სიახლეები
პიროვნება

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დაკარგული ბავშვობა და ამბავი, რომელმაც მისი არჩევანი შეცვალა
19-08-2019
-
+


ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა. ახლა, 33 წლის ასაკში, 17 და 10 წლის ვაჟების დედაა. ქალბატონი მაია მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც მშობლები საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდნენ და მოსავლელად პატარა, 2 წლის ძმა დაუტოვეს. ამბობს, რომ ბავშვობა არ ჰქონია... ისევ ბავშვი იყო, როცა ოჯახი ძალით შეაქმნევინეს. მერე იყო მამის ტრაგიკული გარდაცვალება...  ამდენი ნეგატივის მიუხედავად, გოგონა, რომელსაც სწავლა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთი აგურის მეორეზე დადება მაინც უნდოდა, არ დანებდა და დღეს ის წარმატებული ქალია.

- როდესაც მეკითხებიან, სადაური ვარ, სიამაყით ვამბობ, რომ დავიბადე იმ რაიონში და იმ სოფელში, სადაც დაიბადა ქართველი ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი, დიდი შალვა ნუცუბიძე – სოფელ ფარცხანაყანებიდან გახლავართ. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, თამამი ვიქნები და ვიტყვი, რომ ბავშვობა არ მქონია.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ 1990 წელი იყო, როდესაც სკოლაში შევედი და მოგეხსენებათ, მაშინდელი სოციალური მდგომარეობა როგორი იყო... ჩემი მშობლები იძულებულები გახდნენ, საზღვარგარეთ წასულიყვნენ. 4 და–ძმანი ვართ. ჩემი უფროსი დები გათხოვილები იყვნენ. მშობლებმა, ფაქტობრივად, მე დამიტოვეს 2 წლის ძმა. პირველ კლასში შევედი და ამის პარალელურად, პატარა ძმაზე უნდა მეზრუნა. მოხუც ბებია–ბაბუასთან ვიყავით დარჩენილები და მაშინ მიზნად დავისახე, რომ უნდა მესწავლა,  ძმაზე უნდა მეზრუნა და მისთვის ყველაფერი მე მესწავლებინა. ჩემი კვირა იწყებოდა სკოლის ზარით და მთავრდებოდა კვირა დღეს ტაძრის ზარებით. ის სიყვარული და მონატრება, რაც მშობლებისგან გვაკლდა, ტაძარში ვიპოვეთ. ჩვენი სახლის გვერდით იყო წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და მეორეკლასელი უკვე ამ ეკლესიის მედავითნე ვიყავი. შეიკრა სამება – სკოლა, სახლი და ტაძარი.

სულ ვფიქრობ, მაშინ რომ „ეტალონი“ და izrune.ge ყოფილიყო, ალბათ რამდენს მივაღწევდი–მეთქი... არ იყო ინტერნეტი, ბიბლიოთეკაშიც მწირი რაოდენობის წიგნები იყო. დღემდე დგას ეს პრობლემა და მაშინ ხომ საერთოდ... ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურა მთლიანად მქონდა წაკითხული და მეორედაც კი ვუბრუნდებოდი წასაკითხად, იმდენად მწადდა სიახლეები, ვეძებდი განვითარების გზებს... ვაკვირდებოდი, ვის როგორ უყვარდა, ვინ როგორ იზრდებოდა, რომ შემდეგ ვყოფილიყავი მაგალითი, რადგან ჩემი ზრუნვის საგანი იყო პატარა ბიჭი, რომელიც მინდოდა, განსაკუთრებული ვაჟკაცი გამეზარდა.

– მშობლებმა გთხოვეს ძმის მიხედვა, თუ ასეთი პატარა, 6–7 წლის გოგონა ამას თვითონ გრძნობდით?

– მაშინ მობილური ტელეფონებიც არ არსებობდა... მშობლების გასახარებლად ვაკეთებდი ყველაფერს. წერილებს ვუწერდი – ამ კვირაში ეს გავაკეთე, ამ დღეს ასე მოვიქეცი... ვთვლიდი, რომ ღვთის წინაშე ვალმოხდილი ვიყავი, რადგან ძმას ვუვლიდი და ამით დედას ვახარებდი.

– დღეს ძალიან ბევრი ბავშვია, ვისაც მშობლები ემიგრანტები ჰყავს. როგორ უმკლავდებოდით მონატრებასა და სირთულეებს, რა რჩევას მისცემდით მათ?

მე ტაძარმა და ჩემმა მოძღვარმა გადამარჩინა. მაშინ ტაძარი თითქმის ცარიელი იყო, წირვა-ლოცვა მხოლოდ მე და ჩემს მოძღვარსაც კი ჩაგვიტარებია. უფლის გამოძახილი იყო ალბათ ეს. ბებია მეჩხუბებოდა კიდეც ტაძარში რომ დავდიოდი, რადგან კომუნისტური აზროვნების ქალი იყო და მეუბნებოდა, ტყუილად აცდენ დროს, შენ სწავლა არ გინდა და იმიტომ ხარ ტაძარში შაბათ-კვირასო. არადა, რასაც ტაძარში ვსწავლობდი, ეს იყო მზრუნველობა, სიწმინდისა და სისპეტაკის გზა. წმინდა მამათა წერილებს ვკითხულობდით... ამის გამო თანატოლები დამცინოდნენ  სკოლაში, რადგან იმ პერიოდისთვის ეს ყველაფერი უცხო იყო, მაგრამ ამის მე არასოდეს შემრცხვენია. ძალიან აქტიური მოსწავლეც ვიყავი. დავდიოდი ყველა წრეზე, რაც კი ჩვენთან არსებობდა – ცეკვა, სპორტი... კლასიკური მუსიკა მიყვარს. ჩემი ჰობი ჩემი ჩანახატებია, ლექსებია... ვწერ  და კითხვაც მიყვარს. ვწერ ჩემს განვლილ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, სამშობლოზე... ცეკვაზე 9 წელი ვიარე. ჩემს თავს ყოველთვის მაქსიმუმს ვთხოვდი. მე და ჩემს ძმას ისე გვენატრებოდა მშობლები, ცრემლები გვქონდა თვალებში. ამ მონატრებას ვერანაირი მოხუცების სითბო ვერ ავსებდა. ძალიან მიკვირს და მტკივა ამ თაობის ამბავი.  ბევრი სტუდენტი მყავს, რომლებიც ამბობენ, არ მინდა დედაჩემის გამოგზავნილი „აიფონი“ და ავტომობილიო. ზოგს ოჯახი აქვს უკვე და ამბობენ, რაც მე ბავშვობაში დამაკლდა, იმას ვერაფერი შეავსებსო. ეს მართალია. „იავნანა“ ბებიამ კი არა, დედამ უნდა უმღეროს ბავშვს.

ჩემი ძმა რომ სკოლაში შევიდა, მეც თავიდან მომიწია იმ კლასების სასწავლო პროგრამის გავლა. ყველაფერი კარგად მიდიოდა... ფარცხანაყანებში ცხრაწლიანი სკოლა იყო.  ცხრა კლასი რომ დავამთავრე, მომიტაცეს. კარატეზე დავდიოდი და ჩემი მომავალი მეუღლე იქ გავიცანი, ჩემი სპორტის მასწავლებელი იყო... მოგეხსენებათ, მაშინ რაიონებში მოტაცება იყო ძალიან მოდური. 15 წლისას უკვე მქონდა საკუთარი ოჯახი. ადრე დავიდგი ოჯახის უღელი, მაგრამ გამიმართლა – ადამიანს, რომელიც ჩემს გვერდით აღმოჩნდა, არასოდეს შეუშლია ხელი, რომ მესწავლა და წარმატებული ვყოფილიყავი, თუმცა პროფესიის არჩევაზე გვქონდა ცოტა პრობლემა. სკოლის მერე ავტოტექნიკური კოლეჯი დავამთავრე, სადაც მქონდა საშუალება გამოცდებისთვის მოვმზადებულიყავი. მეუღლე 9 წლით უფროსი იყო ჩემზე... მეუღლის ოჯახს არ უნდოდა, იურისტი ვყოფილიყავი. არადა, პირველ კლასში რომ მკითხეს, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, გამომძიებელი-მეთქი, დავწერე. სამართლიანობას ვეძებდი ყველაგან და მუდამ უსამართლობას ვაწყდებოდი. თუნდაც, მაგალითად, ტაძართან რომ ამდენი გაჭირვებული მოდიოდა და ყველას ვერ ვეხმარებოდი...  სულ ვცდილობდი სხვებს დავხმარებოდი - ჩემი მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ, ძლიერი ოჯახიც ვიყავით და მქონდა ამის რესურსი. ჩუმად მოვიპარავდი ხოლმე სახლიდან რაღაცებს და მათ ვაძლევდი. ყოველთვის რომ ვერ ვიკმაყოფილებდი სხვების დახმარების სურვილს, გული მწყდებოდა. სულ მინდოდა, ისეთ ქვეყანაში მეცხოვრა, სადაც არავის გაუჭირდებოდა და ყველას უფლებები დამეცვა.

ჩემი მეუღლე იურისტია და მეუბნებოდა, რომ ქალს გამიჭირდებოდა იურისტობა, რადგან ეს ძალიან ძნელი საქმეა ჩვენს ქვეყანაშიო. მამიდა ექიმი მყავდა და ოჯახში გადაწყდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი. გამოცდებამდე ვტიროდი ამის გამო. გამოცდების ჩასაბარებლად წავედი ისე, რომ ყველამ იცოდა, საექიმოზე ვაბარებდი, მაგრამ იურიდიულზე ჩავაბარე. თუმცა, ამის შესახებ მეუღლემ იცოდა და მკაცრადაც გამაფრთხილა – კარგად ისწავლი და არ შემარცხვენო. ჩავაბარე თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში და წითელ დიპლომზე დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. მაშინ უკვე მყავდა შვილი, მასთან ერთად ვიზრდებოდი და ვსწავლობდი. პირველი ვაჟი 16 წლის ასაკში მეყოლა. მერე, ბაკალავრიატიც დავამთავრე და, პარალელურ რეჟიმში, მაგისტრატურაზე, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა.

2007 წელი ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა – მამა ტრაგიკულად დაიღუპა. მამა ჩემთვის ყველაფერი იყო, მისით ვაღწევდი ყველაფერს, ყველაფერში მეხმარებოდა... მისმა გარდაცვალებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. დღემდე გაუხსნელია მისი მკვლელობის საქმე.

– მამა საზღვარგარეთ გარდაიცვალა?

- არა, უკვე საქართველოში იყო ჩამოსული. მამის დასაფლავებიდან მესამე დღეს მაგისტრატურაში ჩავაბარე და წარმატებით დავასრულე, რის შემდეგაც დოქტორანტურაში გადავინაცვლე. დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში პედაგოგად მიმიწვიეს და დღემდე ვთანამშრომლობ ამ უნივერსიტეტთან და ჩემს სპეციალობას ვასწავლი. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობაც აქედან დაიწყო. კურსები გავიარე როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ასევე – ევროპარლამენტში, კერძო და საჯარო სტრუქტურებშიც ვიმუშავე გარკვეული წლების განმავლობაში ჩემი პროფესიით.

განათლების მიმართულებით ჩემი წასვლა მამას გარდაცვალებამ განაპირობა. სწორედ მაშინ, როცა დიდი გეგმები მქონდა იურისპრუდენციის თვალსაზრისით, გადავეყარე დიდ უსამართლობას. ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, ძალიან ძნელია, სამართალი ასწავლო უსამართლო ქვეყანაში-მეთქი. რადგან გარკვეული მაღალჩინოსნები იყვნენ დაინტერესებულნი, არ გახსნილიყო მამას მკვლელობის საქმე, ის დღემდე გამოუძიებელია. საერთოდ რომ არ დავღუპულიყავი, გადავწყვიტე, პედაგოგიური მოღვაწეობით დამეტვირთა თავი.

– რა ვითარებაში გარდაიცვალა მამა?

– 2007 წელს მეგობართან ერთად რაღაც ბიზნესი დაგეგმა. თანხით გავიდნენ ის და მისი მეგობარი და სამხედრო დასახლებაში, კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიაზე ნაჯახით დაჩეხილები იპოვეს ორივე. გამოძიება არასწორად წარიმართა. ვითხოვდი დახმარებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაშინდელი მაღალჩინოსნები აფარებდნენ მკვლელებს ხელს და წამოვიდა მუქარა, რომ თუ არ დავწყნარდებოდი, მამაჩემის გვერდით მიმაწვენდნენ. ამის გამო ჩემს მეუღლესაც დავუნგრიე კარიერა. 2012 წელს ისიც დააკავეს – შენ რაღაც იცი ამ საქმეზე და აღიარეო. ერთი სიტყვით, დიდი ტრაგედია გადავიტანე. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე მალე გაიხსნება. მე კი ამასობაში განათლების სფეროში ჩავები და შემიყვარდა. აქ მეტი სისუფთავეა. ვთვლი, რომ აქ გამიმართლა, რადგან საქართველოს ერთ-ერთი ეტალონი ქალაქის ხელმძღვანელი ვარ განათლების მიმართულებით.

– როდიდან მუშაობთ ამ თანამდებობაზე?

– 2018 წლის იანვრიდან დავინიშნე ამ თანამდებობაზე და ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ქუთაისს დიდი ისტორია და დიდი წარსული აქვს. იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი განათლება, უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ ნოვაციებში, რასაც მაგალითად, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი გვთავაზობს უდიდესი პროექტებით. მე, როგორც მშობელი, მუდამ ვეძებდი საინტერესო პროექტებს და საიტებს. ორი ვაჟის დედა ვარ და სიხარულით ვადევნებ თვალს „ეტალონსა“ და izrune.ge-ს. ეს დღეს ფუფუნებაა ყველასთვის. ბავშვებს უნდა მივცეთ თავისუფალი განათლების უფლება და თავად აირჩიონ, რა არის სწორი და რა არა.

– გამოგივიდათ ძმის ვაჟკაცურად გაზრდა?

– დღეს ვამბობ, რომ სამი ვაჟის დედა ვარ. ჩემი ძმა უკვე 27 წლისაა და ცოლ–შვილი ჰყავს, მაგრამ მაინც ვზრუნავ მასზე და ვამაყობ, რომ კარგი ვაჟკაცია. სიყვარულზე უნდა იყო შეყვარებული და სიყვარული ასწავლო, სიყვარულით უნდა გაიზარდოს თითოეული ადამიანი. არ არის აუცილებელი, რაიმე თანამდებობა გეკავოს, ცხოვრებაში ყველაზე დიდი თანამდებობა შენი ადამიანობა და მეობაა, როცა ხედავ, რომ ხალხს უყვარხარ. ჩემს შვილებზე ხელი არასოდეს აღმიმართავს. როცა ადამიანი დედას სცემს პატივს, ის სამშობლოსაც პატივს მიაგებს და ქალსაც. ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, როდესაც გეცოდინება დედის, მანდილოსნის და სამშობლოს პატივისცემა, ჩათვალეთ, რომ შემდგარი კაცები ხართ და ყველაფერს შეძლებთ-მეთქი. იმედია, მათშიც გამიმართლებს. მე კი, თუ ცხოვრებაში შემდგარი ქალი ვარ, ეს დედაჩემის, ვენერა თევდორაძის დამსახურებაა. ჩემს შვილებს ვეუბნები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ ჩემი განვლილი ნაბიჯების არ შეგრცხვეთ-მეთქი. სწორედ ამ იდეოლოგიით მზრდიდა დედაჩემიც, რომელმაც თავი შესწირა ოთხი შვილის განათლებას.

– ამბობთ, ჩემს მეუღლეს კარიერა გავუნადგურეო. ახლა რას საქმიანობს?

– იმ ამბის მერე ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. რამდენიმე წელი საპატიმროში გაატარა. იქიდან გამოსულს უნდოდა, მონასტერში ეცხოვრა, მაგრამ მოძღვარმა არ მისცა ამის კურთხევა, რადგან არასრულწლოვანი შვილები ჰყავდა და მათ განათლებაში ჩასადებ ინვესტიციებს ფინანსები სჭირდებოდა. დღეს ის საზღვარგარეთ იმყოფება და შვილებს ეხმარება განათლების მიღებაში.

– 15 წლის ასაკში ოჯახის შექმნა რამდენად სწორად მიგაჩნიათ ახლა, ამ გადასახედიდან?

– ახლახან ერთმა სკოლამ გაგვიკეთა პროექტი არასრულწლოვანთა ქორწინებაზე და მათ მოვუყევი ჩემი ქორწინების შესახებ. ჩემი თანატოლების 80%-მა მაშინ ამ ასაკში შექმნა ოჯახი. ეს იყო ზოგი იძულებით, ზოგი – წამხედურობით... დღეს იქიდან მხოლოდ 20%–ს თუ აქვს ოჯახი, დანარჩენს დაენგრა. ძალიან ცუდია ეს ამბავი და არასწორი. არ უნდა შექმნა ოჯახი, სანამ თავად, ქალსაც და ვაჟსაც  არ გექნება საარსებო წყარო.  მე გამიმართლა, რადგან დედა მეხმარებოდა. თან მინდოდა, მესწავლა, ჩემი კვალი დამეტოვებინა ჩემი ქვეყნის ისტორიაში და ერთი სიკეთის აგური დამედო. ვერ გეტყვით, ამჟამად ვახერხებ თუ არა ამას, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი წინ მაქვს და უფალი შემაძლებინებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება