სკოლა, სადაც იაპონური ენა ისწავლება - თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეები იაპონელ ქართველოლოგს შეხვდნენ
თბილისის N89 საჯარო სკოლას იაპონელი ქართველოლოგი, ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ჰაიატე სოტომე ეწვია.იაპონური და ქართული ენები, განათლება, კულტურა, ტრადიციები, ცხოვრების სტილი - ამ და სხვა თემებზე იაპონელმა ქართველოლოგმა მოსწავლეების არაერთ შეკითხვას უპასუხა. სტუმრობა ისე საინტერესოდ წარიმართა, შეხვედრას უფროსკლასელებთან ერთად, პატარებიც შეუერთდნენ.
თბილისის N89 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასებში იაპონური ენა უკვე ორი წელია აქტიურად ისწავლება. იაპონური ენით, კულტურითა და ტრადიციებით დაინტერესებული მოსწავლეები იაპონიასთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან. მათ შორისაა სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინო შეყილაძე.
„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მომეწონა. მსგავსი დისკუსიები ჩემში დიდ ინტერესს იწვევს. იაპონელმა ჰაიატე სოტომემ თავისი ქვეყნის კულტურა უფრო თვალსაჩინოდ დაგვანახა. ადრე იაპონური ენის შესწავლით არ ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ დროთა განმავლობაში, გაკვეთილებთან ერთად, ძალიან დამაინტერესა. მსგავს ღონისძიებებსა და შეხვედრებში მომავალშიც სიამოვნებით ჩავერთვებოდი“, - ამბობს იაპონური ენით დაინტერესებული მოსწავლე.
ჰაიატე სოტომე უკვე 10 წელია ქართული ენითაა დაინტერესებული და საქართველოში ცხოვრება პერიოდულად უწევს. XIX საუკუნის ქართული მწერლობით გატაცებული იაპონელი ტოკიოს უნივერსიტეტში დისერტაციას ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე იცავს. ამბობს, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობა სიამოვნებს და მათთან შეხვედრითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა.
„ზოგადად ბავშვებთან ერთად ყოფნა ძალიან მომწონს. დღეს სხვადასხვა შეკითხვა დამისვეს და მომეწონა. საქართველოში მსგავს შეკითხვებს ბევრი მისვამს და შეჩვეული ვარ.
საქართველოში 2011 წელს ჩამოვედი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში ვსწავლობდი. იაპონიაში საქართველოს და ქართული ენის შესახებ არ იციან. ზოგადად, ქართული თუ ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ლიტერატურა და კულტურა ითვლება როგორც რუსული კულტურის ერთ-ერთი ნაწილი. ეს ძალიან არასწორია, ამიტომ გადავწყვიტე ქართული მესწავლა.
დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ჩემს დისერტაციას წიგნით სახით გამოვცე. მინდა მერე ქართულადაც ვთარგმნო, რადგან ქართველებმაც შეძლონ მისი წაკითხვა“, - გვეუბნება ჰაიატე სოტომე.
თბილისის N89 საჯარო სკოლის იაპონური ენის მასწავლებელი და ჰაიატე სოტომესთან შეხვედრის ორგანიზატორი, მარიამ ჩალაბაშვილი, ამბობს, რომ სტუმართან შეხვედრით მოსწავლეების დიდი დაინტერესება, სკოლაში იაპონური ენისა და კულტურის პოპულარობას მოწმობს.
„სწავლის პროცესში ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს, რაღაც თვალსაჩინოება სჭირდებათ. ვფიქრობდი ეროვნებით იაპონელი ადამიანი მოსწავლეებს თავის ქვეყანასაც და საქართველოსაც სხვანაირად დაანახებდა. მინოდა საერთო ეპოვათ იმ ადამიანთან, რომელიც მათთვის უცხოა, მაგრამ მათ მშობლიურ ენას სწავლობს. ჩემი აზრით, მსგავსი შეხვედრები მოსწავლეების სტიმულს გაზრდის.
მოსწავლეებს იაპონური ენის სწავლის სურვილი აქვთ. იაპონურ კულტურას ჯერ კარგად არ იცნობენ, მაგრამ ამ სკოლაში სწავლება 2019-20 სასწავლო წლიდან დავიწყე და ვხედავ, რომ ბევრი ბავშვი განვლილ მასალას უკვე კარგად ფლობს. რა ენერგიასაც ვხარჯავ, უკან მიბრუნდება და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს“, - ამბობს მარიამ ჩალაბაშვილი.
თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი, მიმოზა ტყებუჩავა, მზად არის იაპონური ენის პედაგოგს საინტერესო ღონისძიებების დაგეგმვაში მომავალშიც დაეხმაროს:
„იაპონელი ქართველოლოგის მოსმენა ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. მარიამმა მოახერხა რომ მას დრო ჩვენთვისაც დაეთმო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჰაიატემ თქვა, ქართული ენით იაპონიაში დასაქმება გაუჭირდება, ჩვენი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, მან მაინც გადაწყვიტა ქართული ესწავლა. ჩემზე, როგორც ქართველზე, ამა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ვგეგმავთ იაპონიის საელჩოსთან აქტიურად ვითანამშრომლოთ. მარიამს წინა კვირაში ბავშვები კონსერვატორიაში ჰყავდა, დღეისთვიის დისკუსიას უხელმძღვანელა. მასთან ერთად მომავალშიც ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, რაც იაპონური ენის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა გააქტიურებას ხელს შეუწყობს“.
იაპონელ სტუმართან შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა ჰაიატე სოტომესთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. შეხვედრით ყველა ნასიამოვნები დარჩა. სკოლა და იაპონური ენის მასწავლებელი მათ მომავალშიც არაერთ საინტერესო დღეს ჰპირდებიან.