„სიტყვა „ჩვენ“ ნიშნავს საერთო წარმატების სურვილს“, - კასუმლოს საჯარო სკოლაში ხარისხიანი სასწავლო პროცესისთვის ყველა ერთად იღწვის
მარნეულის მუნიციპალიტეტის, კასუმლოს საჯარო სკოლა საუკეთესო სკოლათა შორის არაერთხელ დასახელდა, ვინაიდან დირექციისა და მოსწავლე-მასწავლებელთა ძალისხმევით ხორციელდება პროექტები, კონკურსები, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები.სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში ხარისხიანი სასწავლო პროცესისთვის ყველა ერთად იღვწის.
„არც ერთი ჩვენგანი არ არის ისეთი გონიერი, როგორც ჩვენ ყველანი ერთად“, - ამბობს იაპონური ანდაზა. სიტყვა „ჩვენ“ ნიშნავს გუნდურობას, თანამშრომლობას, ერთმანეთის პატივისცემას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო წარმატების სურვილს.
კითხვაზე, როდისაა სკოლა წარმატებული, პასუხი ერთია, მაშინ, როცა ყველა ერთად იღვწის ხარისხიანი სასწავლო პროცესისათვის. ასეა მარნეულის მუნიციპალიტეტის კასუმლოს საჯარო სკოლაში, სკოლაში, რომელიც არაერთხელ დასახელებულა საუკეთესო
სკოლათა შორის, ვინაიდან დირექციისა და მოსწავლე-მასწავლებელთა ძალისხმევით ხორციელდება პროექტები, კონკურსები, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები.
კასუმლოს საჯარო სკოლას ჰყავს მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებელი, რომელიც უკვე ორი წელია სასკოლო საზოგადოებასა და თემს ინგლისურ ენას ასწავლის. ფრია მისრამ ინგლისური ენის მასწავლებელ სამირა ისმაილოვასთან ერთად შეიმუშავა პროექტი, რომლის დაფინანსებაც 4500 დოლარია. მოგებული თანხის 20%-ს დაფარავს თემი, ხოლო დანარჩენი 3500 დოლარი მშვიდობის კორპუსისაგან გრანტის სახით გადაეცემა სკოლას. ამ თანხით მოეწყობა ინგლისური ენის
კაბინეტი, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და რესურსებით.
სულ ახლახანს მარნეულის მუნიციპალიტეტმა და ამავე რაიონის რესურსცენტრმა მენტორ და წარმატებულ მასწავლებლებს უმასპინძლა. ოცდახუთ წარმატებულ მასწავლებელს შორისაა კასუმლოს საჯარო სკოლის ხუთი პედაგოგი, ოთხი უფროსი მასწავლებელი კი 2019-2020 სასწავლო წლისათვის აიმაღლებს სტატუსს.
მასწავლებელთა საზრუნავი მხოლოდ სტატუსის შეცვლა როდია. საზღვრისპირა სოფელში, რომელშიც ათასამდე კომლი ცხოვრობს, მხოლოდ სკოლაა ადგილი, სადაც მოსწავლე არა მარტო კონკრეტულ საგნებს, არამედ ცხოვრების სიძნელეებთან
გამკლავებასაც სწავლობს. სირთულეების დაძლევა კი ადვილია, როცა არსებობს საერთო მიზნები, როცა ერთის წარმატება აღიქმება, როგორც ყველას წარმატებაა, როცა თვითრეალიზაცია ყველას ხელეწიფება, როცა არსებობს სიტყვა ,, ჩვენ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.