ინფორმაცია მასწავლებლებისთვის: ყველაფერი, რაც ახალი უფასო მომზადების პროგრამის შესახებ არის ცნობილი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 10 ოქტომბერს წარადგინა. პროგრამა მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და ხელშეწყობას გულისხმობს.პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ:
- მათ ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში.
- მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.
- პირებს, ვისაც სურვილი აქვს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში ასწავლონ.
მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები
2. ბიოლოგია და ქიმია
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
5. დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)
მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.
უფასო მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყო. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მასწავლებლის სახლის
ვებგვერდზე.„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ ჩარიცხვა მარტივია:დარეგისტრირდი www.tpdc.ge-ზე, ჩააბარე ტესტი, რომელიც საგანში შენს საბაზისო ცოდნას შეამოწმებს და გახდი კურსის მსმენელი.
ტესტის გავლის ვალდებულებისგან თავისუფალია ის აპლიკანტი, რომელმაც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე გადალახა 40%-იანი ზღვარი.
ხოლო მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.
რეგისტრაციისთვის საჭიროა:1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (PDF ან JPG ფორმატში)
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (PDF ან JPG ფორმატში)
3. მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი (PDF ან JPG ფორმატში) ასეთის არსებობის შემთხვევაში“,-აცხადებენ მასწავლებლის სახლში.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლაში“ სწავლება ნოემბერში დაიწყება და საგანში მომზადების 2-თვიანი პროგრამა იქნება. სასწავლო კურსები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლებში კვირაში სამჯერ: პარასკევს, შაბათს და კვირას. სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მენტორობით გაივლიან.
პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია.კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ და მაძიებლობის ფარგლებში გაივლიან დისტანციური სწავლების კურსს, ხოლო საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ.
ამასთან, პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წელს პროფესიაში შესვლის 2 000-მდე მსურველს უფასოდ მოამზადებს. „განათლების რეფორმის მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა, ქალაქის, რაიონის და სოფლის სკოლებში. კვალიფიციური მასწავლებელი და ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჯარო სკოლისთვის.
ახალი პროგრამის საშუალებით მოხდება, მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით.
გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს
“, - განმარტავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
ნახეთ „მასწავლებლის სახლის“ მიერ „ეროვნული სკოლის“ შესახებ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო:
ასევე იხილეთ:მასწავლებლობის მაძიებლებისა და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის უფასო მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყოსახელმწიფო მასწავლებლობის მსურველებს უფასოდ მოამზადებს - განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა