სიახლეები
ინტერვიუ

„თუ შენი მოწოდება არ არის პედაგოგობა, წადი, ბავშვებს შეეშვი!“ 
25-08-2019
-
+


ზუგდიდის თეატრის მსახიობი, ზურაბ ანთელავა ფართო საზოგადოებამ  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის მეგრული კლანის წარმომადგენლის, კვაზი მანტკავას როლს თამაშობს. თავადაც სამეგრელოში დაიბადა, მაგრამ თბილისში, მამიდასთან იზრდებოდა. 4 თვის იყო, მშობლები რომ გაიყარნენ. მისი უფროსი ძმა დედას „ერგო“, ზურაბი კი – მამიდას... ვენერა მამიდა ძმისშვილს არაფერს აკლებდა და ბატონი ზურაბი ამბობს, რომ უდედოდ გაზრდა არც უგრძვნია. ამაყობს თავისი გვარითა და წარმომავლობით და ისეთივე სიცელქე უყვარს, როგორიც ბავშვებს ახასიათებთ.

–  ბავშვობიდან ცელქი და მაიმუნი ვიყავი, როხროხა და დოღრიალა. საბავშვო ბაღის მერე არც შევცვლილვარ, ისეთივე დავრჩი. ზუგდიდში დავიბადე, მაგრამ მერე თბილისში ვიზრდებოდი. ჩემი ძმა ზუგდიდში გაიზარდა. ძალიან კარგად მახსენდება სკოლა და ჩემი ჟუჟუნა მასწავლებელი, რომელიც პირველიდან მეოთხე კლასამდე მყავდა. ულამაზესი ქალი იყო. სამწუხაროდ, მეორე წელია, რაც გარდაიცვალა. ძალიან მიყვარდა ჩემი ჟუჟუნა მასწავლებელი. ისეთი ლამაზი იყო და მე ისეთი თავხედი და უზრდელი ვიყავი, მამიდაჩემს ვუთხარი, გთხოვ, გააგებინე, რომ დამიცადოს, გავიზრდები და ცოლად მოვიყვან-მეთქი. მე მამიდას გაზრდილი ვარ.

–  მამიდა რატომ გზრდიდათ?

–   4 თვის ვიყავი, ჩემი მშობლების ოჯახი რომ დაინგრა და მე მამა და ბაბუა მზრდიდა. სულ ვჭირვეულობდი და წლინახევრის ვიყავი, მამიდაჩემს რომ უთხრეს, წაიყვანე, იქნებ გადაარჩინოო და წამომიყვანა მამიდამ თბილისში.

–  დედა სად წავიდა?

–  დედა ჩემს ძმასთან ერთად ცხოვრობდა ზუგდიდში. ხნიერი იყო, როცა გარდაიცვალა. მე მასთან არ მიცხოვრია. როცა გაიყარნენ, ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე უფროსია, დედასთან დარჩა და მე – მამასთან. მერე, მამამ მეორე ოჯახი შექმნა, გალში, თაგილონში გადავიდა და იქ ცხოვრობდა.

–  დედის გარეშე ალბათ გიჭირდათ ბავშვს...

–  საბედნიეროდ, არ გამჭირვებია, მამიდა ჩემთვის ყველაფერი იყო.  3-4 წლამდე დედას ვეძახდი. მერე გავიგე, რომ დედაჩემი არ იყო.  ჩემი შვილად აყვანის იურიდიული საბუთიც კი ჰქონდა, მაგრამ მამიდას ვეძახდი სულ. მარტო ჩემი მამიდა კი არ იყო, არამედ ყველა ჩემი მეგობრის, კლასელის... ინსტიტუტსა თუ სკოლაში ყველა მამიდას ეძახდა. თელავის თეატრში რომ ვმუშაობდი, იქაც მამიდას ეძახდა ყველა და პრემიერებზე იწვევდნენ. მამიდა ჩემთვის ყველაფერი იყო – დედა, მამა, ძმა, მეგობარი... არ მაგრძნობინებდა, რომ დედა გვერდით არ მყავდა. მე შემომწირა თავი. პირადი არ ჰქონია, მე ვიყავი მთელი მისი ცხოვრება.

–  სკოლას დავუბრუნდეთ. ჟუჟუნა მასწავლებლის გარდა, კიდევ რომელი პედაგოგი გახსოვთ?  

–  პიონერთა სასახლეში იყო სასწაული პედაგოგი, ცირა ქიტიაშვილი. მერვე კლასში ვიყავი, ხელი რომ მომკიდა და აღარ გამიშვა. მაშინ დიდი იუბილე მზადდებოდა მოსკოვში სამამულო ომის თემაზე და რაღაც კომპოზიციაში მივიღე მონაწილეობა ჩემი დოღრიალა ხმის დამსახურებით და მას მერე დაიწყო ჩემი მსახიობობა. ჩემ გარდა ჩვენს გვარში მანამდე მსახიობი არავინ ყოფილა. ოლიმპიადებზე დავდიოდი, ვკითხულობდი პოეზიას...

ჟუჟუნა მასწავლებელი სულ მირეკავდა. ესპანეთში ვიყავი 10 წელი და რომ ჩამოვედი და დამირეკა, მკითხა, ზურიკო, თმები ხომ არ გაგცვივდაო. არა-მეთქი, ვუპასუხე. ღიპიანი ხომ არ ხარ, ბიჭოო. არა,  რას ბრძანებთ-მეთქი... მერე მოდი ერთი გნახოო და მივედი. აგარაკზე ცხოვრობდა ბოლოს. დიდი ტრაგედია გადაიტანა –  შვილები გარდაეცვალა... რომ მივედი, ამდენი წლის უნახავი, ისევ ისეთი კეკლუცი იყო, ისევ  ისეთი ლამაზი. იცოდა, როგორ ვაღმერთებდი...

სკოლაში თეატრის ბილეთებს არიგებდნენ ხოლმე ჩვენს დროს. ერთი პედაგოგი შემოვიდა და იკითხა, ვინ არ მოიტანა ბილეთების ფულიო. უთხრეს, ანთელავამო. მე-8 თუ მე-9 კლასში ვიყავით. გარდატეხის ასაკში ვარ, ვიღაც მომწონს, თავს ვაწონებ... ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, გავშავდი. მითხრა, შე გაუზრდელოო. ისე ვიღრიალე ჩემი როხროხა ხმით, დირექტორი ამოვარდა დაბლიდან. ასეთი ადამიანები პედაგოგებად არ უნდა მუშაობდნენ. ახლა რომ ბულინგს ეძახიან, ეს ქმედება იყო. 31 ბავშვში რომ ამაყენებ და 3 მანეთის გამო შეურაცხყოფას მომაყენებ მოზარდს, პედაგოგი აღარ გქვია.   

– კარგ ნიშნებზე სწავლობდით?

–  მერვე კლასამდე კარგად ვსწავლობდი. მამიდა მათემატიკაში მამეცადინებდა. პიონერთა სასახლეში რომ დავიწყე სიარული, სწავლას შევეშვი. მანამდე ცურვაზეც დავდიოდი. მერვეკლასელს სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივები მქონდა უკვე შესრულებული. დიდი მომავალი მქონდა ცურვაში, მაგრამ ამ სასახლემ და მხატვრულმა კითხვამ მსახიობობისკენ წამიყვანა. არადა, წყალბურთში დიდი წარმატება მელოდა. მთავარი ხომ მიზანია, რომელიც სიცოცხლეზე მეტი უნდა იყოს. ამას ვეუბნები ყოველთვის ჩემს შვილებსაც და თქვენც იგივეს გეტყვით, თორემ  სხვაგვარად ვერ მიაღწევთ ვერაფერს.

ნახალოვკაში, თბილისის მე-14 სკოლაში დავიწყე თავიდან სწავლა. კინო „საქართველოსთან“ იყო ჩვენი სკოლა და ამ კინოში, სადაც ორი დარბაზი იყო, მუდამ მქონდა ჩემთვის 5 ადგილი ნებისმიერ ფილმზე და შემეძლო მეგობრები შემეყვანა. ასეთი გავლენიანი ნათლიები და მეგობრები მყავდა. თემურ გიორგაძის სახელით ყველგან „ვბლატაობდი“. უბანში ყველა მიცნობდა. იმ ეზოში გავიზარდე, სადაც ფეხბურთელი ვოვა გუცაევი ცხოვრობდა. თითქმის თანატოლები ვიყავით. მას ალბათ აღარც ემახსოვრება, მაგრამ მე კარგი მეხსიერება მაქვს. ფეხი როგორ ავიდგი, ისიც კი მახსოვს – წლინახევრის ვიყავი. პირველი სიტყვაც მახსოვს, რომელიც ვთქვი – კარი და მანონი. მარინა ერქვა ჩემს ნათლიას და მანონის ვეძახდი. ბაღში რომ მიყვარდა, ის გოგონა შემხვდა ერთხელ მეტროში და ვიცანი.  სკოლაშიც მიყვარდა ერთი... მეოცნებე და რომანტიკოსი ვიყავი. ერთკაპიკიანებს ვაგროვებდი. ის გოგონა ჩემ წინ იჯდა ხოლმე. ქიმიის გაკვეთილზე ეს ბევრი ერთკაპიკიანი თავზე დავაყარე. ეს იცით რა ჟესტი იყო?  „მე შენ ოქროში ჩაგსვამ“ ნიშნავდა. ჩვენი კლასელის ნათლია იყო ჩვენი ქიმიის მასწავლებელი. ხელი მომითათუნა და მითხრა, ჯერ ადრეა შვილო, მერე ჩასვი ოქროშიო. რაღაც წიგნს ვკითხულობდი წინა დღეს და ეს რომანტიკა იმან მოიტანა.

–  ნახალოვკელი ბიჭი ქუჩაშიც ხშირად იყავით?

–  დიახ, მამიდაჩემმა მოასწრო და მომარიდა ქუჩას. დიღომში გადამიყვანა სასწავლებლად და ცოტა „მომიჭირა“. 130-ე სკოლა დავამთავრე დიღომში. ეს იყო მიშა გიორგაძის სკოლა, მან ააშენა და სასწაული პედაგოგები მიიყვანა იმ სკოლაში. ყველაზე დიდი სკოლა მაინც სოსო ფალავანდიშვილმა, სიმღერის პედაგოგმა გამომატარა. გიგი დედალამაზიშვილი რომაა, ჯგუფ „მგზავრების“ წევრი, იმ ბიჭის ბაბუა იყო მასწავლებელი, სოსო ფალავანდიშვილი, რომელმაც მხოლოდ სიმღერა კი არ მასწავლა, არამედ ყველაფერი, თუკი რამე კარგი მაქვს. მე-9 მე-10 კლასში ცოტა „ავარდნილები“ ვიყავით, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ვინც მის გუნდში ვიყავით, ყველა წარმატებული ადამიანები ვართ. ნამდვილი პედაგოგი ამას ნიშნავს! ვახო მიგინეიშვილი იყო ფიზიკის მასწავლებელი, ავთო დოგრაშვილი მათემატიკას მასწავლიდა.... მათ მოგვცეს გეზი კაცობისა და ვაჟკაცობისკენ, რაინდობისკენ. სკოლა რომ დავამთავრეთ, ერთად ვქეიფობდით. ქეიფი ღვინის ჩასხმა არაა, არამედ მთავარი სადღეგრძელოა, რომელიც თავისთავად სიბრძნეა.

სამსახიობოზე მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი და რასაც ჩემს პროფესიაში მივაღწიე, ყველაფერი მისი დამსახურებაა. ასევე, გურამ საღარაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე იყვნენ ჩემი პედაგოგები მეოთხე კურსზე. წარმოგიდგენიათ, რა სკოლა მაქვს გავლილი მხატვრული კითხვისა?! ამ დროს რატომ უნდა მესწავლა ალგებრა თუ გეომეტრია?! ზოგადი განათლება კარგია, მაგრამ სპეციალობას რომ აირჩევ... მსახიობმა კუბის ამოყვანა თუ არ ვიცი, რა მოხდა მერე, მჭირდება?! ჯობია, ის დრო კითხვაში დამეხარჯა.

