ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის პედაგოგ ნარგიზი ბლუაშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
03-10-2019
დაკოპირებულია
-
+
დმანისის მუნიციპალიტეტის, ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგს ნარგიზი ბლუაშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლა ნარგიზი ბლუაშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ნარგიზი ბლუაშვილი 2012 წელს თბილისიდან საცხოვრებლად დმანისში გადმოვიდა. მანამდე იგი მუშაობდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა სასკოლო ცხოვრებასთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. იყო ავტორი რუბრიკებისა: „სასკოლო ცხოვრება“, „მომავლის სკოლა“, „წერილები ჩემს ქალიშვილს“ და სხვა. რუსთავის N5 საშუალო სკოლის ბაზაზე დაარსა ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი და მოსწავლეთა გაზეთი „ფიქრის გორა“; 2003 წლიდან მიწვეული იყო დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „იბერიაში“ ჟურნალისტიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად, 2006 წლიდან მოღვაწეობდა თ. მუხაძის სახელობის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
2013 წლის მარტიდან მუშაობა დაიწყო კარაბულახის საჯარო სკოლაში; 2018 წლის ოქტომბრიდან ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელია; ძალიან უყვარს კოლეგები და თავისი მოსწავლეები. მისი მიზანია მოკრძალებული წვლილი შეიტანოს აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლე-ახალგაზრდობის სრულუფლებიანი მოქალაქეობრივი განცდის ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო ენის შესწავლის საქმეში.
ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ნარგიზი ბლუაშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და მიიჩნევს, რომ თუ ის ასეთი რუდუნებით და ტემპით გააგრძელებს წინსვლას, მალე ახალი წარმატებებით გაგვახარებს“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.