მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენტ-ეგზიუპერის ქართულ-ფრანგული კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლა სტრასბურგის უნივერსიტეტში განაგრძო. ახლა მესამე კურსზეა, 20 წლის. სამი წლის წინ, როცა სამშობლოსა და ოჯახისგან შორს, უცხო ქვეყანაში გაემგზავრა, სირთულეებზე არც უფიქრია. პარალელურად, ეროვნული გამოცდები ჩააბარა და ასპროცენტიანი გრანტიც აიღო, მაგრამ სასწავლებლად მაინც საოცნებო ქვეყანაში წასვლა არჩია.
იქ ლექტორს, როგორც ღმერთს, ისე უყურებენ, იქ ქართული ასოები ნახატი ჰგონიათ, იქ არ ხიბლავთ ფუფუნება, იქ ბევრი სიკეთე და ღიმილია, თუმცა, კიდევ უფრო მეტი, - სირთულე...
სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ანი კირთაძე etaloni.ge- სთან თავის სტუდენტურ ცხოვრებაზე საუბრობს:
- ჩემი სკოლიდან გამომდინარე, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ საფრანგეთში უნდა მესწავლა. თან დედაც ფრანგული ენის სპეციალისტია, რის გამოც, ადრეული ასაკიდან მომწონდა ფრანგული ენა, კულტურა და ვიყავი ამ ქვეყნით დაინტერესებული. რაც შეეხება სამართალს, ეს სფერო ყველაზე ახლოსაა ჩემთან და ვფიქრობ, რომ დღეს სამართლის ბევრი კარგი სპეციალისტი სჭირდებათ.
სკოლის დამთავრებამდე, მეთორმეტე კლასის ბოლო სემესტრში, ფრანგული ინსტიტუტის დახმარებით, გავაგზავნე ე. წ თეთრი დოსიე საფრანგეთის რამდენიმე უნივერსიტეტში, რისთვისაც აუცილებელი იყო, ფრანგული დიპლომი, მაღალი აკადემიური მოსწრება და სხვადასხვა აქტივობასა თუ პროექტში მონაწილის სტატუსი... დოსიე გავგზავნეთ იანვარში და მაისის დასაწყისში მოგვიგვიდა პასუხი, რომ ჩავირიცხე სტრასბურგის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, სადაც სწავლა არის უფასო. ეს იყო არაჩვეულებრივი შეგრძნება, უდიდესი სიხარული ჩემთვის.
პარალელურად, ყოველი შემთხვევისათვის, ეროვნულ გამოცდებზეც გავედი და თავისუფალ უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი გრანტით ჩავირიცხე.
- 17 წლის ასაკში ოჯახისა და სამშობლოსგან შორს ცხოვრება ალბათ გაგიჭირდა, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე შენთვის უცხო ქვეყანაში?
- რა თქმა უნდა, თავიდან დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებაც გამიჭირდა, ისე როგორც უნივერსიტეტის სწავლების მეთოდიკაში გარკვევა, თუმცა ნელ-ნელა გადავლახე. ყველაზე დიდი დისკომფორტი მაინც სწავლა იყო. ენა კარგად ვიცოდი, მაგრამ სამართალი ისეთი სპეციფიკურია, ისეთი ტერმინები უნდა მესწავლა ძალიან მაღალ დონეზე, ბევრის მნიშვნელობა ქართულადაც რომ არ ვიცოდი.
სტრასბურგის უნივერსიტეტი 1539 წელს არის დაარსებული და სამართლის ფაკულტეტიც ასეთივე უძველესია, ალბათ ამიტომაც, მეტი სიმკაცრეა ჩვენთან, ვიდრე სხვა ფაკულტეტებზე. ერთი მეგობარი მყავს პარიზში, ისიც სამართალზე სწავლობს და ამბობს, რომ იქ გაცილებით მარტივია სწავლა.
- მაინც რა კონკრეტული მოთხოვნები აქვთ სტუდენტების მიმართ და რით განსხვავდება მათი სწავლების მეთოდიკა ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებისგან?
- ვფიქრობ, მათ უნდათ, რომ ბევრი სტუდენტი „გაცხრილონ“. შეფასება არის ძალიან მკაცრი, მასალა კი - უზომოდ ბევრი. თუ ძალიან კარგად არ იცი საგანი, არანაირი შანსი არა გაქვს, ჩააბარო, ვერაფრით „გაარტყამ“, რადგან არასწორი პასუხის, ან თუნდაც თავის შეკავების შემთხვევაში, უკვე დაგროვებული ქულები გაკლდება და მინუსებში გადადიხარ. ამიტომაც არის, რომ სამართლის ფაკულტეტზე ჩარიცხული 1000 სტუდენტიდან, მხოლოდ 5 პროცენტი იღებს დიპლომს საბოლოოდ. შეუძლიათ რამდენიმე წელიც დარჩნენ იმავე კურსზე, მაგრამ ზოგი ვერ უძლებს და ტოვებს, ზოგიც უფრო მარტივ სპეციალობაზე გადადის.
- ასეთი მკაცრი შეფასების პირობებში ლექციის მიმდინარეობის პროცესიც საინტერესო იქნება. ჯგუფში რამდენი სტუდენტი ხართ?
- თავიდან ათასი სტუდენტი ვისხედით ერთად ლექციაზე. მეორე კურსზე 500 დავრჩით, საიდანაც მხოლოდ 144 გადავედით მესამე კურსზე. ლექციის დროს ძირითადად ლექტორი საუბრობს, ჩვენ კი მის საუბარს ხელით ვიწერთ, რადგან ყველა ლექტორს თავის მიერ შედგენილი სალექციო კურსი აქვს. არსებობს სახელმძღვანელოებიც, მაგრამ მათ მხოლოდ დამხმარედ თუ გამოიყენებ. ზოგიერთი ლექტორი ცოტა მხიარულია და ნებას გვრთავს, როცა რამეს ვერ გავიგებთ, შეკითხვა დავუსვათ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ლექტორს უზომოდ დიდ პატივს სცემენ და უყურებენ, როგორც ღმერთს, შესაბამისად, არც ისინი უყადრებენ თავს სტუდენტებს. რაც ლექციაზე გაუგებარი რჩება, სემინარებზე განვიხილავთ, სადაც უკვე მასწავლებლები გვყავს და არა ლექტორები. სემინარებზე 30-მდე სტუდენტი ვსხედვართ.
- ანი, როგორია შენი სტუდენტური ცხოვრების ერთი დღე?
- ჩემი დილა 7 საათზე იწყება, რადგან 8-ზე უკვე უნივერსიტეტში უნდა ვიყო. საცხოვრებელი კამპუსიდან, ფეხით, ზუსტად ხუთ წუთში ვარ უნივერსიტეტში, სადაც 3-5 საათით ვრჩები. არის დღეები, როცა 7-8 საათიც მიწევს დარჩენა. შემდეგ ვბრუნდები სახლში, ცოტა ხანს ვისვენებ და ვიწყებ მეცადინეობას, რაც ზოგჯერ ძალიან დიდხანს გრძელდება. თუ ყოველდღიურად არ იმეცადინებ, იმდენად ვრცელი მასალაა, რომ ვერ მოასწრებ. საღამოს მივდივარ კაფეტერიაში სავახშმოდ, შემდეგ კი, ზოგჯერ მეგობრებთან ერთად გასეირნებასაც ვახერხებ.
თავიდან არ მქონდა იმდენი დრო, მაგრამ ახლა უკვე მინდა, სამსახური მოვძებნო და სტაჟირება გავიარო. სტუდენეტების ჯგუფი, რომელიც სტაჟირებას გადის, უნივერსიტეტში მეტად დაფასებული და პრივილეგირებულია. მათთვის შეღავათიანი გრაფიკი არსებობს და ხელს გიწყობენ, რომ იმუშავო. უკვე გავაგზავნე მოთხოვნა იურიდიული ასისტენტის პოზიციაზე, კარგი შეფასებები მაქვს და თუ ბოლო ეტაპსაც წარმატებით გავივლი, ამიყვანენ. იქ 21 წლამდე ასაკის სტაჟიორს 1000 ევრომდე აქვს ხელფასი, 21 წლის ზემოთ კი, უკვე - 1200 ევროზე მეტი.
- უცხო ქვეყნის სამზარეულოს როგორ შეეჩვიე, ალბათ სტუდენტურად იკვებები, მოგწონს ფრანგული კერძები?
- უნივერსიტეტში არის კარგი პატარა კაფეტერია, სადაც შესვენებებზე ხშირად შევდივართ. გარდა ამისა, მე უნივერსიტეტის კამპუსში ვცხოვრობ, სადაც არის პატარა, საყვარელი ბინები სტუდენტებისთვის. კამპუსს აქვს თავისი სასადილო, სადაც ყოველდღე სხვადასხვანაირი, ჯანსაღი და დაბალანსებული კერძებია. იქ შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი სრულფასოვანი სადილის მიღება, თორემ საფრანგეთში კვება, ზოგადად, ძალიან ძვირია.
ფრანგულ კერძად ხახვის წვნიანი და მოხარშული კომბოსტოს მჟავე ითვლება, რაც ძალიან არ მომწონს. უყვართ ძეხვეული. სტუდენტები მიირთმევენ სენდვიჩებს და სალათებს, ასევე, უგემრიელეს პაშტეტს, რაც ძალიან კალორიულია. იქ სახლში საჭმელს თითქმის არავინ ამზადებს, მაღაზიებში მხოლოდ მოხუცები იძენენ პროდუქტის მარაგს.
- სხვა ეროვნებისა და კულტურის ხალხს როგორ შეეგუე? როგორები არიან შენი ფრანგი მეგობრები?
- არაჩვეულებრივები! მთელ უნივერსიტეტში მხოლოდ 20 პროცენტია უცხოელი, დანარჩენი ადგილობრივი ფრანგია. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, როგორები იყვნენ, როგორ შევეგუებოდი და ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ ისეთი დადებითი, კეთილი და კარგი ხალხია, ადვილად დავუახლოვდი. თან თუ უცხოელი ხარ, ყველანაირად ცდილობენ, მხარში დაგიდგნენ და დაგეხმარონ.
ძალიან უყვართ კითხვა, წიგნები... იქ უამრავ ახალგაზრდას დაინახავ წიგნით ხელში მეტროში, ავტობუსში, პარკში... საერთოდაც ძალიან ბევრი წიგნის მაღაზიაა, ბევრი გაზეთი იბეჭდება და მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს ელექტრონული ვერსიაც აქვს, ფრანგები მაინც ბეჭდურ მედიას ამჯობინებენ. დილაობით კაფეებში გაზეთში თავჩარგულ უამრავ ადამიანს დაინახავთ, რომლებიც თან კრუასანს და ყავას მიირთმევენ. წერილების და მისალოცი ბარათების კულტურა აქვთ შემონახული. წერილებს ელექტრონული კი არა, ჩვეულებრივი ფოსტის საშუალებით ვიღებთ. ჩემს ფოსტაში, მაგალითად, დღეში 4-5 წერილი მხვდება, მეგობრებისგან თუ სხვადასხვა ორგანიზაციისგან. ხელით ვწერთ საგამოცდო საკითხებსაც და არა ელექტრონული საშუალებით, ამიტომ მათ გასწორებასაც დიდი დრო, დაახლოებით ერთი თვემდე სჭირდება.
ზოგადად, ფრანგები გემოვნებიანი, მაგრამ უბრალო ხალხია. ვერავინ მიხვდება, თუ რატომ შეიძლება გინდოდეს ბოლო მოდელის ტელეფონი, ან ბრენდული სამოსი. აცვიათ უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით, უყვართ მაღალწელიანი ჯინსები. მოხუცებიც კი, ველოსიპედით, ბედნიერი და ღიმილიანი სახით სეირნობენ, სიცოცხლე უხარიათ...
- საქართველოს შესახებ თუ იციან რამე შენმა მეგობრებმა?
- გამიკვირდა და, იცნობენ საქართველოს. ძალიან მოსწონთ ქართული დამწერლობა და ხშირად მთხოვენ, ჩემს ენაზე რამე დავწერო. თავიდან, როცა დედაჩემის გამოგზავნილი მესიჯი ვაჩვენე, ვერ დაიჯერეს, რომ ეს ნაწერი იყო, რა არის ეს ნახატებიო, მკითხეს!
ერთხელ ლექტორმა სტალინი ახსენა და აღნიშნა, რომ ის იყო რუსი დიქტატორი. მე შევუსწორე, რუსი კი არა, სტალინი ჩემი სამშობლოდან იყო, ქართველი და იოსებ ჯუღაშვილი ერქვა-მეთქი. რა გიხარია მერეო, მითხრა!
- ყველაზე მეტად რა გინდა იყოს ჩვენს ქვეყანაშიც, რაც საფრანგეთში მოგწონს და გხიბლავს?
- ხალხის სიმშვიდე და მშვიდი ცხოვრება, ბევრი სიკეთე და ღიმილი! - აი, ეს მხიბლავს ყველაზე მეტად. ცხოვრობს ყველა თავისთვის და არავინ ერევა სხვის ცხოვრებაში. ბედნიერი ხალხია, მცირე დეტალები ახარებთ და აბედნიერებთ. მაგალითად, აივანზე გამოდგამენ ყვავილების ქოთნებს და ამით ხარობენ, ქუჩაში გაგიღიმებენ, მოგესალმებიან და ამით ხარობენ... ხარობენ წვრილმანებით და ასე აწყობენ თავიანთ ბედნიერებას. აი სწორედ ეს მინდა ყველაზე მეტად ჩემი ქვეყნისთვის!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...