ტყიბულის N4 საჯარო სკოლამ ღვაწლმოსილ პედაგოგს გრიგოლ ბრეგაძეს ღონისძიება მიუძღვნა
24-10-2019
დაკოპირებულია
-
+
ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი მასწავლებლის, გრიგოლ ბრეგაძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
გრიგოლ ბრეგაძე 30 წელი სკოლის დირექტორი, ხოლო 50 წელი ფიზიკის პედაგოგი იყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
„მასწავლებლობაზე მადლიანი პროფესია არ არსებობს... უდიდესი პასუხისმგებლობა და პროფესიული ხიბლია, იყო პედაგოგი, წარმატებული პროფესიონალი, სიყვარულით და პატივისცემით მოსილი, სამაგალითო კოლეგებისა და მოსწავლეებისთვის, ხოლო საზოგადოებისთვის ზნეობრივი სახე და მაგალითი.
სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ ღვაწლმოსილი პედაგოგი გრიგოლ ბრეგაძე, რომელიც 30 წელი ქალაქ ტყიბულის N4 საჯარო სკოლის დირექტორი, ხოლო 50 წელი ფიზიკის პედაგოგი გახლდათ.
საზეიმო ღონისძიებაზე თმაჭაღარა, ღვაწლმოსილი მასწავლებელი სავარძელში იჯდა, უამრავ სამადლობელსა და ხოტბით შემკულ სიტყვას ისმენდა, რომელშიც ერთი ყალბი ბგერა არ გაჟღერებულა.
საოცარი საღამო გამოგვივიდა. გულწრფელი, დადებითი ემოციებით აღსავსე იყო მოფერება, უდიდესი სიხარული. ყველას სასიამოვნო განცდა ავსებდა, თუმცა ცოტა სევდიანი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
საღამოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, მოადგილე დავით კუბლაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენელი თითოეულ სტუმარს მადლობას უხდის დაფასებისათვის და საღამოზე მიბრძანებისთვის.
„მადლობა N4 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მაკას და სკოლის უმაგრეს გუნდს. ბევრი ბედნიერი დღე ვაჩუქოთ ერთმანეთს და ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს გაულამაზოთ ცხოვრება“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.