მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მოქმედ პრაქტიკოს არასაპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებმაც კომპეტენციები დაადასტურეს, მაგრამ არა აქვთ სრულად საჭირო 19 კრედიტქულა, უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადასასვლელად, განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ. ამ პედაგოგების აბსოლუტური უმრავლესობა არის მაღალი რანგის პროფესიონალი“, - ამის შესახებ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ etaloni.ge-სთან განაცხადა.
მისივე თქმით, მასწავლებელთა პროფკავშირმა სისტემაში მიმდინარე რეფორმას მხარი დაუჭირა და მოუწოდა პედაგოგებს, მასში ჩართულიყვნენ, თუმცა არის საკითხები, რაც განათლების სამინისტრომ მათთან შეთანხმების გარეშე განიხილა და რის მიხედვითაც, პრაქტიკოსი მასწავლებლები პროფესიაში დარჩენის პერსპექტივას კარგავენ:
„მხარი დავუჭირეთ რეფორმის ძირითად თეზისებს და მასწავლებლებსაც მოვუწოდეთ, ჩართულიყვნენ პროცესში, ვინაიდან 9 წელია, მიმდინარეობს პედაგოგთა გამოცდები და ეს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ამის შემდეგ, გაგვიჩნდა გარკვეული პროტესტი იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოსცა 2 ახალი ბრძანება, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს და მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, რომლის პროექტი ჩვენ არ განგვიხილავს. ჩვენთვის ამ ბრძანებების ამოქმედება იყო, ასე ვთქვათ, ერთგვარი სიურპრიზი, რადგან არ ვიყავით ჩართული მის შემუშავება-განხილვის პროცესში. პროტესტი გაგვიჩნდა როგორც მოქმედი კანონმდებლობიდან, ასევე იმ დარგობრივი შეთანხმებიდან გამომდინარე, რაც გაფორმებულია ჩვენს ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის და მას საერთაშორიო წარმომადგენლობამ ისტორიული შეთანხმება უწოდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს პროფკავშირთან თანამშრომლობის ვალდებულებებს არეგულირებს და სადაც დეტალურად არის აღწერილი სამინისტროსა და პროფკავშირის ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობა.
ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლა ვალდებულია, საათების განაწილების დროს, პირველ რიგში, უპირატესობა უფროს და წამყვან მასწავლებელს მიანიჭოს და შეუვსოს მათ საათები სრულ დატვირთვამდე. ამ ბრძანებამ გამოიწვია, ის, რომ თუ სკოლის დირექცია უპირობოდ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, პრაქტიკოსი მასწავლებლები დარჩებიან საათობრივი დატვირთვის გარეშე და საერთოდ დაკარგავენ პროფესიაში დარჩენის პერსპექტივას“, - აცხადებს მაია კობახიძე.
მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს, საგამოცდოდ მოსამზადებლად და საჭირო კრედიტქულების დასაგროვებლად, ცოტა დრო მისცეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წლიდან გამოცდაზე გასვლა მათთვის არასავალდებულო იყო:
„რეფორმის მხარდაჭერა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი, ობიექტურობა, შეილახოს მასწავლებელთა უფლებები. ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ვიბრძოლოთ თითოეული მასწავლებლის უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები, თუმცა მათთვის კარიერული წინსვლის აქტივობების ვადები დაწესებულია 2020 წლის იანვრამდე, რასაც ბოლომდე არ ვეთანხმებით, ვინაიდან მაისში ამოქმედდა ეს გადაწყვეტილება, მაისიდან იანვრამდე კი მოკლე პერიოდია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2 თვე პედაგოგები შვებულებაში იყვნენ, შესაბამისად, პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ექვს თვეში უნდა შეძლოს საჭირო კრედიტქულების დაგროვება.
2017 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად კი, მოგეხსენებათ, მასწავლებელს მოეხსნა გამოცდაზე გასვლის ვალდებულება, გახდა ნებაყოფლობითი და ვისაც კარიერული წინსვლის სურვილი ჰქონდა, მხოლოდ ის განახორციელებდა დამატებით აქტივობებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლები, ასე თუ ისე, შეეგუენ აზრს, რომ გამოცდისათვის მზადება არ ყოფილიყო მათთვის პრიორიტეტი. ზოგიერთმა მასწავლებელმა გადაწყვიტა, შემოქმედებითი საქმიანობა სკოლებში ისე განეხორციელებინა, როგორც პრაქტიკოს მასწავლებელს და მას საფრთხე პროფესიის დატოვებისა, არ ემუქრებოდა. ახლა კი, მასწავლებლებმა დაიწყეს მზადება საჭირო 19 კრედიტქულის მოსაგროვებლად და ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის არასაპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც კომპეტენციები დაადასტურეს, მაგრამ არა აქვთ სრულად საჭირო 19 კრედიტქულა, უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადასასვლელად. ასეთ მასწავლებლებს, განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ.
ჩვენ ღრმად გვაქვს საკითხი შესწავლილი და ვიცით, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელსაც ჰყავს დაზრდილი მრავალი მადლიერი თაობა. რადგან პრაქტიკოსია პედაგოგი, ეს არ ნიშნავს, რომ ვალდებულებები ბოლომდე არა აქვს შესრულებული მომავალი თაობის წინაშე“, - აღნიშნავს მაია კობახიძე.
მისივე განმარტებით, უწყების ხელმძღვანელთა ხშირმა ცვლამ პედაგოგებში გაურკვევლობა გამოიწვია და სტრესული სიტუაცია შექმნა:
„რეფორმა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მასწავლებლებისათვის, რის უმთავრესი გამომწვევი მიზეზიც, არის მინისტრების ხშირი ცვლა. მოდის ახალი მინისტრი, იწყებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და მასწავლებლისთვისაც დგება ახალი ვალდებულებები კარიერული წინსვლის თვალსაზრისით. შესაბამისად, დაიბნენ მასწავლებლები. ბოლო 6 წელიწადში მეხუთე მინისტრია სისტემაში, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია და პედაგოგებს სტრესული სიტუაცია შეუქმნა. იმ მასწავლებლებს, ვისაც კრედიტნახევარი, კრედიტი, ორი კრედიტი, 4 კრედიტი აკლდება, განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. უპირველესად, სტატისტიკა უნდა დაითვალოს, რამდენია ასეთი მასწავლებელი, რომელსაც სისტემიდან გასვლა ემუქრება და რითაც ისევ სკოლა და მოსწავლე დაზარალდება.
ვისაც 15 ან მეტი კრედიტი აქვს დაგროვებული, მაგრამ არა აქვს ზუსტად 19 კრედიტი, მათთვის სამინისტროს მხრიდან ცალკე ღონისძიებები და მხარდამჭერი სამოქმედო გეგმა უნდა დაინერგოს, რათა ამ ადამიანებმა შეივსონ კრედიტები 19 ქულამდე. ეს საკითხი ჩვენ უკვე დავაყენეთ სამინისტროს წინაშე. მადლობელი ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის და რა თქმა უნდა, სამინისტროსი, რადგან ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო“,- აცხადებს მაია კობახიძე.
etaloni.ge-ს კითხვაზე, გარდა ნოემბერში დაგეგმილი გამოცდისა, კონკრეტულად რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა იანვრამდე საჭირო კრედიქულები შეივსონ, კობახიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, მათი ორი კატეგორია უნდა გამოიყოს:
„აქ მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების ორი კატეგორია უნდა გამოიყოს, - მასწავლებლები, რომელთაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია და დააგროვეს 10-დან 15 კრედიტქულამდე და ისინი, ვისაც 15 და მეტი კრედიტქულა აქვთ დაგროვებული. ამ მასწავლებლებისათვის უნდა იყოს ცალ-ცალკე გაწერილი ღონისძიებების გეგმა, თუ როგორ შეძლებენ განახორციელონ ყველა ის აქტივობა, რაც კრედიტქულას მიანიჭებთ. არ ვხსნით ჩვენ ამ მასწავლებლების ვალდებულებებს დღის წესრიგიდან, მაგრამ ხელშეწყობა სჭირდებათ, რადგან ძალიან ცოტა დრო დარჩა და ძალიან შეწუხებულები არიან. ინტენსიურად, მთელი დღის განმავლობაში, ასეულობით ადამიანი გვიკავშირდება მსგავსი პრობლემით. მოგეხსენებათ, თუ უფროსი მასწავლებლის სტატუსს ვერ მოიპოვებენ მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასეთ შემთხვევაში, მათ სკოლა უფორმებს ვადიან ხელშეკრულებას და აღნიშნულ პოზიციაზე ცხადდება ვაკანსია. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ისეთი ღვაწლმოსილი და შედეგებზე ორიენტირებული ადამიანები გავიდნენ სისტემიდან, რომლებიც სკოლას ძალიან სჭირდება.
ჩემთვის აუხსნელი და მიუღებელია პრაქტიკოსი მასწავლებლებისადმი ასეთი გაუაზრებელი და არასწორი მიდგომები, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი, უპირველესად, იქნებიან კარგი მასწავლებლები და მაგალითი დამწყები ახალგაზრდა კადრებისათვის, ვინც პროფესიაში შემოვიდა ან სამომავლოდ აპირებს შემოსვლას. იმისათვის, რომ არ ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, თითქოს რეფორმა გაუაზრებლად მიმდინარეობს, დაუყოვნებელი ცვლილებებია საჭირო, ისეთი ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე უნდა შევახსენო ყველას მსოფლიო გამოცდილება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც წარმატებული რეფორმები განხორციელდა, ჯერ მომზადდა ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები და შემდეგ, ეტაპობრივად მოხდა მათი სკოლებში შემოყვანა. გარდა ამისა, არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველა ნაკლოვანება, რაც ათეულობით წლის განმავლობაში სისტემაში არსებობდა, პრაქტიკოსი მასწავლებლების „დანაშაულია“, არ უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, თითქოსდა, რეფორმის მთავარი მიზანი იყო პრაქტიკოსი მასწავლებლების სკოლიდან გაშვება. ამისათვის საჭიროა, ღონისძიებები დაუყოვნებლივ გატარდეს“,- განმარტავს მაია კობახიძე.
მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი თვლის, მხოლოდ გამოცდა და კრედიტქულების რაოდენობა მასწავლებლის კომპეტენციას ვერ განსაზღვრავს, რადგან პედაგოგის შეფასების მთავარი კომპონენტი მისი საქმიანობის ამსახველი პრაქტიკული შედეგებია, პრაქტიკოს მასწავლებლებს კი, აქვთ ღვაწლი მომავალი თაობის წინაშე, რის გამოც, ისინი მშობლებისა და სრულიად საზოგადოების მხარდაჭერას იმსახურებენ.
ასევე იხილეთ: „მასწავლებლის საბაზო ხელფასის ზრდა უპირველესია, პარალელურად უნდა გაიზარდოს სტატუსის დანამატები“ - მასწავლებელთა პროფკავშირები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...