მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ, რაც გულისხმობს გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე. ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება და უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება დაამატონ ის როგორც პროგრამის რელევანტურ არჩევით გამოცდად.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, მესამე გამოცდა კი დამოკიდებული იქნება პროგრამებზე - ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.
ეთანხმებიან თუ არა სკოლის დირექტორები აღნიშნულ რეფორმებს და რამდენად მისაღებია მათთვის ზოგადი უნარების გამოცდების ამოღება სავალდებულოდ ჩასაბარებელი საგნების სიიდან? - ამ საკითხებთან დაკავშირებით ETALONI.GE სკოლის დირექტორებს ესაუბრა:
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი - მაია ქობულაია:
„ვფიქრობთ, აბიტურიენტი, რომელიც პროფესიად ჰუმანიტარულ მიმართულებას ირჩევს, ისტორია აუცილებლად უნდა იცოდეს. ხოლო, მას, ვისაც ტექნიკური მიმართულება აქვს არჩეული, მათემატიკის ცოდნა მოეთხოვება. რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდებს, ჩემი აზრით, მოსწავლეები იმ ძირითად საგნებს უნდა აბარებდნენ გამოცდებზე, რომლებზეც ორიენტაციას აკეთებენ, რადგან უნარები კონკრეტული საგანია. აქედან გამომდინარე, მივესალმები აღნიშნულ რეფორმას“.
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა:
„განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია. ზოგადი უნარები შეიძლება საგნობრივად გაიბნეს ქართულში, უცხო ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინტერესებზე. მათი ინტერესები ამ კუთხით კი ნამდვილად დაკმაყოფილებულია, რადგან ისინი მიესალმებიან ზოგადი უნარების ამოღებას ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან. რაც შეეხება მესამე საგანს, ვფიქრობ, სწორი მიდგომა იყო არჩევით საგნად ლიტერატურის ჩაბარება ჟურნალისტებისთვისა და ფილოლოგებისთვის. მიმაჩნია, რომ მართებული იქნება თუ ისტორიასთან ერთად აბიტურიენტებს სხვა ჰუმანიტარული დისციპლინების არჩევანის საშუალებაც ექნებათ. ისტორიის ცოდნა სავალდებულოა, თუმცა ჟურნალისტებსა და ფილოლოგებს ლიტერატურის ცოდნაც მოეთხოვებათ“.
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი - მურად ჯიშკარიანი:
„რთულია მოვლენების წინასწარ შეფასება, თუ რას მოგვიტანს აღნიშნული რეფორმები. როგორც სკოლის გამოცდილი მუშაკი გეტყვით, რომ ზოგადი უნარები თითოეულ საგანში უნდა იყოს ჩადებული და რა თქმა უნდა, სასკოლო პროგრამაშიც აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი, რადგან მოსწავლეები აღნიშნულ საგანს სკოლაში არ სწავლობენ, უმაღლესში კი აბარებენ. ამ პოზიციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ზოგადი უნარების ამოღება სავალდებულოდ ჩასაბარებელი სიიდან ბევრ მოსწავლეს შეუმსუბუქებს მდგომარეობას. რაც შეეხება მესამე საგნად ისტორიისა და მათემატიკის ჩაბარებას, ვფიქრობ, აღნიშნული ცვლილება მოსწავლეებს დანარჩენი საგნების მიმართ ინტერესს დაუკარგავს, რადგან ცოდნა იმისთვის არსებობს, რომ გამოიყენო. ვფიქრობ, აბიტურიენტებმა თავად უნდა განსაზღვრონ რომელი საგანი ჩააბარონ დამატებით“.
გორის N12 საჯარო სკოლის დირექტორი - რუსუდან ლომიძე:
„ჩემთვის მისაღები და ლოგიკურია ზოგადი უნარების ამოღება სავალდებულო საგნების სიიდან, რადგან ის, როგორც საგანი არ არსებობს და ბავშვის უნარები ნებისმიერ საგნობრივ დისციპლინაში გამოიკვეთება. გარდა ამისა, ზოგადი უნარების შეძენა, დახვეწასა და ცვლილებებზე ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უნდა მუშაობდეს. რაც შეეხება მესამე საგნის ჩაბარებას, მივესალმები ჰუმანიტარული პროფესიის არჩევის შემთხვევაში ისტორიის, ხოლო, ტექნიკური პროფესიის შემთხვევაში მათემატიკის ჩაბარებას, რადგან მიმაჩნია, რომ აბიტურიენტი, რომელიც ჟურნალისტიკურზე აბარებს, ლიტერატურა აუცილებლად უნდა იცოდეს“.
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი - ელისო სიჭინავა:
„ვფიქრობ, ყველა ჩატარებული რეფორმა განათლების სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილებაც სასკოლო სისტემაში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარეა მიღებული. ჩემი აზრით, ზოგადი უნარების ჩაბარება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა აჯობებს უმაღლესმა სასწავლებლებმა თავად გადაწყვიტონ, რომელი საგანი ჩააბარონ მოსწავლეებმა დამატებით საგნად. მესამე საგნის ჩაბარება სპეციალობიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს. მოსწავლეებმა სკოლაში უნდა გადაწყვიტონ, რა პროფესიას ირჩევენ და ამის მიხედვით მოხდეს მათი გაძლიერებული სწავლება“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი - ტარიელ მიქელაძე:
„ვფიქრობ, ზოგადი უნარების ჩაბარება თავის დროზე საჭირო რეფორმა იყო, თუმცა ჩემი აზრით, აღნიშნული ცვლილებები სასკოლო პროცესში კარგი შედეგის მომტანი იქნება“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი საყულიის საჯარო სკოლის დირექტორი - ნატო გაბიძაშვილი:
„რეგულაცია ისეა გაწერილი, რომ ყველა მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი ცოდნა გამოავლინოს თითოეულ საგანში. რაც შეეხება ზოგად უნარებს, თუ უნარებში შესასრულებელი საკითხები საგნობრივ გამოცდებში ჩაიშლება, შესაძლოა, უკეთესი შედეგი მივიღოთ“.
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი - ნათია სულავა:
„საზოგადოებისთვის ზოგადი უნარების ჩაბარება გარკვეულ სირთულესთან ასოცირდებოდა და თუ აღნიშნული გამოცდების ამოღებით მოსწავლეები და მათი მშობლები დამშვიდდებიან, მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მესამე საგანს, ჰუმანიტარულ პროფესიებზე ისტორიის, ხოლო, ტექნიკურ პროფესიაზე მათემატიკის ჩაბარება ჩემთვის მისაღებია. მოსწავლე, რომელიც ეკონომიურ ფაკულტეტზე აბარებს, მათემატიკა აუცილებლად უნდა იცოდეს“.
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი - მარინა ტაბატაძე:
„მიმაჩნია, რომ ზოგადი უნარების გამოცდები კარგად ასახავდა მოსწავლის ცოდნასა და უნარებს ამა თუ იმ საკითხში. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენ თაობას ზოგადი უნარების გამოცდა არ ჩაუბარებია, თუმცა ცოდნით ახალ თაობას ნამდვილად ჯობნის. აქედან გამომდინარე, ძნელია საუბარია, გაამართლებს თუ არა აღნიშნული რეფორმა. უნარების ჩაბარებით ბევრი მოსწავლე დაიჩაგრა, რადგან სხვადასხვა საგნებში კარგი შედეგები აჩვენებს, უნარებში დაბალი ქულების გამო კი გრანტი ვერ მოიპოვეს. რაც შეეხება მესამე საგანს, ვფიქრობ, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს“.
ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი - თეონა ადეიშვილი:
„ჩემთვის აღნიშნული ცვლილებები სრულიად მისაღები და ლოგიკურია. უნარების ცალკე საგნად ჩაბარება აუცილებელი არ არის, რადგან მისი თითოეულ საგანში ჩადება ისე შეგვიძლია, რომ მოსწავლის ცოდნა სრულიად შემოწმდეს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები