სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

სკოლებში მასწავლებლობის მსურველთა გასაუბრების პროცესი დაიწყო - რა შეკითხვებს უნდა უპასუხონ კანდიდატებმა
02-09-2019
-
+


რატომ დაინტერესდნენ სკოლით; რატომ უნდათ მასწავლებლობა; რა ხიბლავთ პროფესიაში; იციან თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმა და სტანდარტი კონკრეტულ საგანში; აქვთ თუ არა წარმოდგენა შეფასების სტრატეგიაზე; რა ინტერვენციები შეუძლიათ განახორციელონ კონფლიქტის მოსაგვარებლად, ბულინგის შემთხვევაში? - ეს იმ შეკითხვების მოკლე ჩამონათვალია, რაზეც მასწავლებლობის მსურველმა კანდიდატებმა გასაუბრებაზე უნდა უპასუხონ. აქ ამოწმებენ ასევე, კანდიდატის ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის უნარს, განსაკუთრებულ აქცენტს კი მოსწავლის განმავითარებელ შეფასებაზე აკეთებენ.

მასწავლებლობის მსურველთა გასაუბრების პროცესი ქალაქის სკოლებში, გუშინ, პირველ სექტემბერს უკვე დაიწყო. ჯილდოს შეთავაზების შედეგად სისტემიდან გასული პენსიონერი მასწავლებლების ადგილზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე, დარეგისტრირებული კანდიდატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, გასაუბრება ქალაქის სკოლებში 1-2 სექტემბერს, ხოლო სოფლებსა და დაბებში 4-5 სექტემბერს გაიმართება. გასაუბრებას, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მასწავლებლის სახლის ან განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან.

Etaloni.ge-ს კითხვებზე, როგორ მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, ვინ ესწრება გასაუბრებას, კონკრეტულად რა შეკითხვებზე მოეთხოვებათ პასუხის გაცემა კანდიდატებს და ვის ენიჭება უპირატესობა, მაძიებელს  თუ უფროს მასწავლებელს, გამოკითხულმა დირექტორებმა აღნიშნეს, რომ ყველა სკოლას ინდივიდუალური ხედვა და საჭიროებები აქვს, რასაც შერჩეული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:  

ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე:

„სამი ვაკანსია გვქონდა გამოცხადებული, ორი მათემატიკის და ერთი სპორტის მასწავლებლის ადგილზე. მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე შემოსული 42 განცხადებიდან 25 მასწავლებლობის მაძიებლისა იყო. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები მოვიდნენ, კარგად მომზადებულები, პასუხისმგებლობის გრძნობით. მათგან მხოლოდ ორი მჭირდებოდა, მაგრამ რეალურად ხუთი კანდიდატი ისე მომეწონა, ამდენი ადგილი რომ მქონოდა, ხუთივეს დავიტოვებდი.

მე და ჩემმა მოადგილეებმა შევადგინეთ კრიტერიუმები, ჩამოვწერეთ კითხვები, შევაჯერეთ... შეკითხვები, ძირითადად, ეხებოდა კანდიდატების შეხედულებას პედაგოგიკაზე, მათ დამოკიდებულებას სწავლების მიმართ, ხედვას თანამედროვე სწავლა-სწავლების პრინციპებისა და ინტერაქტული გაკვეთილების შესახებ, შევაფასეთ მათი ვერბალური კომუნიკაციის უნარი, რაც შეიძლება მხოლოდ გასაუბრების დროს შეამოწმო... ჩვენ მათ არ ვეკითხებოდით ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სტანდარტებზე, რადგან ბევრი მაძიებელი გვყავდა და მოსალოდნელი იყო, ეროვნული სასწავლო გეგმა არ სცოდნოდათ. ამ ახალგაზრდების ნაწილს ჰქონდა 60-კრედიტიანი პროგრამა გავლილი, მაგრამ ნაწილს მხოლოდ გამოცდა ჰქონდა ჩაბარებული, ამიტომ როცა საბუთები გადავარჩიეთ, გავითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, არასოდეს წაუკითხავს ეროვნული სასწავლო გეგმა, ახლა იწყებს სისტემაში შემოსვლას, ამიტომ ჩვენთვის მთავარი იყო საგნობრივი ცოდნა, მათი შეხედულებები და უნარები“.

მასწავლებლობის მსურველთა კანდიდატების შერჩევა ბათუმის N1 საჯარო სკოლაში გუშინ, 2 საათზე დაიწყო და ღამის 10 საათამდე გაგრძელდა. კანდიდატების შერჩევაში კომისიის 7 წევრი მონაწილეობდა. სკოლის დირექტორის თქმით, კანდიდატებს, საგნის სწავლებასთან დაკავშირებით შეკითხვებს კათედრის ფასილიტატორი უსვამდა.

„ჩვენ ვსაუბრობდით პედაგოგიკაზე, უნარებზე, ხედვაზე და გამოიკვეთა ძალიან კარგი მონაცემები. ბევრი ისეთი კანდიდატი გვყავდა, რომლებიც სხვა სკოლაშიც მუშაობენ, მაგრამ მე მჭირდება მასწავლებლები, რომლებიც  სრული დატვირთვით იმუშავებენ ჩვენთან“.

მისი თქმით, გასაუბრების მთელ პროცესს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა. გარდა ამისა, კომისიის წევრები იყვნენ: დირექტორი და მისი სამი მოადგილე, საქმის მწარმოებელი, საგნის სპეციალისტები (სპორტში-სპორტის მასწავლებელი და მათემატიკაში-მათემატიკის ფასილიტატორი) და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი, როგორც გარეშე პირი.

„7 ადამიანი ვისხედით კომისიაში, ვინც ქულას ვწერდით და  დამოუკიდებლად ვმუშაობდით. სამინისტროს წარმომადგენელი არ მონაწილეობდა არც კენჭისყრაში, არც ქულებს წერდა, მხოლოდ დამკვირვებლის როლი ჰქონდა, პროცესს აკვირდებოდა. ის ბოლომდე ჩვენთან დარჩა და სამინისტროსაც თვითონ აცნობა შედეგების შესახებ“.

როგორც ნატალია მგელაძე აღნიშნავს, შესაძლოა, უფროს მასწავლებელსაც არ ჰქონდეს ისეთი სიღრმისეული ხედვა საკითხის მიმართ, როგორც მაძიებელს, რის გამოც, კანდიდატები ამ უპირატესობით შეარჩიეს:

„ჩვენი კრიტერიუმები არ იყო შემბოჭავი არც მაძიებლებისთვის და არც სხვა მასწავლებლებისთვის. სხვათაშორის, უფროსი მასწავლებლებიც იყვნენ კანდიდატები და ისეთებიც, მალე წამყვანები რომ გახდებიან, მაგრამ ჩვენ მათზე ვერ გავაკეთეთ არჩევანი, იმ მიზეზის გამო, რომ ისინი უკვე დასაქმებულები არიან ერთ ან მეტ სკოლაში და ამის პარალელურად, გვყავდა ძალიან კარგი ახალგაზრდა მაძიებლები, რომლებსაც 60 პროცენტზე მეტი ჰქონდათ აღებული და ძალიან ახლოს იყო მათი ქულები მაქსიმალურ ქულებთან. დასაწყისშივე ნათელი გახდა, ვინ იყო გამორჩეული კანდიდატი. შეიძლება ზოგჯერ უფროსმა მასწავლებელმა ვერ ისაუბროს პედაგოგიკის ირგვლივ ისე სიღრმისეულად, როგორც მაძიებელმა.

გასაუბრების შემდეგ ჩავატარეთ ფარული კენჭისყრა და გამოიკვეთა, რომ პირველ ადგილზე აბსოლუტურად ყველას, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად, ერთი და იგივე კანდიდატი გვყავდა მონიშნული. მეორე კანდიდატი კი, ხმის უმრავლესობით გავიდა. შერჩეულ კანდიდატებს გუშინვე დავუკავშირდით და მოთხოვნაც მაშინვე გადავუგზავნეთ სამინისტროს, მათი კანდიდატურის დასადასტურებლად“.

თბილისის N122 საჯარო სკოლაში კი, მასწავლებლობის მსურველთა გასაუბრების პროცესი გუშინ, პირველ სექტემბერს დაიწყო და დღესაც გრძელდება, რადგან სხვა სკოლებისგან განსხვავებით, მათ მეტი ვაკანსია და შესაბამისად, მეტი განაცხადიც აქვთ. მაგალითად, ინგლისური ენის მხოლოდ ერთ ვაკანსიაზე, 122-ე სკოლაში, 110 განაცხადი შევიდა:

თბილისის N122 საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ქოქრაშვილი:

„ინგლისურის ერთ ვაკანსიაზე 110-მა კაცმა შემოიტანა განაცხადი, აქედან, დოკუმენტაციის გადარჩევის შემდგომ, დავიბარეთ 80 ადამიანი და შესარჩევი ჯგუფი ორ ნაწილად გავყავით. თუმცა, მათგან პირველ ეტაპზე მხოლოდ 13, მეორე ეტაპზე კი 16 ადამიანი მოვიდა. გასაუბრება გამჭვირვალობის პრინციპის სრული დაცვით, ძალიან ორგანიზებულად მიმდინარეობს, კანდიდატებმა იციან, რა კრიტერიუმებით ფასდებიან, ძალიან კეთილგანწყობილი გარემოა, ყველა წარმოდგენილი კანდიდატი ერთმანეთს უსმენს, კითხვები კი შემდეგია: რატომ დაინტერესდნენ სკოლით; რატომ უნდათ მასწავლებლობა; რა ხიბლავთ; იციან თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმა; იციან თუ არა სტანდარტი იმ საგანში, რაშიც შემოდიან; შევამოწმეთ კანდიდატის მეტყველება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი; დავინტერესდით, როგორ ახორციელებს დროის კონტროლს კანდიდატი, აქვს თუ არა წარმოდგენა შეფასების სტრატეგიაზე, როგორც მაძიებელს, ისე მასწავლებელს.. დავინტერესდით საკითხებით, რაც უშუალოდ საგაკვეთილო პროცესს ეხება, - მაგალითად, რა ინტერვენციები შეუძლიათ განახორციელონ კონფლიქტის მოსაგვარებლად, ბულინგის შემთხვევაში, განსაკუთრებით, მოსწავლის განმავითარებელ შეფასებაზე გვქონდა აქცენტები...“

როგორც მედეა ქოქრაშვილი აღნიშნავს, მაძიებელი მასწავლებლების მიმართ, შედარებით სხვა კითხვები ჰქონდათ, თუმცა კანდიდატები მხოლოდ თავიანთი სკოლის შეხედულებებისა და საჭიროების მიხედვით შეარჩიეს:

„მაძიებლებთან ცოტა სხვაგვარი კითხვები გვქონდა, - მაგალითად, რას მოიმოქმედებს, თუ ბავშვმა რაღაც საკითხი ვერ გაიგო, როგორ განუმარტავს?! როცა დიპლომით მაინც გაქვს დადასტურებული კვალიფიკაცია, ასეთ ელემენტარულ საკითხებს პასუხი უნდა გასცე. იყო ისეთი შემთხვევებიც, რომ მოვიდნენ, მაგრამ გასაუბრებიდანვე უკან გაბრუნდნენ, რადგან რა კითხვებიც მოისმინეს, ეტყობა რთულად მოეჩვენათ და მიხვდნენ, რომ ეს მათი საქმე არ იყო. აქ არ არის უპირატესობებზე ლაპარაკი, - მაძიებელი გვირჩევნია თუ უკვე შემდგარი მასწავლებელი! აქ საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რაც უშუალოდ სკოლას სჭირდება. სკოლაც, ისევე როგორც თითოეული ადამიანი, ინდივიდია, თავისი კულტურა, ხედვები და საჭიროებები გააჩნია, აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც იმის გამო არავინ ამიყვანია, რომ მასწავლებელია, ამ პრინციპით კანდიდატებს არ ვირჩევთ. შეიძლება თეორიულად კარგად იყოს მომზადებული კანდიდატი საგანში, მაგრამ როგორც კი კლასის მართვაზე, კონფლიქტების მოგვარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე დასვამ  კითხვას, იქვე იბნევიან და პასუხს ვერ სცემენ. არადა, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი მასწავლებლის შესაფასებლად, სწორედ ეს არის“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება