მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსწავლეთა მშობლებს ახალი საზრუნავი უჩნდებათ, - შვილების სასკოლოდ მომზადება, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასკოლო წიგნებს, საჯარო სკოლებში ბავშვები უსასყიდლოდ ღებულობენ, მაგრამ გარდა ამისა, მოსწავლეს სჭირდება სასკოლო სამოსი, ტანსაცმელი სპორტის გაკვეთილებისთვის, ფეხსაცმელი, სასკოლო ჩანთა და საკანცელარიო ნივთები.
ამ ყველაფრის არჩევანი დიდია, ფასები კი განსხვავებული. თუ სასკოლო ნივთებსა და აქსესუარებს ბაზრობაზე შეიძენთ, ნაკლებად დაიხარჯებით, ბრენდული სამოსისა და ნივთების შეძენის მსურველებს კი, შვილის სკოლაში გაცილება, ძვირი დაუჯდებათ.
სასკოლო ჩანთების ფასები საკანცელარიო მაღაზიათა ქსელებში და ბაზრობებზე, 11.95 ლარიდან იწყება და 160-180 ლარამდე მერყეობს. ჩანთის შეძენის დროს გასათვალისწინებელია მისი მწარმოებელი ქვეყანა, ქსოვილის ხარისხი, გამოსაყენებელი სათავსების რაოდენობა და მოსწავლის ასაკი, ვისთვისაც ჩანთაა განკუთვნილი. სხვადასხვა ბრენდის სასკოლო ჩანთა, მათ შორის, გორგოლაჭებითა და ორთოპედიული საზურგით, გაცილებით ძვირი ღირს და მისი ფასი 100 ლარიდან იწყება.
როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ არის ბაზრობებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში საკანცელარიო ნივთები, რაც დოლარის კურსის მკვეთრ მატებამდე და ქაღალდის ფასის ზრდამდე შემოიტანეს. აქ შეგიძლიათ, ისინი გაცილებით დაბალ ფასად შეიძინოთ. როგორც ერთ-ერთი საკანცელარიო მაღაზიის მენეჯერმა etaloni.ge- სთან საუბარში აღნიშნა, ფასები შენარჩუნებულია იმ ნივთებზე, რომელიც გასულ წელს შემოიტანეს:
„რასაც ვყიდით, ჯერჯერობით ძველი კურსით გვაქვს შეძენილი, ამიტომ ჩვენ არაფერი გაგვიძვირებია. მას შემდეგ, რაც ქაღალდი გაძვირდა და დოლარის კურსიც შეიცვალა, ჯერ არაფერი შემოგვიტანია. ახალ ნივთებს, თავისთავად, ახალ ფასად შევიძენთ და ასეთ ფასებშიც ვეღარ გავყიდით“, - აღნიშნა მაღაზიის მენეჯერმა.
იქ, სადაც ჯერ კიდევ ძველი ფასებით ვაჭრობენ, რვეულს, მისი ფურცლების რაოდენობიდან და ხარისხიდან გამომდინარე, 0. 30 ლარიდან 1.30 ლარამდე შეიძენთ, კალმების ფასი 0.20-დან - 2.50 ლარამდე მერყეობს, უბრალო ფანქრები 0.30 ლარიდან, ფერადი ფანქრები კი, 3 ლარიდან 15 ლარამდე თანხით შეგიძლიათ შეიძინოთ. 5-დან 10 ლარამდე შეძლებთ პენალის შეძენას, 0.20 ლარი საშლელი, 0.30-დან 1 ლარამდე სათლელი, სახატავი რვეული კი, 1-დან 5 ლარამდე დაგიჯდებათ... შედარებით ძვირია საკანცელარიო ნივთების შეძენა მაღაზიებში და ბაზრობებზე, სადაც დოლარის კურსისა და ქაღალდის ფასის ზრდის შესაბამისად ვაჭრობენ. აქ რვეულის ფასი - 0.55 ლარიდან 2.50 ლარამდე მერყეობს, კალმები 0.50-დან 3 ლარამდე, უბრალო ფანქრები 0.50-დან 2 ლარამდე, ფერადი ფანქრები 5-დან 10 ლარამდე, სახატავი რვეული 2.50-დან 6 ლარამდე დაგიჯდებათ. რაც შეეხება პენალს, მისი ფასი ზოგიერთ საკანცელარიო მაღაზიაში, ხარისხისა და დიზაინის შესაბამისად, 1.95-დან 49.95 ლარამდე მერყეობს.
თეთრი პერანგებისა და შარვლების შეძენას ბაზრობაზე თუ სხვადასხვა მაღაზიაში, მოსწავლეთა მშობლები 20-დან 70 ლარამდე შეძლებენ, შავ-თეთრი კომბინიზონები, რაზეც სასკოლოდ გაზრდილი მოთხოვნაა, 50- დან 70 ლარამდე თანხით შეგიძლიათ შეიძინოთ. ფეხსაცმლის შეძენას 40-160 ლარად შეძლებთ, რომლის ფასსაც, შესაბამისად, მისი ორთოპედიული დატვირთვა, ხარისხი და ფაქტურა განსაზღვრავს.
რა დაუჯდათ შვილების სასკოლოდ გამზადება, etaloni.ge- სთან მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ.
მარი დათეშიძე, პირველკლასელის მშობელი:
„ჩემი გოგონა წელს პირველად მიდის სკოლაში და ამიტომ სასკოლო მზადებაც ნაადრევად დავიწყეთ. მისთვის საჭირო ყველა ნივთი უკვე შევიძინეთ, რაც არც თუ მცირე თანხა დაგვიჯდა. იმისათვის, რომ ბავშვის ხერხემალი არ დაზიანდეს და მსუბუქი და ხარისხიანი ჩანთაც ატაროს, კარგა ხანს ვიარეთ ბაზრობებზეც და მაღაზიებშიც. საბოლოოდ ჩანთაში, რომელსაც ორთოპედიული საზურგე აქვს და ამავე დროს, შეიძლება გორგოლაჭებითაც ატარო, 160 ლარი გადავიხადეთ. სამაგიეროდ, ნიტას ეს ჩანთა 2- 3 წელი გამოადგება. შევიძინეთ ასევე, სასკოლო რვეულების, ფერადი თუ უბრალო ფანქრების, წიგნის გადასაკრავების და ყველა საჭირო ნივთის გარკვეული მარაგი, ასევე ხარისხისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ერთიანად 250 ლარამდე დაგვიჯდა. ორთოპედიულ ფეხსაცმელში 95 ლარი გადავიხადეთ, პერანგები 30-35 ლარად, შარვალი 50 ლარად, ბოლოკაბა კი 40 ლარად შევიძინეთ. ბავშვის სასკოლოდ მომზადება 600 ლარამდე ან შესაძლოა ცოტა მეტიც დაგვიჯდა“.
მაკა მამისეიშვილი, მე-4 და მე-7 კლასების ბავშვების მშობელი:
„წელს, შედარებით, ყველაფრის ფასი გაზრდილია. ჩანთები ორივე ბავშვს გასულ წელს ვუყიდე 30-30 ლარად, წელს კიდევ გაუძლებთ, მაგრამ საკანცელარიო ნივთებია გაძვირებული. მართალია, 20 თეთრადაც შეიძლება იყიდო კალამი, მაგრამ მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა. გაძვირებულია რვეულები, ყველა თვითნებურად ადებს ფასს და დიდხანს უნდა ეძებო, რომ მისაღებ ფასად შეიძინო. ფეხსაცმელი, პერანგები და სპორტული სამოსი, ორივე ბავშვისთვის შევიძინე, რაც დაახლოებით 150-150 ლარი დაგვიჯდა. ჯამში, თითოეულ ბავშვზე სასკოლოდ 300 ლარამდე დავხარჯეთ, მაგრამ მხოლოდ სკოლა ხომ არ არის, ბავშვები დადიან ცურვაზე, ცეკვის წრეზე, სადაც ასევე შესაბამისი სამოსი და აქსესუარია საჭირო. ამისათვის ჯერ არაფერი შეგვიძენია.“
ასე რომ, თუ ზოგიერთ მშობელს შეუძლია ბავშვის სასკოლოდ გასამზადებლად 600 ლარი და მეტი დახარჯოს, სხვა იგივე თანხას ორ ბავშვზე ანაწილებს. სურვილი კი, ორივე მშობლის, ერთი და იგივეა, - მისი შვილი სკოლაში მოწესრიგებული, გახარებული, ბედნიერი და სხვებისგან გამორჩეული წავიდეს. თუმცა, რამდენს დახარჯავს მშობელი შვილის სასკოლოდ მოსამზადებლად, მხოლოდ მის ბიუჯეტზეა დამოკიდებული.
ასევე იხილეთ: ვამზადებთ ბავშვს 1-ლი კლასისთვის - 25 აუცილებელი ნივთი, რომელიც უნდა შეიძინოთ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?
მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია