„იმედია შედარებით გაგვიმარტივებენ“ - რა იყო მთავარი სირთულე ზაფხულის გამოცდაზე და რას ელიან მასწავლებლები ნოემბერში?
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები ახლოვდება. ზაფხულში მიღებული შედეგების გაუმჯობესების შანსი პედაგოგებს ნოემბერში მიეცემათ.etaloni.ge დაინტერესდა, რა სირთულე შეხვდათ პედაგოგებს ზაფხულის გამოცდაზე და როგორი მოლოდინები აქვთ ნოემბერში დაგეგმილი გამოცდისთვის.
როგორც აღმოჩნდა, საგნის კომპეტენციის დადასტურება შედარებით გაურთულდათ დაწყებითი კლასის პედაგოგებს. აპლიკანტების თქმით, მთავარ სირთულეს გრამატიკული ნაწილი წარმოადგენდა, რადგან შეცდომების გასწორების გარდა იყო ღია კითხვებიც, რომელიც პედაგოგებს გრამატიკული წესების ცოდნას უმოწმებდა.
გამოცდაზე მეორედ გადის და შედეგის გაუმჯობესებას ელის შუახევის მუნიციპალიტეტის ინწკირვეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანული ჭაღალიძე. ის ზაფხულში დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გავიდა, ამჯერად კი VII-XII კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზეა დარეგისტრირებული.„ზაფხულში, ძირითადად, გრამატიკული ნაწილი გამიჭირდა, რადგან ღია დაბოლოების კითხვები იყო უფრო მეტად, საწერი. ამჯერად მეტ-ნაკლებად მოვემზადე, ძირითადად სახლში ვმეცადინეობ. ზაფხულში პირველად გავედი გამოცდაზე, არც ტრენინგზე ვიყავი დასწრებული, არც - მომზადებული. ნოემბრის გამოცდისთვის მეტი მოლოდინი მაქვს“, - აცხადებს ნანული ჭაღალიძე.
გრამატიკულ ნაწილს ასახელებს ძირითად სირთულედ ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის VII-XII კლასების პედაგოგი მზია ბერიძეც. ამბობს, რომ ამ გამოცდებისთვისაც, დამოუკიდებლად ემზადება და წუხს, რომ სიშორის გამო მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს ვერ ესწრება. „მაღალი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარ. ზაფხულში დაწყებითი კლასების საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გავედი. გრამატიკა რთული იყო. სკოლაში ვმუშაობთ, დაკავებულები ვართ, ტრენინგების დრო არ გვაქვს, დაძაბულები ვართ და დამოუკიდებლად ვემზადებით. ცუდია რომ შორს ვცხოვრობთ და მასწავლებლის სახლში ტრენინგებზე ვერ დავდივართ. დამოუკიდებლად ვემზადებით გამოცდისთვის, ამჯერად დადებითი მოლოდინები გვაქვს“, - აცხადებს მზია ბერიძე.
საგნის კომპეტენცია დადასტურებული აქვს აბესალომ აბაშიძის ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის საჯარო სკოლის პედაგოგ ბესიკ გორგილაძეს. მისი შეფასებით, ზაფხულში პროფესიული უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტი საშუალო სირთულის იყო და ნებისმიერ მომზადებულ პედაგოგს შეეძლო ჩაბარება. ამჯერად გამოცდაზე უფრო მომზადებული გადის, წინა გამოცდაზე კარგი გამოცდილება მიიღო და ახლა უკეთ მოემზადა.„საგნის კომპეტენცია დადასტურებული მაქვს. პროფესიულ უნარების გამოცდა არ იყო ძალიან რთული. პროფესიული უნარები საშუალო ტესტია. ნებისმიერს შეუძლია ჩაბარება, თუ მომზადებული იქნება, დროც საკმარისია - 5 საათი.
ზაფხულში უნარებზე გავედი, ახლა კიდევ გავდივარ. მაშინ მომზადებული არ ვყოფილვარ, არც ტერმინოლოგია ვიცოდი, ამჯერად უფრო მეტი ვიცი. მათემატიკა ძალიან რთული იყო. ისეთი საკითხები იყო, რომელიც უმაღლეს მათემატიკას უკავშირდება. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, პედაგოგს ხელი შეეწყოს უკეთესი გაკვეთილის ჩატარებაში.
კარგია, რომ შანსი ამ წელს მეორედ მოგვეცა. წინაზე ვცადე, მივიღე გამოცდილება და უფრო მეტი მოტივაცია მაქვს ახლა. დავესწარი ფასიან ტრენინგებს ბათუმში, დამატებით ვმეცადინეობ დამოუკიდებლად, უკეთესის მოლოდინი მაქვს. რაღაცას რომ ეძიები, მეტს აღწევ“ - ამბობს ბესიკ გორგილაძე და წუხს, რომ გამოცდაზე მეორედ გასულ მასწავლებლებს წინა გამოცდის შედეგები უუქმდებათ.
ქართული და მათემატიკური ნაწილი გაუძნელდა ამავე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგ სოფიო შაინიძეს. ნოემბრის გამოცდაზე ის ბუნებისმეტყველების I-IV გამოცდაზე დარეგისტრირდა და უფრო კარგი შედეგის იმედი აქვს: „ზაფხულის გამოცდა მეტ-ნაკლებად რთული იყო, დაწყებითი კლასების კომბინირებულ გამოცდაზე გავედი. ამჯერად ბუნებისმეტყველებზე დავრეგისტრირდი. მათემატიკა და ქართული უფრო გამიჭირდა“.
მასწავლებლებისთვის მიცემულ მეორე შანსს იყენებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეა კვანჭიანი. მისთვის რთული ესსეს წერა აღმოჩნდა, უფრო მარტივი კი ბუნებისმეტყველება იყო. „დაწყებითი კლასის პედაგოგი ვარ. ზაფხულში დაწყებითი კლასელების კომბინირებულ გამოცდაზე გავედი, ესსეს წერა გამიჭირდა. ბუნებისმეტყველება ბევრად მარტივი იყო ჩემთვის, ძირითადი ქულები ბუნებაში ავიღე. ამჯერად მოუმზადებლად გავდივარ იგივე საგანზე. წელს რომ მეორედ მოგვეცა გამოცდაზე გასვლის შანსი ძალიან კარგია“,- აღნიშნავს თეა კვანჭიანი.
შუახევის მუნიციპალიტეტის ინწკირვეთის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქათამაძე ზაფხულში დაწყებითი კლასების კომბინირებულ გამოცდაზე გავიდა. მისი თქმით, გამოცდაზე ყველაზე რთული ნაწილი ანალიტიკური წერა იყო. ეთერ ქათამაძე ნოემბრის გამოცდაზე უკეთესი შედეგის მოლოდინი აქვს.„დაწყებითები კლასების პედაგოგი ვარ, ზაფხულში რთული იყო გამოცდა. კომბინირებულ გამოცდაზე გავედი, სამი საგანი იყო: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება. ანალიტიკური წერა იყო ჩემთვის ყველაზე რთული. ამ ეტაპზე უკეთესი მოლოდინით ვარ“,- აცხადებს ეტალონი.გე-სთან საუბარში ეთერ ქათამაძე.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი გუგული ბოლქვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნოემბერში დაგეგმილი გამოცდა უფრო იოლი იქნება. „იმედიანად ველოდები გამოცდას. იმედია მეტ ჰუმანურობას გამოიჩენენ პედაგოგების მიმართ. ამჯერად საგნის კომპეტენციაც უნდა დავადასტურო და პროფესიული უნარებიც. ზაფხულში რთული მომეჩვენა გამოცდა. ახლა მეტი მოლოდინი მაქვს, იმედია შედარებით გაგვიმარტივებენ“, - ამბობს გუგული ბოლქვაძე.
გამარტივებული ტესების იმედი აქვს ამავე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგ ნონა აბულაძესაც.„დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ. იმედის თვალით ვუყურებ ნოემბრის გამოცდებს. ზაფხულში ჩატარებული გამოცდები საკმაოდ რთული იყო. იმედი გვაქვს, ამჯერად შედარებით იოლი იქნება, დაწყებითები კლასების კომბინირებულ გამოცდაზე გავდივარ“,- აცხადებს ნონა აბულაძე.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში დაგეგმილ გამოცდაზე 26 607 აპლიკანტია დარეგისტრირებული, მათგან მასწავლებლობის მსურველი 11 400-ზე მეტია, პრაქტიკოსი პედაგოგი კი 15 200-ზე მეტი.
ზაფხულის გამოცდაზე მასწავლებელთა გამოცდაზე 20 ათასამდე დარეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებლიდან დაახლოებით 55%-მა პედაგოგმა დაადასტურა კომპეტენცია, მასწავლებლობის მსურველი 10 000-მდე აპლიკანტიდან კი გამოცდა დაახლოებით 2 300-მა ჩააბარა.