მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge მოსწავლეებისთვის საინტერესო სიახლეების შესათავაზებლად ყოველდღე აქტიურად მუშაობს. პორტალი მოსწავლეებს ყოველი თვის მეორე ხუთშაბათს „წიგნიერების დღის“ ტესტებს სთავაზობს.
„წიგნიერების დღეს“ მოსწავლეები კითხვებს წინასწარ შერჩეული კლასგარეშე ლიტერატურიდან მიიღებენ. ამ დღისთვის მე-12 კლასელებს ლიტერატურული თავგადასავალი გამორჩეული სკოლის განსაკუთრებით აქტიურმა პედაგოგებმა მოუმზადეს - ეს თბილისის 94-ე საჯარო სკოლა და მისი პედაგოგების გუნდია.
„წიგნიერების დღის“ კითხვების შექმნის პროცესთან დაკავშირებით izrune.ge თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო გახარიას, ესაუბრა. პირველივე „წიგნიერების დღეს“ izrune.ge-ში ჩართული მე-12 კლასელების მხრიდან უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
- ქალბატონო ნინო, რა პრინციპით შეარჩიეთ პედაგოგები, რომლებმაც „წიგნიერების დღის“ ფარგლებში მე-12 კლასელებისთვის მოამზადეს კითხვები?
- სკოლაში 15 ფილოლოგი მყავს და 15-ვე უფროსი მასწავლებელია. მათგან რამდენიმე უკვე წამყვანი მასწავლებელი ხდება სექტემბრის თვეში. შესაბამისად, შერჩევის კონკრეტული პრინციპი არ მქონია, რადგან ვიცოდი, ამ საქმეს პროფესიონალებს ვანდობდი. დროის ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, თორემ არჩევანის გაკეთება არ გამიჭირდებოდა.
კითხვებზე დაახლოებით 7-8 მასწავლებელი მუშაობდა. შევარჩიე ისეთი პედაგოგები, რომლებსაც VII-XII კლასებთან ჰქონდათ საათები და ისეთები, ვისაც შეეძლო არაფორმალური განათლებისთვის მეტი დრო გამოენახა.
- პედაგოგებისთვის რამდენად საინტერესო იყო ამ შეკითხვებზე მუშაობა?
- ჩვენმა ბავშვებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა კარგად იციან izrune.ge როგორი საშვილიშვილო პროექტია. ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა სასკოლო საზოგადოებას პროექტის მიზნები თვითონ გააცნო. იმ დღიდან მოყოლებული, მასწავლებლებმა იციან, რომ ეს ძალიან კარგი საქმეა. როგორც კი ვუთხარი, რომ წიგნიერებასთან დაკავშირებით ახალი პროექტი უნდა დაწყებულიყო, აბსოლუტურად ენთუზიაზმის დონეზე ამყვნენ, რადგან ახალი საქმის კეთების და ცვლილებების არასდროს ეშინიათ. პირიქით, ყველა კარგ საქმეს შემოქმედებითად უდგებიან.
- რა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეებმა, რომლებიც თქვენი სკოლის პედაგოგების მიერ შედგენილ კითხვებს გაივლიან?
- პედაგოგებმა კითხვების შედგენის დროს აქცენტი გააკეთეს როგორც შინაარსობრივ მხარეზე, ასევე გააზრებაზეც, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც ნაწარმოებში ხვდებათ და მასალებს სიღრმისეულად უნდა ჩაწვდნენ. ჩვენმა პედაგოგებმა ნამდვილად კარგად იმუშავეს და მიხარია.
- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს წიგნიერებას ბავშვის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში?
- დღეს მედიაწიგნიერება საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ის, რასაც ჩვენ განვიცდით და რასაც ბავშვებიც განიცდიან წიგნის კითხვის დროს, აბსოლუტურად სხვაა. მეტი სულიერებაა, როდესაც წიგნს კითხულობ.
ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, მათ არ უარვყოფთ, მაგრამ რასაც სულიერი წვდომა ჰქვია, მაინც წიგნის კითხვის დროს იბადება. ძალიან მაგარი პროექტია ბავშვებისთვის, რომლებიც მოცილებულები არიან ამ პროცესს. მისასალმებელია, რომ სწორედ „ეტალონმა“ შეძლო ამის გაკეთება.
- თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თითოეულმა მოსწავლემ izrune.ge-ს შესაძლებლობების გამოყენებით?
- მიმაჩნია, რომ „ეტალონმა“ ბავშვები წიგნებისკენ მიაბრუნა და izrune.ge კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამისთვის. პროექტში ძალიან ბევრი მოსწავლეა ჩართული და როდესაც „წიგნიერების დღეც“ დაემატა, ძალით თუ ნებით, ბავშვები წიგნისკენ კიდევ უფრო მიტრიალდნენ.
- ახალი სასწავლო წლისთვის რა გეგმები გაქვთ სკოლაში? რას უსურვებთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს?
- ჩვენი სკოლა კონტიგენტით მზარდია და ინფრასტრუქტურის კუთხით გვიჭირს. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებსაც სკოლის სამცვლიანობა იწვევს, სასკოლო საზოგადოების მთელი შემადგენლობა მზად არის, ახალ სასწავლო წელს ახალი იდეებით შეხვდეს.
გვინდა მეტი ყურადღება გავამახვილოთ არაფორმალურ განათლებაზე. სკოლაში ხუთი კლუბი მოქმედებს. ესენია: „პატარა მკითხველთა კლუბი“, კლუბი „წიგნიერი“,, მათემატიკის კლუბი „უსასრულობა“, ქართული ენის სიწმინდის დაცვის კლუბი „ლაზარე“ და "გოეთეს" კლუბი. ყველა კლუბი მაქსიმალურად კარგად მუშაობს და მოსწავლეებს არაფორმალურ განათლებაში რთავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი მოსწავლე შემობრუნდეს სკოლისკენ.
ვფიქრობთ, ხარისხიანი განათლების მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პროექტებით სწავლება. ვინაიდან ჩემი მოადგილეც ხარისხის მართვას უზრუნველყოფს და მეც „ახალი სკოლის მოდელში“ ვარ ჩართული, როგორც ლიდერობის ექსპერტი, ვფიქრობთ, რომ პროექტებით სწავლება ერთობლივად უზრუნველვყოთ როგორც სასწავლო პროცესში, ასევე არაფორმალურ განათლებაშიც.
წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ყველა სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...