სიახლეები
სკოლები, ინტერვიუ

78 წლის ფოთელი მასწავლებელი, რომელმაც გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო - „თუ სწავლებას ბედავ, სწავლა თავადაც არასდროს უნდა შეწყვიტო“​
22-09-2019
-
+


ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნატრული ტაბიძემ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო. 78 წლის მასწავლებელმა პენსიონერი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი თქვა და გამოცდაზე გავიდა.

თვლის, რომ მისთვის უდიდესი ჯილდო მოსწავლეების სიყვარულია, სკოლაში კი, იმ პირობის შესასრულებლად დარჩა, რასაც თავის მასწავლებელს, უკანასკნელ გზაზე გაცილებამდე დაპირდა.

ფოთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატრული ტაბიძე etaloni.ge-სთან საუბრობს:

- დავამთავრე ფოთის პირველი საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1964 წელს, რუსთავში გამანაწილეს სამუშაოდ, სადაც ერთი წელი ვმუშაობდი, შემდეგ კი ჩემს მშობლიურ ქალაქში გადმოვედი. ჯერ ფოთის რკინიგზის სკოლაში ვმუშაობდი, შემდეგ, - მეთორმეტე საშუალო სკოლაში. 1982 წლიდან ფოთის პირველ საშუალო სკოლაში ვმუშაობ, იმ სკოლაში, - რომელიც დავამთავრე.

ქიმიას მასწავლიდა ქალბატონი თინა ჭოჭუა, ჩემი სათაყვანებელი მასწავლებელი. ეს იყო ლეგენდარული პიროვნება, მასწავლებელთა-მასწავლებელი, თაობათა მასწავლებელი და ქიმიის ლაბორატორიის შემქმნელი.

პირველ სკოლას რომ ქიმიის ლაბორატორია ჰქონდა, ასეთი სოციალისტურ ქვეყნებში მაშინ, არსად იყო. კონკურსები ტარდებოდა და იმ კონკურსებში ჩვენი სკოლა ყოველთვის მოწინავე ადგილზე იყო.

- თქვენი პროფესიული არჩევანიც, ალბათ, თინა მასწავლებლის სიყვარულმა განაპირობა...

- რა თქმა უნდა, ჩემი არჩევანიც მისი დამსახურებაა. თინა მასწავლებელი, სკოლაშიც მასწავლიდა და ამავდროულად, ნორჩ ტექნიკოსთა სადგურის ქიმიის წრეში ვიყავი გაწევრიანებული, სამი წელი იქ დავდოდი და იქაც თინა მასწავლებელი მასწავლიდა. შემდეგ უკვე სკოლაშიც ვმუშაობდი თინა მასწავლებლის გვერდით. ადრე იყო შემთხვევა, როცა ერთი კლასიდან 13 მოსწავლე აბარებდა ქიმიის ფაკულტეტზე, თინა მასწავლებლის მოსწავლეები.

ჩემი სათაყვანებელი მასწავლებლის დაბადების 100 წლისთავისადმი წიგნი გამოვეცი, -„მასწავლებელი სინდის-ნამუსი, მხოლოდ ხალასი პატიოსნება“ . იქ ბევრი რამ არის მასზე და საერთოდაც, საკუთარ თავზე მეტად, თინა მასწავლებელზე შემიძლია ვისაუბრო. ეს ლაბორატორია მისი შრომის შედეგია, ჩვენ კი ვუვლით, ვიყენებთ და ვამდიდრებთ, შეძლებისდაგვარად.

ვფიქრობ, რომ მის დანაბარებს პირნათლად ვასრულებ. მიზეზი, რის გამოც სკოლიდან არ წავედი და გამოცდაზე გასვლა ვარჩიე, დიდწილად, იმ პირობის შესრულებაა, რასაც ჩემს მასწავლებელს მაშინ დავპირდი, როდესაც უკანასკნელ გზაზე მივაცილებდით.

- თქვენ თუ გყავთ ისეთი მოსწავლეები, ქალბატონო ნატრული, ვინც თქვენი შთაგონებით ქიმიკოსის პროფესია აირჩია?

- ჩემი ბევრი მოსწავლეა ქიმიკოსი, ზოგი ახლაც სწავლობს თსუ-ის და ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, ზოგმა უკვე მაგისტრატურა დაამთავრა ... სამედიცინოზე ვინც სწავლობს, იმასაც ქიმია სჭირდება, ბიოლოგიურზე სწავლობენ... ქიმია რომ სჭირდებათ, იმ პროფესიებს ირჩევენ ჩვენი მოსწავლეები.

- საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღეთ, - 10 კრედიტი. აქამდე რატომ არ სცადეთ გამოცდაზე გასვლა?

- ცხრა წლის წინ, როცა გამოცდები დაიწყო, მე უკვე 70 წლამდე ვიყავი და ამიტომაც აღარ მიფიქრია გამოცდაზე გასვლა. ვფიქრობდი, ამ ასაკში რაღა დროს ჩემი გამოცდაა-მეთქი, მაგრამ ახლა დავდექი ფაქტის წინაშე, - ან უნდა დამეტოვებინა სკოლა, ან გავსულიყავი გამოცდაზე. სკოლის დატოვება არ მინდა, რადგან მინდა, ჩემი მასწავლებლისთვის მიცემული პირობა შევასრულო. არ გაწირო და არ დატოვო ჩვენი ლაბორატორიაო, მთხოვა. მაშინ კი მისი თხოვნა უპასუხოდ დავტოვე, მაგრამ დაკრძალვის დღეს დავპირდი, რომ ვიდრე ფეხზე ვდგავარ, ლაბორატორიას არ დავტოვებ და ამ ფიცის ერთგული ვარ.

ყველაფერი გამოცდილებაზეა დამოკიდებული. წლების განმავლობაში ჩვენს სკოლაში გადიოდნენ პრაქტიკულ კურსებს დახელოვნების ინსტიტუტის მსმენელები, რადგან ისეთი ლაბორატორია გვქონდა, ნებისმიერი ცდის ჩატარება შეგვეძლო. ათეული წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება მქონდა და ჩემთვის გამოცდის ჩაბარება პრობლემას არ წარმოადგენდა.

- თქვენ თუ გყავთ მემკვიდრე, ვისაც წლების შემდეგ ლაბორატორიას გადააბარებდით?

- არის ჩვენს სკოლაში ქიმიის მასწავლებელი, საპენსიო ასაკსაა მიღწეული, მაგრამ ჯერ მაინც ახალგაზრდაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ გამოჩნდება ახალგაზრდა კადრი, ვინც წლების განმავლობაში შემონახულ ჩვენს სიმდიდრეს გადაიბარებს.  

- ქალბატონო ნატრული, ქიმიის მასწავლებლები, ზოგადად, სიმკაცრით გამოირჩეოდნენ. უმეტესობას ასეთი ქიმიის მასწავლებლები გვახსოვს, რატომღაც. თქვენ როგორი მიდგომა გაქვთ მოსწავლეებთან?

- მე ვფიქრობ, რომ ოქროს შუალედი მაქვს შერჩეული. ახლა, თანამედროვე ბავშვები უფრო თავისუფალნი არიან, ადრე უფრო მორჩილი ბავშვები იყვნენ რაღაცნაირად. დროის მოთხოვნის შესაბამისად, ტაქტი და მიდგომა უნდა შეცვალოს მასწავლებელმა, ისე ვერ იმუშავებს. იცვლება დრო, იცვლებიან ადამიანები, იცვლება მეთოდი, მიდგომები... შვილები მყავს, შვილიშვილები, შვილთაშვილები, თაობათა ცვლილებების უშუალო მონაწილე ვიყავი, მათთან ერთად, ვხედავ განსხვავებას, როგორები იყვნენ მათი დედები, როგორები არიან თვითონ და არ მიჭირს ადაპტირება. თუმცა, ნებისმიერ დროს ასე იყო და ახლაც ასეა, რომ მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლეებში აღძრას ცნობისმოყვარეობა და შეძლოს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, ფლობდეს ამ ხელოვნებას. ესაა მთავარი.

თუ პარალელს გაავლებ მეცნიერებასა და ყოველდღიურობას, რეალურ ცხოვრებას შორის, ქიმიაც აღარავის მოეჩვენება რთულ საგნად და დაინტერესდება ბავშვი. მინიმალური მაინც უნდა წაიღოს მოსწავლემ სკოლიდან, რაც მას ცხოვრებაში გამოადგება.

- უამრავ თაობას გაუვლია თქვენს ხელში, ყველაზე მძიმედ მაინც რომელი პერიოდი გახსენდებათ?

- ყველაზე რთული, როგორც ყველასთვის, ასევე ჩვენთვის, 90-იანი წლები იყო. ქვეყანას რომ უჭირდა, ოჯახსაც უჭირდა და სკოლასაც. შუქი არ იყო და მახსოვს, ოლიმპიადებს მაინც ვატარებდით, სანთლის შუქზე. ის პერიოდი ყველაზე მძიმედ მახსენდება.

- გამოცდის წარმატებით ჩაბარება ალბათ ბევრმა ადამიანმა მოგილოცათ. თქვენი მოსწავლეები როგორ შეხვდნენ თქვენს წარმატებას?

- რასაკვირველია, ყველას გაუხარდა და მომილოცა, მაგრამ ერთი პატარა ბიჭის ნათქვამს მაინც ვერაფერი დამავიწყებს და ვთქვი კიდევაც, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდო. 16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, მოდის ჩემთან ერთი პატარა ბიჭი, მეცხრეკლასელი ლოლო ალიმოვი და მეუბნება, - მასწავლებელო, ჩვენი მასწავლებელი იქნებით? - კი მეთქი-ვუთხარი, - ერთი სული მქონდა, სანამ გნახავდითო, მითხრა. ეს იყო ჩემთვის მასწავლებლის ჯილდო. სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ჯილდოზე უარი ვთქვი, მაგრამ ჯილდო მივიღე ამ ბავშვის სახით. მოსწავლის სიყვარულია ყველაზე დიდი ჯილდო მასწავლებლისთვის. აღფრთოვანებული ვიყავი იმ დღეს, ფრთაშესხმული დავდიოდი, რა მითხრა ამ ბავშვმა-მეთქი! ერთი სული მქონდა, როდის გნახავდითო, - ამაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს!

- ქალბატონო ნატრული, თქვენი შთამომავლობიდან თუ დაინტერესდა ვინმე თქვენი პროფესიით?

- ორი ქალიშვილი, სიძეები, ექვსი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი მყავს. ერთი შვილი ქიმიკოსია, მეორე, - ბიოლოგი. ორი შვილიშვილი ექიმია, რეზიდენტურაში სწავლობენ, ერთმა შვილიშვილმა საბანკო საქმე აირჩია, მეორემ, - ეკონომიკა. ანუ აირჩიეს და გამოიყენეს ბავშვებმა ჩემი პროფესია.

- ვიცი, რომ გაქვთ ერთი ოცნება, რომელიც ძალიან გინდათ, აიხდინოთ...

- დიახ, მაქვს საოცნებო გეგმა. ჩვენი სკოლა მდიდარია თვითნაკეთი ქიმიური ხელსაწყოებით, ცდებისათვის საჭირო ინვენტარით, რაც უკვე მოძველებულია. მინდა თანამედროვედ, ლამაზად შევფუთო ის სიმდიდრე, რაც არის ლაბორატორიაში, წარმოვაჩინო და ქიმიის რესპუბლიკური საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გავხსნა. მსურველებიც გვყავს, რომლებიც მზად არიან, გამოუშვან თავიანთი მოსწავლეები თუკი ასეთი სკოლა გვექნება.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა მასწავლებლებს, თქვენს კოლეგებს?

- მასწავლებელი უსათუოდ ნიჭიერი უნდა იყოს, ისე არ უნდა მოკიდოს ამ საქმეს ხელი. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ტაქტი, იყოს ურთიერთობებში გულწრფელი და შემწყნარებელი. მთავარია, - მუდამ უნდა ისწავლოს. თუ ცოდნა ყოველდღიურად არ ივსება, ყოველდღე იკლებს. და კიდევ, თუ სწავლებას ბედავ, სწავლა თავადაც არასდროს უნდა შეწყვიტო, - ეს იქნება ჩემი რჩევა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება