რა თანამედროვე მეთოდებს იყენებენ ახალბედა მასწავლებლები სკოლაში - „იმპროვიზაციის საშუალებას ხშირად თვითონ ბავშვები გვაძლევენ“
საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე ცვლილებებმა, 2019-2020 სასწავლო წლისთვის სკოლებში მრავალი ვაკანტური ადგილი გააჩინა და გზა მისცა ახალბედა მასწავლებლებს, სისტემაში შესასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წელი სულ ახლახანს დაიწყო, მათ მცირედი გამოცდილება უკვე შეიძინეს და სკოლაში საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრეს. თბილისის N133 საჯარო სკოლის ახალბედა პედაგოგები
etaloni.ge-ს თავიანთ ემოციებს უზიარებენ და იმ მეთოდებზე საუბრობენ, რის განხორციელებასაც საკლასო ოთახში გეგმავენ.
სკოლაში ჟურნალისტიკიდან მოვიდა. ბავშვებთან ურთიერთობა, არაფორმალური განათლების მიმართულებით, აქამდეც ჰქონდა, თუმცა, თვლის, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში მოხვდა და მისთვის საინტერესო თავგადასავალიც დაიწყო. მოსწონს, როცა „ანა მასწავლებელს“ ეძახიან და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ახალგაზრდა ასაკშიც შეიძლება გახდე მოსწავლისთვის ავტორიტეტი.
ანა ურუშაძე, თბილისის N133 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 24 წლის:
„ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება აქამდეც მქონდა. მესამე წელია, არაფორმალური განათლების კუთხით ვარ ჩაბმული სხვადასხვა აქტივობაში, ვარ ლიდერი ახალგაზრდულ ბანაკებში, საინტერესო აქტივობების დაგეგმვა და ბავშვებისთვის მიწოდება ჩემთვის უცხო არ იყო, მაგრამ მაძიებლობის პროგრამაში დავრეგისტრირდი და მინდოდა ბედი სკოლაშიც მეცადა. პარალელურად, ვსწავლობ მაგისტრატურაზე მედიაკვლევების მიმართულებით.
დიდი ხანი არ არის, რაც სკოლა დავამთავრე, მაგრამ აქ აბსოლუტურად სხვა სამყარო დამხვდა. ძალიან საინტერესოა ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა, ყოველდღიურად უდიდეს გამოცდილებას ვიძენ, არამხოლოდ საგანმანათლებლო კუთხით. აქ იმიტომ მოვედი, რომ ჩემი ცოდნა გამეზიარებინა ბავშვებისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ.
ახლა დაიწყო მეორე კვირა და ჯერ ასე თამამად საუბარი კიდევ არ შემიძლია, მაგრამ განვლილმა ერთმა კვირამ დამანახა, რომ ეს ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც მინდოდა, ვყოფილიყავი, სადაც რეალიზების ძალიან კარგი შანსი მაქვს.
მრავალმხრივი ადამიანი ვარ და ბევრი სფერო მაინტერესებს. სხვადასხვა მედიასაშუალებაში ძალიან ბევრ ისეთ თემაზე მიმუშავია, რაც სამოქალაქო განათლების თემატიკაში შედის და აქედან გამომდინარე, მიადვილდება ჩემი პირადი „ქეისებით“, პირადი შემთხვევებით ვესაუბრო ბავშვებს, გავუზიარო გამოცდილება. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლაში „სამოქალაქო განათლების“ მიმართულებით შემოვსულიყავი. ამ ძალიან მნიშვნელოვან საგანში ჩვენ ვეხებით ბევრ სამოქალაქო თემატიკას, ისეთ საკითხებს, რომელიც ნებისმიერი ასაკის, თუ სქესის ადამიანს სჭირდება, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, როგორც მოქალაქისთვის, ეს ჩემთვისაც საინტერესო გამოწვევაა.
არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ მინდა, ჩემი სწავლება იყოს ინოვაციური, გამოვიყენო აქტივობები, რომელიც ბავშვებს საკუთარი უნარის რეალიზებაში მაქსიმალურად დაეხმარება. უკვე ბავშვებიც მიეჩვივნენ, როცა შევდივარ გაკვეთილზე, იციან რომ რაღაც ახალი გვექნება, ან თამაში, ან აქტივობა, ან ახალ ღონისძიებას დავგეგმავთ, ანუ, მოლოდინი აქვთ უკვე იმისა, რომ იქნება რაღაც საინტერესო სიახლე.
ბავშვებთან ურთიერთობა მრავალგანზომილებიანი პროცესია და საშუალება მეძლევა, რომ ეს ბევრი განზომილება დავინახო. ისე ძალიან მომწონს ახალი იმიჯი „ანა მასწავლებელი“, ამისათვის მზად ვარ, ცხოვრებისეულ გზაზე ყველა სირთულე გადავლახო.
ჩემი მთავარი მიდგომა და ჩემი, როგორც მასწავლებლის სწორება არის თითოეული ბავშვი და არა მხოლოდ კლასი, რომელიც 35 ბავშვისაგან შედგება. ვცდილობ, აქცენტი გავაკეთო თითოეულ ბავშვზე. ჩემთვის არსებობს ინდივიდი, არსებობს ბავშვი და არა მთლიანად კლასი. პირველ გაკვეთილზე მაგალითად, შევიტანე სურვილების ყუთი, სადაც თითოეულმა მოსწავლემ ჩამოწერა თავისი სურვილი. ესეც სამოქალაქო განათლების განხილვის ერთ-ერთი თემატიკაა. მათი ნებისმიერი პასუხი, თუნდაც ხუმრობით დაწერილი, მივიღე სერიოზულად და ჩვენ მთელი წელი უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ თითოეული მათგანის ინტერესი დაკმაყოფილდეს.
თეორიული ცოდნის გადაცემის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია კლასის ორგანიზება, რაც, რა თქმა უნდა, დამწყები მასწავლებლისთვის და მით უფრო ახალგაზრდისთვის, სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან შენ მიმართ არსებობს კითხვა - რამდენი წლის ხარ?! და აქედან გამომდინარე, ეჭვი, რამდენად სანდო ხარ, შეგიძლია თუ არა გახდე მათთვის ავტორიტეტი, შეძლებ თუ არა მიაწოდო სათანადო ცოდნა? მე რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვიცოდი და ბუნებრივად მივიღე, მაგრამ იმედი მაქვს, ძალიან მალე, ეს კითხვის ნიშნები ჩემს მიმართ აღარ იარსებებს.
დღეს პირველად ჩავიბარე მათი დავალებები და ვფიქრობ, რომ რაღაც ახალი შევიძინე, თითოეული რვეული ჩემთვის ახალი თავგადასავალია, ახალი მოტივაციაა იმისათვის, რომ უკეთესად ვიმუშაო.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის N133 საჯარო სკოლას და მის დირექტორს იმ შანსისთვის, რომელიც მომცა და რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ. ვარ უაღრესად მადლიერი და ვეცდები, მათი ნდობა გავამართლო“.
თვლის, რომ ცოდნა ძალაა და აქვს სურვილი, თავისი ცოდნა მოსწავლეებს გაუზიაროს. ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, რომელიც სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით შევიდა, აღნიშნავს, რომ მრავალრიცხოვან კლასში ინდივიდუალური მიდგომები რთულია, თუმცა, - აუცილებელი.ნინო ბაკურაძე, თბილისის N133 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 29 წლის:„დამთავრებული მაქვს აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. სკოლასთან შეხება აქამდე არ მქონია, თუ არ ჩავთვლით, რომ დედა მყავს მასწავლებელი და სკოლის სიტუაცია ასე თუ ისე, ნაცნობი იყო ჩემთვის.
სწავლა-სწავლების პროცესი ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, რადგან ცოდნა მიმაჩნია ძალაუფლებად. როცა რაღაც იცი, რაღაცაში ხარ კომპეტენტური, გაქვს შეგრძნება, რომ ხარ ძლიერი და თუ ამ ყველაფრის გადაცემა სხვისთვისაც შეგიძლია, ეს ძალიან საინტერესო პროცესია.
ჩავაბარე საგნის გამოცდა და ერთწლიანი, 60-კრედიტიანი კურსი თსუ-ში გავიარე. ამ სკოლაში გავიარე პედაგოგიური პრაქტიკა უნივერსიტეტიდან და აქტიურად დავიწყე სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიების ძებნა. ძალიან ბევრ სკოლაში ვიყავი გასაუბრებაზე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო კონკურსი, ეს იყო მხოლოდ გასაუბრება გასაუბრებისთვის. ძალიან დიდი განსხვავება იყო წინა გასაუბრებებსა და N133 საჯარო სკოლაში ჩატარებულ გასაუბრებას, ან თუნდაც საგნისა და ახალბედა მასწავლებლის მიმართ მიდგომებს შორის. ერთადერთ დირექტორად მომეჩვენა ჩვენი დირექტორი, რომელიც ამბობს, რომ „სამოქალაქო განათლება“ არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანი, რასაც დიდი როლი აქვს ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებაში და ის უნდა ასწავლოს საგნის მცოდნე მასწავლებელმა.
პედაგოგიურ პრაქტიკაზე როცა ვიყავი, ჯერ სატესტო გაკვეთილები ჩავატარე, შემდეგ, ჩვეულებრივი გაკვეთილები და გარემოც ნაცნობი იყო ჩემთვის, მაგრამ როცა უკვე საკუთარ კლასში შეხვალ, სრულიად სხვა პასუხისმგებლობაა.
რადგან სკოლაში ერთ საგანში ორი ახალბედა სპეციალისტი ვართ, საუკეთესო შედეგების მისაღწევად, მე და ანა ურუშაძე ხშირად შეთანხმებით ვმოქმედებთ. მაგალითად, იმ მეთოდიკას, რაც სამოქალაქო განათლების სწავლებაშია აპრობირებული, შეგვიძლია, რაღაც ერთი დეტალი მოვაკლოთ და ეს დეტალი იქ ჩავამატოთ, სადაც კლასებიდან გამომდინარე, საჭიროებას დავინახავთ. გვაქვს არჩევანის თავისუფლება. თუ რაღაც მეთოდით ჩატარებულ გაკვეთილში, დავუშვათ, ვერ ჩაერთო სამი-ოთხი მოსწავლე, ამ ბავშვებთან ცალკე ვმუშაობთ, ვეკითხებით, როგორი ტიპის დავალებები მოსწონთ და შემდეგ მათთვის ან რომელიმე უკვე არსებულს გადავაკეთებთ, ან სულაც, ახალს მოვიფიქრებთ. ინდივიდუალური მიდგომა 30-35 მოსწავლესთან ძალიან რთულია, მაგრამ თუ არ დაჯდები სკამზე და კლასში გადაადგილდები ელვის სისწრაფით, ყველაფერი გამოგივა. თვითონ ბავშვებიც გაძლევენ ამის საშუალებას, ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, ყველაფერი აინტერესებთ და როცა მასწავლებლის მონდომებას ხედავენ, თვითონაც მოგყვებიან.
სულ მცირე დროა, რაც გაკვეთილებს ვატარებ, მაგრამ ყოველ საღამოს გაკვეთილის დაგეგმვაზე ფიქრი ჩემთვის უფრო რთულდება, რადგან, რაც უკვე გავაკეთეთ, იგივე აქტივობას ვეღარ ვთავაზობ. მუდმივად სიახლე სჭირდებათ, თუმცა, იმპროვიზაციის საშუალებას ხშირად თვითონ ბავშვები გვაძლევენ, ყოფილა შემთხვევა, რომ როცა მათი ინტერესები დავინახე, დაგეგმილ გაკვეთილს გადავუხვიე.
ჯერ კიდევ ბავშვების გაცნობის პროცესში ვართ. აქტიურად ვადევნებთ თვალს, რომელი უნივერსიტეტი რა ღონისძიებას ამზადებს, რაში ჩავერთოთ, სად წავიყვანოთ... ტიპიური გაკვეთილებით, როგორიცაა , - „დავალება შევასრულე, მოვიტანე, წავიკითხე,“, მათ ვერ დააინტერესებ. შინაგანი მოტივაციის გაღვიძებაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამ მრავალფეროვნებას შემდეგ ცოტა შორს მიყავხარ და არ გაძლევს გაჩერების საშუალებას“.