როდესაც საქმე ბავშვისთვის ბოდიშის მოხდას ეხება, მშობლები იბნევიან - როგორ ითხოვონ პატიება სწორად. მოგითხრობთ რას გვირჩევენ ფსიქოლოგები.
ჩვენ ძალიან გვინდა ვიყოთ კეთილი, გამგები და შვილის მხარდამჭერი მშობლები, მაგრამ ხანდახან მყვირალა ტირანები ვხდებით და მორჩილებას ვითხოვთ. ხანდახან გვესმის, რომ ჩვენი ტონით საყვარელ შვილებს ზიანს ვაყენებთ, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში გაჩერება რთულია.
როდესაც ჩვენ შვილის წინაშე ბოდიშს ვიხდით, ამით ვაჩვენებთ, რომ ყველა ადამიანი შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ ამასთან პატიების ღირსნი ვართ. ბავშვები ყოველთვის მშობლის მაგალითზე სწავლობენ. თუ ზრდასრულები გულწრფელად არ ითხოვენ პატიებას, მაშინ ეს გამოცდილება არ ექნებათ ბავშვებსაც.
პატიების თხოვნისას საკუთარი დანაშაული ან საკუთარი ქცევის უადგილობა უნდა დავადასტუროთ. გამოვთქვათ ჩვენი სურვილები და, თუ აუცილებელია, სიტუაციის გამოსწორების ვარიანტები შევთავაზოთ. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში საჩუქრებით დანაშაულის გამოსყიდვა არ შეიძლება.
სიტუაციები, რომლის დროსაც აუცილებელია ბავშვისთვის პატიების თხოვნა:
- თუ დაჰპირდით მაგრამ ვერ შეასრულეთ;
- უყვირეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არასწორი იყო;
- დაადანაშაულეთ იმაში, რაც არ ჩაუდენია;
- უხეში სიტყვებისთვის;
ვარიანტი - 1 - არასწორი. დაუსრულებელი ბოდიშები
ბევრი თანამედროვე დედა და მამა, რომელთაც არ სურთ საკუთარი მშობლების შეცდომის გამეორება და ცდილობენ საკუთარი შვილებისთვის იდეალურები იყვნენ, შესაძლოა უკიდურესობაში ჩავარდნენ.
შესაძლოა, თქვენს ბავშვობაში, დედა, ჩვეულებრივ, თქვენს წინაშე დანაშაულს არ აღიარებდა და მასზე გაბრაზებას და განაწყენებას გიკრძალავდათ. თქვენ კი კარგად გახსოვთ, როგორი მწარე და უსამართლო იყო ეს. ამიტომ დიდია იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ შეეცდებით საკუთარი შვილი სხვაგვარად გაზარდოთ.
ხდება, როდესაც მშობლები ბავშვის წინაშე გამუდმებით იხდიან ბოდიშს ნებისმიერი პედაგოგიური შეცდომისთვის, აწეული ტონისა და უხეში სიტყვისთვის. გამუდმებით დამნაშავე მშობელს კი შეუძლია უნებლიეთ ბავშვებში დაუცველობის გრძნობა გააჩინოს.
„თუ დედა და მამა ასე ხშირად ვერ უმკლავდებიან თავის გრძნობებს, რისთვისაც ასე ხშირად იხდიან ბოდიშს, მაშინ წესრიგშია ყველაფერი ჩემს სამყაროში, შემიძლია თავს მათი დაცვის ქვეშ ვგრძნობდე?“ - დაახლოებით ამას შესაძლოა გრძნობდეს ბავშვი.
როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? შეეცადოთ იყოთ უფრო ცოცხალი, ზოგჯერ გაბრაზებულიც.
ვარიანტი 2 - ასევე არასწორი. როდესაც მშობელი ყოველთვის მართალია
ხდება ისეც, რომ მშობელი საკუთარი ავტორიტეტის შენარჩუნების მიზნით, ბავშვის წინაშე საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს სინამდვილეში დამნაშავედ გრძნობს.
უნაკლო მშობელი, რომელიც არასოდეს ცდება, ასევე არ უწყობს ხელს ბავშვის ჯანმრთელ განვითარებას.
ბავშვს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს შეცდომების დაშვების შიში, იმ დონემდეც კი, რომ გადაწყვიტოს - ხელი არაფერს მოჰკიდოს, რადგან ეს ყველაზე საიმედო ხერხია არაფერი შეეშალოს.
ვარიანტი 3 - სწორი. ბოდიშის სწორად მოხდა და შესაფერისი ფრაზები
არ ღირს პატიების თხოვნა, თუ სიბრაზე, რომლის დროსაც ბავშვს რაღაც ნეგატიური უთხარით, ჯერ არ განელებულა. რადგან ასეთ შემთხვევაში ყველაზე „სწორი“ პატიებაც კი არაგულწრფელად გაიჟღერებს. უკეთესია საკუთარ თავს ჭეშმარიტი სინანულის გამოსავლენად დრო მისცეთ და პატიების სათხოვნელად აირჩიოთ რამდენიმე შესაფერისი ფრაზა:
- დაასახელეთ გრძნობა, რომელსაც ის, თქვენი ვარაუდით, განიცდის. მისი გაგება რთული არ არის, საკმარისია თავი მის ადგილზე წარმოიდგინოთ.
- შენ, სავარაუდოდ, გეწყინა/შეგეშინდა/გაბრაზდი.
- ეს ნორმალურია, მეც ასევე ვიგრძნობდი თავს მსგავს სიტუაციაში.
- ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა.
- არ მინდოდა შენი განაწყენება/შეშინება.
- მაშინაც კი თუ ვჩხუბობ და გაბრაზებული სახე მაქვს, ძალიან მიყვარხარ. ახლობელმა ადამიანებმა შესაძლოა ერთმანეთს აწყენინონ, იჩხუბონ, მაგალითად მე და მამამ, მაგრამ ამის გამო ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს არ ვწყვეტთ.
ეს ფრაზები ყველა ასაკის ბავშვს შეეფერება, პატარებსაც კი, რომლებიც ახლა იწყებენ მეტყველებას.
4-5-წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ზოგჯერ მიზანშეწონილია მცირედი განმარტების დამატება, რატომ მოიქეცით ასე და რომ ახლა საკუთარ დანაშაულს გრძნობთ.
მაგალითად: გიყვირე, ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. არ მინდოდა შენი წყენინება, რადგან ძალიან მიყვარხარ. დღეს ძალიან დავიღალე, ბევრი საქმე მქონდა და სამსახურში შეცდომებისთვის შენიშვნა მომცეს, მე და შენ ვიცით, როგორი არასასიამოვნოა ეს. მეც თავი ვერ შევიკავე და ახლა თავადვე ძალიან განვიცდი, რომ ასე გამოვიდა, მაპატიე, გთხოვ.“