სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებელობა ნიშნავს, ასწავლო მორალური, სამართლებრივი თუ ადამიანური თვისებებიც“ - ცაგერის რესურსცენტრის უფროსის საამაყო ოჯახური ტრადიცია
20-09-2019
-
+


მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში დაიბადა და სკოლაც იქ დაამთავრა, თვლის, რომ ლეჩხუმელია და ამაყობს თავისი ისტორიული ფუძით. ოჯახს და ადამიანურ ურთიერთობებს, თავის ძლიერ მხარედ მიიჩნევს, მასწავლებლობას კი, - ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროფესიად. მიაჩნია, რომ პედაგოგი მუშაობის პროცესში ბეწვის ხიდზე გადის და ის ნებისმიერ გარემოებაში შეიძლება გამოიცადოს. არ იზიარებს აზრს, რომ თითქოსდა საქმეში მეგობრობა არ შეიძლება...

ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე etaloni.ge-სთან საუბრობს:  

- დავიბადე ქუთაისში და სკოლაც ქუთაისში დავამთავრე. ჩემი გენეტიკური ფუძე არის საქართველოს, იგივე კოლხ-იბერიული ქვეყნის კოლხური ნაწილის ულამაზესი კუთხიდან - ლეჩხუმიდან. ლეჩხუმი ჩემი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. ასე იყო ბავშვობაში და დღემდე ასე გრძელდება. ისტორიულ სოფელ ორბელიდან ვარ და ვამაყობ ამით. მამა აქ ცხოვრობს, ლეჩხუმში და სოფელს გვიძლიერებს. ტრადიციული პედაგოგების ოჯახიდან ვარ, პედაგოგი იყო დედა და ყველა ჩემი დედმამიშვილი ამ პროფესიას ემსახურება. 

ოჯახი ნამდვილად დიდ როლს თამაშობს ადამიანის პროფესიულ არჩევანში, მაგრამ ამ შემთხვევაში სკოლასაც უდიდესი დამსახურება აქვს. თუ რაიმე შეუძლია სკოლამ პიროვნებას მისცეს, ყველაფერი მივიღე ჩემი სკოლისგან. ქუთაისის 32-ე საშუალო სკოლა დავამთავრე და სწავლა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე. მასწავლებელია ჩემი მეუღლეც, ინგა დარსაველიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, იგივე სპეციალობა აქვს, რაც მე... ძირითადად ცაგერში ვარ. თავისუფალ დროს ყოველთვის ერთად ვართ, ხან ქუთაისში, ხანაც ლეჩხუმში, თუმცა ეს არ ხდება სამსახურის ხარჯზე.  

- მეუღლე, ალბათ, უნივერსიტეტში გაიცანით? 

- უნივერსიტეტში გავიცანი, მაგრამ კურსელები არ ვიყავით. მეუღლეზე სამი წლით უფროსი ვარ... ერთ დღეს ძალიან ლამაზი, მშვენიერი გოგონა დავინახე და მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. შემდეგ უკვე მისი გონიერებითაც მოვიხიბლე. გვყავს ქალ-ვაჟი.

უფროსი გოგონა, ლილე სილაგაძე მე-11 კლასის მოსწავლეა. ლილე ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის გამორჩეული მოსწავლეა.
ბევრჯერ ვიფიქრე მისი ცაგერში გადმოყვანა, მაგრამ რადგან უკვე მეგობრებს, მასწავლებლებს შეჩვეული იყო, გავითვალისწინე ბავშვის ინტერესები და გადავწყვიტე თავის სკოლაში დამეტოვებინა. თუმცა მასაც მჭიდრო კავშირი აქვს ლეჩხუმთან და თავის სოფელთან.

უმცროსი, გაბრიელი ჯერ მხოლოდ 5 წლისაა და მომავალი წლისთვის სასკოლოდ ემზადება. მეუღლე აქამდე კერძო სკოლაში მუშაობდა, წელს მიიღო მონაწილეობა საჯარო სკოლებში გამოცხადებულ ვაკანსიებში და მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში დასაქმდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო იმ საგანმანათლებლო რეფორმის მიმართ, რომლის საშუალებითაც მასწავლებლებს და მათ შორის  ჩემს მეუღლესაც, მიეცათ შესაძლებლობა, გამჭვირვალე პროცესში გამოევლინათ თავიანთი პროფესიონალიზმი. მთავრობისგან საუკეთესო გადაწყვეტილებაა ის, რომ ღვაწლმოსილ პედაგოგს დაუფასო წლების ნამოღვაწარი და ამავე დროს, მის ადგილზე მიიღო ახალი თაობის პროფესიონალი. ეს სამართლიანად კანონზომიერი პროცესია, მათ შორის, მემკვიდრეობითობის თვალსაზრისითაც.   

- როგორ მოიხიბლეთ, ბატონო ირაკლი, მთელი ოჯახი მასწავლებლის პროფესიით?

- ეს არის, როგორც გითხარით, ოჯახის და მასწავლებლების დამსახურება. მასწავლებლობა არ არის მარტივი საქმე, ის ერთ-ერთი ყველაზე რთულად ასარჩევი პროფესიაა. გახდე მასწავლებელი, ნიშნავს, რომ საგანთან ერთად ასწავლო მორალური, სამართლებრივი თუ ადამიანური თვისებები. მასწავლებლის პროფესიის გარეშე შეუძლებელია მომავალი თაობის აღზრდა და სახელმწიფოს წინსვლა. ალბათ, უფრო ამან განაპირობა, ამერჩია ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა. 

- ამ რთულ გზაზე, ალბათ ბევრი ისეთი მოსწავლეც შეგხვდათ, ვინც თავი დაგამახსოვრათ. გყავდათ გამორჩეული მოსწავლეები? 

- ყველა მოსწავლე გამორჩეულია, ვისთვისაც მისწავლებია, თუმცა ნამდვილად იყო ჩემს ცხოვრებაში მონაკვეთი, რამაც ჩემს ცნობიერებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. სანამ ამ პოზიციაზე მოვიდოდი, ვიყავი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქუთაისის კერძო სკოლაში, რომლესაც ,,ქართული სკოლა“ ერქვა. ნამდვილად გამორჩეული მოსწავლეები მყავდა, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში. პარალელურად, ვასწავლიდი პენიტენციურ სისტემაში, სადაც ვიყავი განათლების სამინისტროს შტატგარეშე თანამშრომელი; პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვან ბრალდებულებთან ვმუშაობდი ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლად. ჩემი კოლეგები კი, - ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მასწავლებლობა არ იყო. ამ მონაკვეთმა, რომელიც 2011 წლიდან 2013 წლის ბოლომდე გრძელდებოდა, უდიდესი როლი ითამაშა ჩემი ცნობიერებისა და ფსიქოლოგიური პორტრეტის  ფორმირებაში. 

იმ დროისათვის უკვე საკმაო პროფესიული გამოცდილება მქონდა, თითქოს აღარაფერი უნდა ყოფილიყო ახალი, მაგრამ ამ სისტემაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ეს იყო საინტერესო ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის, ისე მასწავლებლისა და პროფესიონალისთვის. მასწავლებელი ნებისმიერ გარემოებაში შეიძლება გამოიცადოს... ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რომ პენიტენციურ სისტემაში მყოფი არასრულწლოვანი რთულად მისადგომი და რთულად აღსაზრდელია, რაც აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. მე იქ დავინახე, რომ ყველა მოზარდს ერთნაირად სჭირდება შესაბამისი ,,საზრდო“. უბრალოდ, მათთვის რესურსის სწორად მიწოდებაა საჭირო. იქაც ისეთივე მოზარდები არიან, როგორც ჩვეულებრივ, რიგით საჯარო თუ კერძო სკოლაში. აბსოლუტურად იმავენაირად რეაგირებენ, იმავენაირად ითვისებენ და ისრუტავენ სიახლეს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში მყოფი ნებისმიერი მოზარდი და შეიძლება უფრო მეტადაც. იქაც ყველა მოსწავლეს აქვს თავისი ღირსება, ყველას აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ორიგინალური თვისება და თუ მასწავლებელი მის ამ თვისებას სწორ გასაქანს მისცემს, თითოეული მათგანი აუცილებლად დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს საზოგადოებაში.  

- ასევე გკითხავდით მასწავლებლებზე, თუ გყავდათ ისეთი მასწავლებელი, ვინც თქვენს ცნობიერებაზე, თუნდაც პროფესიულ არჩევანზე უშუალო გავლენა მოახდინა? 

- ყველა პედაგოგს გააჩნია თავისი პოტენციალი, რითაც შეუძლია, თავი დაგამახსოვროს, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო იმ სფეროს, იმ მიმართულებების პედაგოგები, რომელიც შემდგომში პროფესიად ავირჩიე. ჩემს ცნობიერებაზე იმოქმედეს ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამართლის მასწავლებლებმა... ალბათ, უფრო მეტად ჩემი შინაგანი ინტერესი ჰუმანიტარული მეცნიერებებისკენ იყო მიმართული, მაგრამ ამ მიმართულებით რომ შემხვედროდა ცუდი მასწავლებელი, რომელიც ალბათ, ბუნებაში არსებობს, შეიძლება ეს უნარი დათრგუნულიყო ჩემში. ადამიანის ფსიქიკა რა კუთხითაც არის მიმართული, რის მიმართაც იჩენს ინტერესს, იმ კუთხით უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და ცოდნა, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. სხვა შემთხვევაში, პიროვნება პროფესიულად, შესაძლოა დაიკარგოს, რაც შემდგომში მის ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება! აქ მასწავლებელი ძალიან დიდი როლს თამაშობს. თუ ის მოსწავლესთან ბოლომდე არ იხარჯება, დროულად არ აწვდის ყველა საჭირო რესურსს, გაუცნობიერებლად ვნებს მოსწავლეს ისე, რომ ვერც ხვდება, რა დაუშავა. ჩვენ, პედაგოგები, განსაკუთრებით მუშაობის პროცესში, ბეწვის ხიდზე გავდივართ. როცა გვგონია, რომ კარგ გაკვეთილს ვატარებთ და მის მთავარ ინდიკატორად მხოლოდ კონკრეტული საკითხის მიწოდება გვაქვს არჩეული, ჩემი აზრით, მცდარი მიდგომაა. მაგალითად, როცა ვაჟას ,,ალუდა ქეთელაურს“ ვუხსნით მოსწავლეს, რა უფრო მნიშვნელოვანია? - თემისა და პიროვნების ურთიერთობის ზოგადი საკითხების წინ წამოწევა თუ, მიზეზი, რომლითაც ჩემი აზრით, ალუდა თემს კი არ უპირისპირდება, არამედ სინამდვილეში ცდილობს ახალი ცნობიერების ნაკადი შეიტანოს მასში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავად თემისთვის. უნდა შევძლოთ კონკრეტული საკითხის განზოგადებაც და ზოგადის დაკონკრეტებაც.

ჩემს ცხოვრებაში ყველა პედაგოგს, რომელსაც ჰუმანიტარული დარგი უსწავლებია, ძალიან დიდი წვლილი აქვს, მაგრამ არ მინდა უგულებელვყო ტექნიკური საგნების მასწავლებლები, რადგან საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ თურმე ტექნიკური საგნებიც მშვენივრად ამითვისებია, რაც უთუოდ მათი დამსახურებაა. იმ წლებში (ვგულისხმობ 90-ანების ბოლოსა და 2000-ის დასაწყისს), როდესაც მასწავლებლის პროფესია არც ისე პოპულარული იყო, ამის მიუხედავად, მაინც რთული იყო შესულიყავი სკოლაში. მეგობრებმა, რომლებიც ჰუმანიტარები ვიყავით, გადავწყვიტეთ შეგვესწავლა კომპიუტერული ტექნოლოგიები - საფუძვლიანად ვისწავლეთ, როგორც სისტემური, ისე პროგრამული ნაწილი, გავხდით სერტიფიცირებული ტრენერები, რამაც დასაქმებისა და ახალი მიმართულებით განვითარების საშუალება მოგვცა. 

- საინტერესოა, როგორია საკუთარ შვილებთან მასწავლებელი, რომელსაც თაობები დაუზრდია, და საერთოდ აღზრდის რომელ მეთოდს ანიჭებთ უპირატესობას, - სიმკაცრეს თუ ლოიალურობას? 

- არც სიმკაცრეს და არც ლოიალურობას, რადგან ორივე თავის მხრივ რადიკალური მიდგომაა! რადიკალური დამოკიდებულებები კი, რეალურად არსად ამართლებს. თუ ჩვენ გვინდა, ისეთი სამოქალაქო საზოგადოება მივიღოთ, რომელიც იცხოვრებს თავისუფლად, ღირებულებებით, იცხოვრებს სამშობლოსთვის, სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო, - მათთვის, შესაბამისად, მათდამი დამოკიდებულება უნდა იყოს თაობის მოთხოვნილებისა და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე. განათლების სისტემაში მუდამ პრეტენზიაა იმის გამო, რომ აი, რეფორმა დაიწყო და აღარ დამთავრდა! ძალიან რთულია, განათლების რეფორმა დაიწყოს და დამთავრდეს, რადგან მის დინამიურობას განსაზღვრავს თაობების ცვლა. ყველა თაობას თავის გამოწვევა გააჩნია და ამიტომაც არის საჭირო მუდმივი ცვლილება ამ სისტემაში. 

მიუხედავად იმისა, რომ 42 წლის ვარ, ნებისმიერ ასაკში სჭირდება, ალბათ, ადამიანს მშობლისგან რაღაცის სწავლება და გამოცდილების გაზიარება. მაგალითად, მამაჩემი დღესაც ისევე მაძლევს რჩევებს და შენიშვნებს, როგორც ბავშვობაში. რაც შეეხება ურთიერთობას შვილებთან, თანაბარი დამოკიდებულება გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს მათთან მიმართებაში, ხან პრინციპულ დამოკიდებულებას ვიჩენთ, ხანაც ძალიან ვეფერებით. მიჭირს ნებისმიერი ცრემლის დანახვა, რასაც მათ თვალზე ვხედავ, თუნდაც, ეს იყოს, როგორც იტყვიან ,,ყალბი“ ცრემლი, რაც ბავშვებს ხშირად ახასიათებთ, თუმცა თუ სახლში მოდის ჩემი შვილი აცრემლებული, რომ მეგობარმა აწყენინა, არასდროს მითქვამს მისთვის, რომ მართალია. ყველას შვილი უნდა გაითვალისწინო, ამ შემთხვევაში. ისიც ისეთია, ვისთანაც კამათი მოუვიდა და ორივე თანაბრად უნდა იყოს პასუხისმგებელი. ჩვენ, მშობლები, სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას, როცა საკუთარი შვილი გვგონია მართალი, რაც ბავშვის არასწორ აღზრდას ემსახურება. თუმცა, მოზარდი, სრულწლოვნებამდე მაინც, ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ მშობელი მისი საყრდენია. 

ჩვენ, მასწავლებლები, ბევრ რამეს ვასწავლით ბავშვებს სკოლაში, მაგრამ საკუთარ შვილებთან ამას ხშირად ვერ ვახორციელებთ. იგივე სენი მჭირს მე და ვერ ვიტყვი, რომ იდეალური მამა ვარ, მაგრამ ვებრძვი ამას. კარგი იქნება თუ გავაცნობიერებთ, რომ შვილები, პირველ რიგში, ჩვენთვის კი არა, ქვეყნისთვის და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის უნდა აღვზარდოთ, ისინი საზოგადოების ნაწილი უნდა გახდნენ და არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას მომავალში, თუ როგორ ჩაერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

- ყველაზე დიდ სირთულედ და გამოწვევად რას თვლით თქვენს ცხოვრებაში?

- ყველაფერს თავისი სირთულე გააჩნია, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის, მაინც ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობა არის, რადგან ძალიან ძლიერი და დაფასებული წინამორბედები მყავდა და შესაბამისად, მე კიდევ უფრო სწორად უნდა განმევითარებინა ჩემი საქმიანობა. ამ თანამდებობაზე 2014 წლის თებერვლიდან ვმუშაობ, რაც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს რაიონში განათლება არის პრიორიტეტი, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. მთავარია შევინარჩუნოთ და ამავე დროს, გავაუმჯობესოთ ის ნიშა, რითაც ეს პატარა, ძალიან ლამაზი კუთხე არის გამორჩეული. ცაგერის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად,  ამტკიცებს, რომ ძალიან ძლიერები არიან. სადაც განათლების კუთხით ასეთი მოთხოვნაა და ამავე დროს, ხარ საგანმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მუდმივი სიფხიზლეა საჭირო, რომ იყო მისაღები ხელმძღვანელი. რთულია სათანადოდ შეაფასო მასწავლებელი, მოსწავლე, სკოლის მომზადების დონე. გამიჭირდება ვისაუბრო, თუ კონკრეტულად როგორ ვახერხებ ამას, მაგრამ ვცდილობ. ადამიანს, რომელსაც გააჩნია კონკრეტული საქმის ცოდნა, ვცდილობ, ისე მივუდგე, რომ წინ მისი ძლიერი მხარე წამოიწიოს, რომ შეძლოს საკუთარი თავის სრულფასოვნად რეალიზება. 

- ყველაზე დიდი მიღწევად რას მიიჩნევთ, რა არის თქვენი ძლიერი მხარე? 

- პიროვნულ ასპექტში, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი მეუღლე და შვილებია. ხაზს ვუსვამ, - ჯერ მეუღლე და შემდეგ შვილები. მიუხედავად იმისა, რომ შვილები ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ბედნიერება, საზრუნავი და საფიქრალია, მშობელმა უნდა შეძლოს, ის მხოლოდ თავისთვის კი არა, სამშობლოსთვის, საზოგადოებისთვის გაზარდოს, მოამზადოს და მისცეს საშუალება დამოუკიდებლად ცხოვრებისა. მეუღლე კი არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე მოგცა შანსი, არ იყო მარტო და ბედნიერებაა, როცა ამ სიკეთით სიცოცხლის ბოლომდე სარგებლობ. 

სამსახურეობრივ ასპექტში კი, რა შეძლება იყოს ჩემი ძლიერი მხარე? ალბათ ის, რომ როცა კრიტიკულ მომენტში აღმოვჩენილვარ და მიფიქრია, რომ პრობლემა არ გვარდება, ეს ხმამაღლა არავისთვის მითქვამს (ამას ვფიქრობ მხოლოდ საკუთარ თავთან), რადგან სინამდვილეში ყოველთვის მჯერა, რომ ნებისმიერი პრობლემატური საკითხი დადებითად გადაწყდება და ასეც არის. ოპტიმისტი ვარ, ნებისმიერ ადამიანში დადებით თვისებას ვხედავ და ამავე დროს, სულაც არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ თითქოს „საქმეში მეგობრობა არ შეიძლება“. ხშირად საქმეში მეგობრულ დამოკიდებულებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ახლავს. ეს ნიშნავს, რომ მეგობარს მხარში დაუდგე საქმეშიც, სამსახურეობრივი მოვალეობების, კანონის და პასუხისმგებლობის გაზიარებით და არა ისე, „მეგობარი რომ ვარ, ამით ბევრის უფლება მაქვს“. ძირითადად ურთიერთნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულებები მაქვს ადამიანებთან, თანამშრომლებთან და ყოველთვის ვცდილობ, მათთან საერთო ენა გამოვნახო. ვფიქრობ, ამას მშვენივრად ვახერხებ. 

25 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა მუნიციპალიტეტში და მე არ ჩამოვთვლი, რა მიღწევა აქვს თითოეულ მათგანს, რა სიახლე, ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო პროექტი განვახორციელეთ ამ სკოლებში, რადგან ეს ისეც გვევალებოდა! მთავარ მიღწევად მაინც ურთიერთობებს მივიჩნევ. მინდა ამას ხაზი გავუსვა და ვიამაყო იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემს გვერდით არიან. ჩვენ ერთმანეთის გვესმის,  გვჯერა და სწორედ ეს არის ჩემი ძლიერი მხარე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება