მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„რეფორმა ნიშნავს, რომ ცვლი სისტემას და ქმნი ახალს, მაგრამ ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ საბჭოთა გადმონაშთს მხოლოდ გარე ფასადი შევუღებოთ“ - ამის შესახებ etaloni.ge- სთან, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შეფასებისას, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ, განათლების სპეციალისტმა შალვა ტაბატაძემ განაცხადა.
ექსპერტის განმარტებით, სისტემაში ბევრი სასიკეთო ცვლილებაა, თუმცა ზოგადი განათლების ოპტიმალური სასწავლო გეგმის შემუშავება, მასწავლებელთა რაოდენობის განახევრების და მათი თანამდებობრივი სარგოს 5000-6000 ლარამდე ზრდის პერსპექტივას მოგვცემს. საპენსიო ასაკის პედაგოგებისათვის ჯილდოს შეთავაზებას კი, განათლების სპეციალისტი, სქემის გახსნის პირველ მცდელობად აფასებს, თუმცა მის ხარვეზებზეც საუბრობს:
- საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს შეთავაზება იყო პირველი მცდელობა, სქემა გახსნილიყო. სისტემაში იყო სერიოზული ჩიხი იმასთან დაკავშირებით, რომ მასწავლებლები, მიუხედავად საპენსიო ასაკისა, არ გადიოდნენ სისტემიდან და, შესაბამისად, ვერც ახალი კადრები შედიოდნენ სკოლაში. ამ მხრივ, მცდელობა და ხედვა არის პოზიტიური ნაბიჯი. თუმცა მას ხარვეზები, სავარაუდოდ, აქვს, - მიუხედავად იმისა, რომ 6000-მა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოთქვა სისტემიდან გასვლის სურვილი ამ ეტაპზე, საინტერესოა, რა პროპორციით გადანაწილდება მათი საათები სკოლაში მომუშავე მასწავლებლებზე და რა პროპორციით გახდება საჭირო ახალი კადრების შეყვანა სკოლაში.
თავიდან იყო საუბარი, რომ დარჩენილი ვაკანსიები, უმეტესწილად, შიდა კადრებით ჩანაცვლდა, ჯერ 500 ვაკანსია ჰქონდათ გამოცხადებული, შემდეგ უცებ გამოცხადდა 6600 ვაკანსია, რაც ცოტა ხელოვნური მგონია.
გამოდის, რომ თუ არსებულ კადრებზე ხდება საათების გადანაწილება, მიზანს, რომ ახალი კადრები მოვიზიდოთ, ვერ მივაღწიეთ. რადგან მიზანი მათი მოზიდვა იყო და არა მაინცდამაინც პენსიონერი მასწავლებლების სახლში გაშვება.
- ჩემი ინფორმაციით, რაც პირადად დირექტორებისგან მოვისმინე, ეს მასწავლებლები ძირითადად, ნახევარ განაკვეთზე მუშაობდნენ და ამიტომაც გახდა მარტივად შესაძლებელი მათი საათების შიდა კადრებზე გადანაწილება.
- მასწავლებლების 52 პროცენტი სრულ განაკვეთზე არა გვყავს, ამიტომ ბევრი მასწავლებელი სრულ განაკვეთზე ვერ იქნება. სწორედ ეს ამჟღავნებს ჩვენი სისტემის აბსურდულობას, რომ გვყავს 63 ათასი მასწავლებელი და სინამდვილეში სულაც არ გვჭირდება ამდენი. პირობითად, შეიძლება 12 ათასი პედაგოგიც გავიდეს სისტემიდან, მაგრამ მათი ახლით ჩანაცვლება საჭირო არ გახდეს, რადგან რეალურად, მოსწავლე-მასწავლებლის შეფარდება გვაქვს დაბალი, საათები გადანაწილებულია ისე, რომ სრულ დატვირთვაზე არ იყვნენ მასწავლებლები, ანუ მასწავლებლების რაოდენობა ხელოვნურად არის გაზრდილი, რაც პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ რთულია გყავდეს ქვეყანაში 63 ათასი კვალიფიციური პედაგოგი. პატარა ქვეყანა ვართ და ამხელა ადამიანური რესურსი არ გაგვაჩნია.
უფრო ადვილია გვყავდეს 30 ათასი კვალიფიციური მასწავლებელი, რადგან რაც მცირეა რაოდენობა, მით ადვილია კარგი კადრების მოძიება, მეტი ხელფასის გაცემა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. გააჩნია როგორ მოვაწყობთ სისტემას, სკოლების განლაგებას, ეროვნულ სასწავლო გეგმას. თუ ამ ყველაფერს მოვაწყობთ ოპტიმალურად, მაშინ შეიძლება, 30 ათასი მასწავლებელიც არ იყოს საჭირო.
მაგალითად, მასწავლებელმა შეიძლება კვირაში მხოლოდ 6 საათი ჩაატაროს გაკვეთილი, მაგრამ სრულად იყოს დატვირთული იმიტომ, რომ ადგილზე კვლევებს ატარებდეს, სხვა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფდეს, მენტორობას უწევდეს მათ, მშობლებთან ურთიერთობა ჰქონდეს, სხვადასხვა პროექტზე მუშაობდეს, ანუ სკოლაში მასწავლებელს სხვაც ბევრი საქმე აქვს, გარდა გაკვეთილების ჩატარებისა. ამ შემთხვევაში ხელფასს მის საათებს კი არ მიაბამ, არამედ, ხელფასები ექნებათ მიუხედავად საათობრივი დატვირთვისა. დღევანდელი სისტემა, სტატუსის შესაბამისად, სხვადასხვა მოთხოვნას გიყენებს, მაგრამ რეალურად ხელფასი მიბმულია მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებულ გაკვეთილებზე. ამიტომ, ეს უნდა შეიცვალოს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ადგილების გათავისუფლებით, ზოგიერთ სკოლაში პრობლემა შეიქმნა. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ საგნებში, სადაც საპილოტე რეჟიმში გარკვეული პროექტები გვაქვს, არ ჰყავთ მასწავლებლები, რადგან პენსიაზე გავიდნენ და ვერ ანაცვლებენ. პრობლემა განსაკუთრებით, არაქართულენოვან და მაღალმთიან სოფლებში მდებარე სკოლებს ექმნებათ. არაქართულენოვან სკოლებში საპენსიო ასაკის 2500 პედაგოგია, ხოლო კადრები, რომლებსაც უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ სისტემაში შესასვლელად, ამ სკოლებისთვის არ არსებობს. ეჭვი მაქვს, რომ იმ მასწავლებლებს, ვისაც დარჩენის სურვილი ექნებათ, მიუხედავად საპენსიო ასაკისა, სკოლებში დატოვებენ.
- ეროვნულ სასწავლო გეგმაში არაერთი ცვლილება დაანონსდა. თქვენი შეფასებით, რა შედეგს მოიტანს შეცვლილი საათობრივი ბადე, რამაც უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი სკოლების დამოუკიდებლობას?
- ეს ინიციატივა ორიენტირებულია სკოლისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებაზე, რაც პრინციპში, კარგია. ახალი სკოლის მოდელი სწორედ ამას გულისხმობს, რომ სკოლამ ავტონომიურად შეძლოს სასწავლო გეგმის შემუშავება. მეორე საკითხია, არიან თუ არა მზად სკოლები ამ სიახლის მისაღებად, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასკოლო ასაკის სასწავლო გეგმა იყო პირდაპირი კოპირება ეროვნული სასწავლო გეგმისა და ცდილობდნენ, არაფერი შეეცვალათ. ის, რომ მეტი ავტონომიურობისკენ არის მიმართული ეროვნული სასწავლო გეგმა, სწორი ტენდენციაა, თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა საგნობრივი ჯგუფების გამსხვილება და საგნების მეტი ინტეგრირება, ისევე როგორც შინაარსისგან მეტად განტვირთვა და მნიშვნელოვანი, ძირითადი საკითხების გამოყოფა.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, გვქონდეს ზოგადი განათლების ოპტიმალური ეროვნული სასწავლო გეგმა. ყველა მასწავლებელს სურს, თავისი საგანი ცალკე საგნად იყოს „ჩაკვეტებული“, ყველა ცდილობს, რომ მისთვის სასურველი ავტორი იყოს შეტანილი, ვიღაცას უნდა, მათემატიკის საათები იყოს საკმაოდ გაწელილი და ბევრი, ანუ კონცეპტუალურად კი არ ვთანხმდებით, რა მინიმალური ცოდნა უნდა ჰქონდეს მოსწავლეს სკოლის დამთავრებისას და რა დიაპაზონი შეიძლება არსებობდეს ამ თვალსაზრისით, არამედ, ვითვალისწინებთ იმას, ვინ რას ფიქრობს და რა უნდათ, რომ იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
შინაარსობრივი და საათობრივი ბადის თვალსაზრისით, მეტად უნდა გავათავისუფლოთ ეროვნული სასწავლო გეგმა, შემდეგ კი მასწავლებლის სტანდარტი მოვარგოთ მას, ინტეგრირებულს და გამსხვილებულს და მხოლოდ ამის შესაბამისად მოვამზადოთ მასწავლებლები.
- საგნების ინტეგრირების მნიშვნელობაზე საუბრობთ, მაგრამ აქამდე ერთადერთი ინტეგრირებული საგანი „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები“ , სექტემბრიდან უკვე, მეშვიდე კლასში ცალკე საგნებად შემოდის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მიერ გამოკითხულმა ყველა დირექტორმა აღნიშნული ცვლილება ცალსახად დადებითად შეაფასა. მათ აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ამ საგნების დიფერენცირებას...
- საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირება, ჩვენთან დახატულია ისე, თითქოს კატასტროფაა და როგორ შეიძლება, ერთმა მასწავლებელმა ასწავლოს! რეალურად, ყველაზე ეფექტური სწავლება, სწორედ ეს არის, უბრალოდ, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია. ამიტომ უარი მიდგომაზე კი არ უნდა ვთქვათ, ეს მიდგომა როგორ განვახორციელოთ, რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ, ამაზე ვიფიქროთ. უმაღლეს სასწავლებლებში უნდა მოვამზადოთ ისეთი მასწავლებლები, რომლებიც ინტეგრირებულად შეძლებენ ამ საგნების სწავლებას. მოქმედი მასწავლებლები კი, უნდა გადავამზადოთ საამისოდ.
სოფლებში რეალური პრობლემა გვაქვს საბუნებისმეტყველო საგნების კვალიფიკაციისა და მასწავლებელთა რაოდენობის თვალსაზრისით. მაგალითად, 20 სკოლაში გვყავს 60 მასწავლებელი, საიდანაც საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტთა კომპეტენცია არის ძალიან დაბალი. ვერ ასწავლიან, როცა შეგვიძლია ავამუშაოთ მიდგომა, მათ შორის დისტანციური სწავლების მიდგომები, საბუნებისმეტყველო საგნებში. ამ შემთხვევაში, ერთმა მასწავლებელმა შეიძლება ასწავლოს ამ 20 სკოლის მოსწავლეს ერთად და ის ერთი იყოს ძალიან კვალიფიციური. თუ ამ მიდგომებს ავამუშავებთ, მაშინ პედაგოგთა ნაკლები რაოდენობა დაგვჭირდება, დარჩენილი მასწავლებლების ანაზღაურება კი შეიძლება იყოს არა 2000, არამედ, 5000-6000 ლარიც, კომპეტენციისა და შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე.
- ახალი სკოლის მოდელი ახსენეთ და თქვენი შეფასებით, რა არის ეს მოდელი, რაც ასე ძალიან მოსწონს სკოლების უმეტესობას?
- ახალი სკოლის მოდელი არის სკოლების მეტი დამოუკიდებლობა. ისინი დამოუკიდებლად ადგენენ საკუთარ სასწავლო გეგმას და კომპეტენციიდან გამომდინარე ახორციელებენ როგორც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე ერთად გეგმავენ გაკვეთილებს, რაც მისაღებია. თუმცა, იმ სკოლაში, სადაც საპილოტე სახით მომზადდა პროექტი, სასწავლო გეგმების დეპარტამენტი იჯდა და ცდილობდა შედეგის მიღწევას, 2086 სკოლაში კი ამის განხორციელება წარმოუდგენელია. ამდენ სკოლაში ვერ დაჯდება ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტი და ვერ იმუშავებს, მხარდამჭერი ჯგუფები კი, ასევე ეფექტურად ამას ვერ გააკეთებინებენ და შესაბამისად, რა სკოლებიც დაემატა პროექტში, იქ უკვე სერიოზული პრობლემები შეიქმნება.
ამ შემთხვევაში, სხვა მიდგომაზე უნდა ვილაპარაკოთ. თუ მხოლოდ მხარდამჭერი ჯგუფები მივლენ და სკოლებს რაღაცას გააკეთებინებენ, მათი წამოსვლის შემდეგ, სკოლები კვლავ ძველ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. ამიტომ ის მხარდამჭერი ჯგუფები, რომლებიც ახლა გარედან შედიან და ასწავლიან სკოლებს, ადგილზე უნდა შეიქმნას. ამისათვის სკოლის მენეჯმენტში, სასწავლო პროცესის მენეჯმენტში, უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას ბუნებრივად და ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებენ.
დღევანდელი დირექტორების უმეტესობა არ არის ისეთი კვალიფიციური, რომ ამ ყველაფერს თავი გაართვას, ამიტომ სამინისტრომ უნდა მონახოს გზები, თუ როგორ შეძლებს ჰყავდეს გარანტირებულად 2086-ვე სკოლაში ისეთი სკოლის დირექტორები, რომელიც ამ მოდელს განახორციელებს. ან გვჭირდება ამდენი სკოლა? როცა ოპტიმალური გადანაწილების პირობებში, 1200 სკოლაც საკმარისი იქნება და უკვე 1200 სკოლის კარგი ხელმძღვანელი დაგვჭირდება.
რეფორმა ნიშნავს იმას, რომ ცვლი სისტემას და ქმნი ახალს, მაგრამ ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ საბჭოთა გადმონაშთს მხოლოდ გარე ფასადი შევუღებოთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...