– კითხვა გიყვარდათ?

–  რა თქმა უნდა! მეხუთე კლასში ვიყავი, „გმირთა ვარამი“ უკვე წაკითხული რომ მქონდა და „წყნარი დონი“ წავიკითხე. მას მერე წიგნი არ გამიშვია ხელიდან. მიმაჩნია, რომ წიგნი გონების პირველი ვარჯიშია. ჩემი ქართულის მასწავლებელმა, რუსუდან მხეიძემ შემაყვარა ლიტერატურა და წიგნი. მთავარია, პედაგოგობა შენი მოწოდება იყოს და ბავშვების აღზრდით იყო მოხიბლული. თუ შენი მოწოდება არ არის ეს პროფესია, წადი და საცხობში იმუშავე და იქაც აიღებ ხელფასს, ბავშვებს შეეშვი!  პედაგოგმა ხომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა შექმნას, მომავალი თაობა უნდა გაწვრთნას?! ყველაზე დიდი ხელფასიც პედაგოგს უნდა მისცე და არა პარლამენტის დეპუტატს თუ მინისტრს.

–  შვილების აღზრდისას თქვენი მთავარი მესიჯი რა იყო?

–  სიკეთე და ერთგულება. რომ ვუყურებ ჩემს შვილებს, ამ იდეების ჩანერგვა შევძელი მათში. შვილიშვილი მყავს, პატარა ზუკა, რომელიც ხატავს, ძერწავს... სექტემბრიდან კალათბურთზე და ცურვაზე უნდა დაიწყოს სიარული. მეორე კლასში გადავიდა და უკვე ვატყობ, გენი თავისას აკეთებს, ანთელავების გენი. ანთელავებში 12 ადამიანი ენციკლოპედიაშია შესული. მეც ვარ ენციკლოპედიაში შესული უკვე, რადგან დრამატული თეატრის პირველი მსახიობი ვარ, რომელმაც მივიღე სახელმწიფო პრემია ყველაზე ახალგაზრდა ასაკში.  ამ გარემოში იხარშებოდნენ ჩემი შვილები, ასე იზრდება ჩემი შვილიშვილიც.

–  ამბობთ, ცელქი ვიყავი ბავშვობაში და არ შევცვლილვარო...

–  დიახ, ახლაც ცელქი ვარ. მეუბნებიან ხოლმე, კარგი რას აკეთებ, სირცხვილიაო.

–   და რას აკეთებთ ასეთს?

–  გაგიჟება მინდა ხოლმე და ვგიჟდები, ოფოფებს ვუშვებ, დავიყვირებ რამეს... ერთი სიტყვით, ვცელქობ, ვხტუნაობ, ვუსტვენ, ვმღერი...

–  ქუჩაშიც?

–  რატომაც არა?! „ჩემი ცოლის დაქალებში“ გრიშას და კვაზის შერიგებისა და ჩახუტების სცენა რომ გადავიღეთ ტყეში, ძალიან დიდხანს მოვუნდით. ბოლოს ყვირილი მომინდა. გამოვედი გვერდზე და ვიყვირე – ააააა.... დავიცალე და კარგად ვიგრძენი თავი.

–  ხალხის რეაქცია როგორია ხოლმე ასეთ დროს?

–  რაში მაინტერესებს?! ზოგი იფიქრებს, გიჟიაო. ქუჩაში სხვებიც ხომ ლაპარაკობენ?! ნახეთ, რამდენი ადამიანია ქუჩაში აგონიაში გაჭირვებისგან, რომლებიც საკუთარ თავს ელაპარაკებიან. მეც რომ დამინახავს ვინმე ამ დღეში, ალბათ იტყვის, საწყალი, უჭირსო. ამ დროს ჩვენში დაგროვილი უარყოფითი ენერგია ხომ უნდა გამოიტანო გარეთ? ამიტომაც საჭიროა ყვირილი, ხმამაღლა გადახარხარება და ეს შველის ძალიან, თავისუფლდები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება