას, მაგრამ ამავე დროს, რომ არ დავარღვიოთ მისი უფლებები, ჩვენი ინიციატივით ამას ვერ ვითხოვთ. ეს უნდა იყოს შეთანხმებული მოსწავლეთა მშობლებთან, სამეურვეო საბჭოსთან, სკოლას უნდა ჰქონდეს გარკვეული რესურსი ისეთი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ეს ფორმები შეიძინონ. ჩვენ რომ თავს მოვახვიოთ, ასეც არ გამოვა, რადგან არა გვაქვს ისეთი ფუფუნება თანხებთან მიმართებაში. საჭიროა როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის ფორმა, მაგრამ ჯერ კიდევ შეშის ღუმელით ვთბებით, რომლის მილებიც ფანჯრიდან არის გამოყოფილი და, წვიმიან თუ ქარიან ამინდში, ბავშვებიც და მასწავლებლებიც, პირდაპირ ცრემლად ვიღვრებით. ხშირად ღუმელი ქვრება და ასეთ პირობებში ჩვენ მათ ვერ შევთავაზებთ, გაიყინონ! არ გვაქვს ზამთარში ის პირობები, რომ სტაბილური ტემპერატურა შევინარჩუნოთ სკოლის შენობაში. შინაგანაწესში გვიწერია, როგორი იერსახით უნდა მოვიდეს მოსწავლე სკოლაში, რომ მისი ჩაცმულობა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, გამომწვევი და შეესაბამებოდეს მოსწავლის დრეს-კოდს“. 

შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის მთისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ თურაძე:

„ფორმა ცუდი არ არის, ფორმა რომ იყოს ყველგან მიღებული, კარგი იქნებოდა. ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, მაღალმთიანი რეგიონია ხულოში და აქ არც ერთ სკოლაში ფორმით არავინ დადის, თუმცა, ჩემი შვილი ქალაქში სწავლობს და იქ არის ზოგიერთი სკოლა, სადაც ბავშვები ფორმით დადიან. არ მგონია, რომ მისი შეძენა დიდ თანხებთან იყოს დაკავშირებული, კარგ ჯინსს რომ იცვამს, კარგ მაისურს რომ იცვამს, იმ თანხაში შესანიშნავ ფორმას შეიძენს, მე ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, ფორმები ყოფილიყო. შინაგანაწესში ისეთი განსაკუთრებული აკრძალვა არა გვაქვს, უბრალოდ ვთხოვე, „მუხლებგადმოყრილი“ ჯინსით სკოლაში ნუ მოვლენ, ასე რბილად და ლამაზად გავაგებინე“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჩირიკის საჯარო სკოლის დირექტორი ნურა ბუჩუკური:

„შინაგანაწესში არა გვაქვს აკრძალვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოსწავლეს ფორმა უნდა ეცვას, იმიტომ რომ, ერთ ბავშვს რომ კარგად აცვია და მეორეს არა, ბავშვებს გულს წყვეტს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ყველას უნდა, რომ კარგად ჩაიცვას, მაგრამ ყველა ოჯახს ხომ არ აქვს ამის საშუალება. თუ ყველა ერთნაირად იქნება ჩაცმული, ეს კომპლექსი ბავშვებს მოეხსნებათ. მარტო სკოლები და რესურსცენტრები ამას ვერ გადაწყვეტენ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოც უნდა დაეხმაროს. ზოგიერთ სკოლას არ აქვს ბიუჯეტი, წელიწადში სამჯერ ვერ გამოუცვლის ფორმებს მოსწავლეს და ვერც დაავალდებულებს“.

ხულოს მუნიციპალიტეტის ფაჩხის საჯარო სკოლის დირექტორი როლანდ ბოლქვაძე:

„სასურველია, თუ ფორმები ეცმევათ და თუ ეს დიდ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული. გარკვეული შეზღუდვა გვაქვს შინაგანაწესში, კონკრეტულად ის, რომ ვულგარულად ჩაცმული, დახეული ჯინსებით არ უნდა დადიოდეს მოსწავლე სკოლაში, უნდა ეცვას ისე, როგორც შეეფერება“.

ამბროლაურის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი იამზე ლობჟანიძე:

„წლების წინ ჩვენს სკოლაში არაჩვეულებრივი ფორმები გვქონდა, ბავშვებისთვისაც მისაღები იყო და ჩვენც ძალიან მოგვწონდა, მაგრამ მაშინ თვითონ ბავშვებმა და მშობლებმა შეიძინეს ის თავიანთი სახსრებით და ყოველთვის ვერ მოითხოვ და არც არის ამის ფინანსური საშუალება. ჩვენი სკოლა მცირე ბიუჯეტიანია და ამ მხრივ ვერ დავეხმარებით, თუმცა სასწავლო წლის დასაწყისში, როცა თვითმმართველობა ჩამოყალიბდება მაინც შევთავაზებთ და ბავშვების აზრს მოვისმენთ ამასთან დაკავშირებით. ისე ძალიან კარგი ფორმები გვქონდა, გამორჩეულები ვიყავით, მაგრამ საკმაოდ ძვირიც დაგვიჯდა. თბილისში გავაკეთეთ შეკვეთა მაშინ, „შოტლანდკა“ ქვედაბოლოები გვქონდა, ძალიან კარგი ზედები, ჰალსტუხები... ჩვენს წესდებაში გვაქვს, რომ გამომწვევად არ უნდა ეცვათ, სამოსზე გამომწვევი წარწერა არ უნდა ჰქონდეთ, რაც სასწავლო პროცესს და თვითონ ბავშვს ხელს შეუშლის, მაგრამ დიდ შეზღუდვებს არ ვუწესებთ“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართალის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან უშარიძე:

„მომწონს ფორმები. მოსწავლე არ უნდა დადიოდეს დახეული სამოსით და „შორტით“ სკოლაში, შინაგანაწესში გვიწერია ამის შესახებ, თუმცა ფორმებზეც გვქონდა ლაპარაკი. ხარჯებსაც, თუ გადავიანგარიშებთ, რაც ჩვეულებრივ სამოსზე ეხარჯება მშობელს, მე მგონი პირიქით, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებიც გამოუვა, იმიტომ, რომ შეიკერავენ ზაფხულის და ზამთრის სამოსს და ალბათ სათადარიგოსაც დაუტოვებენ, შემდეგ წელსაც რომ გამოიყენონ.“

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა ოსტარიშვილი:

„ფორმა ძვირი სიამოვნებაა, თორემ როგორ არ არის კარგი. ძალიან მომწონს საზღვარგარეთის ქვეყნებში ბავშვები ფორმებით რომ დადიან. შინაგანაწესში აღნიშნული გვაქვს, რომ მოწესრიგებულად უნდა ეცვას და გამომწვევად არ უნდა გამოიყურებოდეს მოსწავლე, ზოგადად ასეა, სხვა შეზღუდვა არ გვაქვს“.

ნადიმ ართმელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი რამაზ ლომიძე:

„თუ მათი სურვილია, შეუძლია ეცვას ფორმა, მაგრამ ჩემი აზრია, რომ რაც უნდა, ის ჩაიცვას, მთავარია შედეგი, - ისწავლოს! ზოგადად რომ ვთქვა, ფორმა ჩემთვის, რაღაც ყაზარმულ სისტემასთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, ვერ ვეგუები მოსწავლეს დახეული ჯინსებით, ძალიან მოკლე და სკოლისთვის შეუფერებელი სამოსით, თორემ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ“. 

ხულოს მუნიციპალიტეტის ვერნების საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აბაშიძე:

„მივესალმებით, რომ მოსწავლეს ფორმა ეცვას. ფორმებს ჩვენს სკოლაში სიამოვნებით მოვითხოვდით, მაგრამ რომ შეხედავს ბავშვი, რომ სხვაგან ფორმის გარეშე დადიან, ალბათ არც თვითონ მოინდომებენ. თუ იქნება, ჩვენთვის უკეთესია. შინაგანაწესი გვაქვს, ისეთი, როგორიც ჩვენს სკოლას და ზოგადად მოსწავლის იერსახეს შეეფერება, თუმცა, მკაცრი მოთხოვნები არა გვაქვს“.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება