მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში 2 083 საჯარო სკოლაა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სწავლა უფასოა, მშობლები არჩევანს ხშირად მაინც კერძო სკოლებზე აკეთებენ.
რა განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლებს შორის? - ამ საკითხის გასარკვევად etaloni.ge სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგებს ესაუბრა.
ნინო ბედოშვილი კერძო სკოლა „პრომეთეში“ მაძიებლის სტატუსით მუშაობს. მან დაწყებითი კლასების კომბინირებული გამოცდა ჩააბარა და 4 კრედიტი აიღო. დაწყებითი კათედრის გამგის მოადგილეა და ამბობს, რომ „პრომეთეში“ მუშაობა მისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.
„ყველა მასწავლებელი ვალდებულია ჩააბაროს საგნის გამოცდა და უნარების პროფესიული გამოცდა. კერძო სკოლაც ისევე ითხოვს კვალიფიციურ კადრს, როგორც საჯარო სკოლები. რამდენადაც ვიცი, კერძო სკოლაში ყველა მასწავლებელს გამოცდილებიდან და სტატუსიდან გამომდინარე აქვთ ანაზღაურება. ზოგიერთ კერძო სკოლაში უფრო მეტი ანაზღაურებაც არის, ვიდრე საჯაროში.
ჩემს სკოლაში, მაგალითად, მასწავლებლები კმაყოფილნი არიან, რადგან აქ ფასდება მასწავლებლის შრომა. გარდა ამისა, დირექცია ძალიან ეხმარება მასწავლებელს კვალიფიკაციის ამაღლებაში და მუდმივად ზრუნავს პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენი სკოლის მასწავლებლები ტრენინგებზე ხშირად დადიან და მონდომებულები არიან, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია. ტრენინგზე სკოლა თავისი ხარჯებით გვიშვებს.
ძალიან კმაყოფილი ვარ აქ მუშაობით, ბევრი ვაკანსია იყო გამოცხადებული, მაგრამ სხვა სკოლები არც მიძებნია“, - ამბობს პედაგოგი.
მასწავლებელი, რომელსაც საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს და ამჟამად, კერძო სკოლაში მუშაობს, განსხვავებებზე ვრცლად საუბრობს. თუმცა მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„კერძო სკოლებში სწავლის უფრო თავისუფალი მეთოდებია, ბავშვებზე მორგებული. სწავლების ხარისხი უფრო მაღალია, რადგან კლასში გაცილებით ნაკლები მოსწავლეა, ვიდრე საჯარო სკოლების კლასებში.
საჯარო სკოლაში თუ მოსწავლე ნიშნებს აქცევს ყურადღებას და შეიძლება დაბალმა ნიშანმა „შეაშინოს“, კერძო სკოლაში არ აინტერესებთ ნიშანი. აქ მარტო სუფთა ინტერესი უნდა იყოს, რომ ისწავლოს საგანი. მშობელი ფულს იხდის იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს საფუძვლიანად, შესაბამისად, გაცემული თანხის სანაცვლოდ ითხოვენ ცოდნასაც.
ამიტომ მეტად სთხოვენ მასწავლებელს, როგორც საგნის უმაღლეს დონეზე ცოდნას, ისე ბავშვებთან მიდგომის ცოდნასაც.
კერძო სკოლებში თითოეულ ბავშვზე მორგებული სწავლებაა. თუნდაც უცხო ენები რომ ავიღოთ, ორი-სამი ენა იციან მოსწავლეებმა დაწყებითი კლასებიდანვე. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლაში მეტი დატვირთვაა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ბავშვია კლასში, ვიდრე კერძოში და რა თქმა უნდა, მასწავლებელს მეტი ძალისხმევა სჭირდება.
საჯარო სკოლაში უფრო რთულია კლასის დამორჩილება, იმიტომ რომ თუ კერძო სკოლაში მოსწავლეებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მშობლები მათ სწავლაში ფულს იხდიან, საჯარო სკოლის მოსწავლეები ნაკლებად აცნობიერებენ, რომ სკოლაში სწავლისთვის დადიან. ამიტომ მასწავლებელს დიდი ენერგია ეხარჯება თუნდაც იმაში, რომ მოსწავლეს გააგებინოს სკოლის წესები და სკოლაში სიარულის მნიშვნელობა.
ვფიქრობ, რომ საჯარო სკოლებს მონდომებული, მოტივირებული და ბავშვების მოყვარული პედაგოგები სჭირდება, სხვა შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ სკოლაში მუშაობა“, - აცხადებს კერძო სკოლის პედაგოგი.
საჯარო სკოლის პედაგოგების უმრავლესობა ამბობს, რომ არჩევანის შემთხვევაში, ისევ საჯარო სკოლაში დასაქმდებოდნენ და სამუშაოდ კერძოს არ აირჩევდნენ.
„საჯარო სკოლაში 15 წელია ვმუშაობ. წამყვანი მასწავლებელი ვარ. ადრე, კერძო სკოლებს იმიტომ ირჩევდნენ პედაგოგები, რომ იქ მეტი ანაზღაურება იყო. ახლა საჯარო სკოლის მასწავლებლებსაც შეუძლიათ ანაზღაურება მოიმატონ სტატუსის ცვლილების შესაბამისად.
ვფიქრობ, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებსაც სჭირდებათ კვალიფიციური პედაგოგები, მაგრამ საჯარო სკოლაში თავს უფრო დაცულად ვგრძნობ. როდესაც კერძო სკოლაში მუშაობ, მგონია, რომ მშობლების სიამოვნებაზეც უნდა იყო კონცენტრირებული, რადგან ისინი ფულს იხდიან შვილების სწავლაში. სხვა პასუხისმგებლობაა, სხვანაირი პრეტენზიებიც“, - ამბობს საჯარო სკოლის პედაგოგი.
ჩვენი შემდეგი რესპოდენტი თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია, ამჟამად კი კერძო სკოლაში მუშაობს. რადგან ორივეგან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, საჯარო და კერძო სკოლების შედარებაზე ვრცლად საუბრობს:
„დღევანდელი კერძო სკოლები არ არის სრულფასოვანი. კერძო სკოლებში განათლების მიღება ხარისხზე არ არის გათვლილი. კერძო სკოლა არის უფრო ბიზნესი. საჯარო სკოლაში უფრო კონკურენტუნარიანი გარემოა. შესაბამისად, სწავლების ხარისხიც სხვაა. საჯარო სკოლადამთავრებულს უფრო აქვს შედეგი ამ კუთხით.
თუ ბავშვი დადის კერძო სკოლაში, მას დამატებითი მეცადინეობები აღარ უნდა სჭირდებოდეს. ის არ უნდა მიმართავდეს დამატებით პედაგოგს. სამწუხაროდ, მხოლოდ კერძო სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას. მოსწავლეები კვლავ კერძო პედაგოგთან დადიან.
ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მორგებული ბიზნესი, რომელიც გათვლილი არის იმაზე - სად გავაჩეროთ შვილი 5 საათამდე?
კერძო სკოლას აქვს თავისებური სიკეთეც. უსაფრთხო გარემო კერძო სკოლებში უფრო არის, იმიტომ რომ გამკაცრებულია ბავშვების თვალყურის დევნება, უფრო მეტად არის დაცული ბავშვი ამ კუთხით, ვიდრე საჯაროში, ვინაიდან საჯარო სკოლა ბავშვთა სიმრავლით გამოირჩევა.
მე, მაგალითად, საქართველოში 4-5 კერძო სკოლას თუ დავტოვებდი, დანარჩენს არცერთს არ მივცემდი აკრედიტაციას. შევეცდებოდი გარკვეული მოთხოვნები დამეყენებინა. შევამოწმებდი სკოლებს, სწავლის ხარისხს ვნახავდი, დასწრებას შევუმოწმებდი. პედაგოგების დონესაც გავაკონტროლებდი. საჯარო სკოლას ვინც ვერ შეწვდა, ძალიან ბევრი პედაგოგი დასაქმდა კერძო სკოლაში. უფრო მარტივია კერძო სკოლაში დასაქმება.
დღეს კარგი კადრი საჯაროშიც ჭირს, აქაც საჭიროა წმენდა ამ კუთხით, მაგრამ საჯარო სკოლის პედაგოგების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე კერძო სკოლის. სწავლის ხარისხი ჯერჯერობით კერძო სკოლების უმრავლესობას არ აქვს, იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან დაბალია. შეიძლება ბევრი კერძო სკოლის დირექტორი განაწყენდეს ამ ინფორმაციით, მაგრამ რეალურად ვაფასებ სიტუაციას.
სურვილი მაქვს, რომ კერძო სტრუქტურა იყოს არა მარტო ბიზნესი, არამედ ხარისხზე გათვლილიც. ეს არის განათლების სისტემა და მარტო ფულის კეთებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. მშობელი არ უნდა წუხდებოდეს. ვიცი კერძო სკოლები, სადაც ყველაფერი ფულის კეთებაზეა - ტრანსპორტირება, ფორმა, წიგნი, გადაადგილება, სადმე დასწრება.
კერძო სკოლა უნდა უზრუნველყოფდეს ყველა მიმართულებით განათლებას, გაცვლითი ღონისძიებები იქნება ეს თუ შიდა. მარტო შეფერადებული კედლები არ არის გარემო“.
ცნობისთვის, შემოდგომაზე სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა. მასწავლებლების შესარჩევ კონკურსზე კერძო სკოლების ძალიან ბევრი პედაგოგი მონაწილეობდა. მათი უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ თუ საშუალება მიეცემათ, საჯარო სკოლაში გადავლენ სამუშაოდ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