მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინკლუზიური სწავლება წლების წინ დაინერგა, თუმცა ამ მხრივ დიდი პროგრესი რომ არ გვაქვს, ფაქტია. სტიგმა, ინფორმაციის ნაკლებობა, არასწორი მიდგომა... ეს საკითხები სამწუხაროდ კვლავაც დგას დღის წესრიგში და შშმ ბავშვების მშობლებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა შვილების უფლებებისთვის. მარი კორკოტაძის შვილს აუტისტური სპექტრი აქვს და სწორედ ამან განაპირობა ორგანიზაციის - „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ შექმნა.
მარი კორკოტაძე წლებია თვითადვოკატირებას ეწევა, იცავს საკუთარი თუ სხვა შშმ ბავშვების უფლებებს, მათ მშობლებს კი ურჩევს, რა გზით იარონ, რათა შშმ ბავშვები სახელმწიფომ, სკოლამ და საზოგადოებამ არ დაჩაგროს.
- შშმ ბავშვის მშობელი რთულ გზას გადის და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. სანამ სკოლაში მივიდოდა ჩემი შვილი, სადაც ხმა მიმიწვდებოდა, მივუთითებდი, რომ რამდენიმე ბავშვისთვის გამოყოფილი ერთი სპეცმასწავლებელი (მაშინ ასე ერქვათ ასისტენტებს), არასწორი პოლიტიკა იყო. ვიბრძოდი, ერთ ბავშვს ერთი სპეცმასწავლებელი ჰყოლოდა. სკოლასაც არაერთხელ მივწერე, რათა გამოეყოთ ინდივიდუალური ასისტენტი. დიდი ძალისხმევა და ჭიდილი სჭირდება მშობელს... უნდა დაანახო სკოლას, რომ ადვილად არაფერს დათმობ მიუხედავად იმისა, რომ მომართულები არიან, დაგღალონ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებით.
- კი მაგრამ, კანონი ხომ ავალდებულებს სკოლებს, საჭიროების შემთხვევაში გამოყონ ინდივიდუალური ასისტენტი?
- განათლების სამინისტრო მომართულია, მოაგვაროს ეს საკითხები, მაგრამ თუკი სკოლას არ აქვს შესაბამისი დაფინანსება, როგორ უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ინდივიდუალურ ასისტირებას?!
- სწორედ ესაა საინტერესო - რამდენად გვაქვს არა მხოლოდ ფინანსური რესურსი. გვყავს კი ამდენი პროფესიონალი, ყოველი შშმ მოსწავლე უზრუნველვყოთ ინდივიდუალური ასისტენტით?
- კვალიფიციური კადრი ძალიან ცოტაა... ფაქტობრივად, ჩემი შვილი და მისი თაობა პიონერია, რადგან მის მაგალითზე გადიან პრაქტიკას. ჩვენ ვკვალავთ გზას, რათა მომავალი თაობა, ვისაც დასჭირდება ინდივიდუალური ასისტირება, აღარ შეეჩეხოს მსგავს პრობლემებს; გარდა ამისა, ხელფასი ძალიან დაბალია და თუ ამ მხრივ სკოლისგან არ იქნება ხელშეწყობა, კვალიფიციური კადრი აუცილებლად წავა სხვაგან.
ვგულისხმობ, სკოლა უნდა გაუფრთხილდეს ასეთ ადამიანებს. ისევ ჩემი შვილის მაგალითზე გეტყვით: ასისტენთი, რომელიც ორი წელი მის გვერდით იყო და ბავშვთან ემოციური კავშირი დაამყარა (რაც აუტისტების შემთხვევაში იშვიათობაა), სკოლამ გაათავისუფლა სამსახურიდან იმის გამო, რომ ადამიანი კვალიფიკაციის ასამაღლებლად იყო წასული უცხოეთში. მოვიდა სხვა ასისტენტი, რომელსაც ჩემი შვილი არ იცნობს, ბავშვი ვერ აგებინებს რა უნდა, შემდეგ ღიზიანდება, ნერვიულობს... ამიხსენით, რატომ უნდა ანერვიულო ბავშვი?!
...მაგრამ იმდენად დაბალია ცნობიერების დონე, რომ ამაზე ვერ ფიქრობენ, არადა ამ ბავშვებს არავინ გაიყვანს სკოლიდან, პირიქით მათ სხვებიც მიემატებიან და უნდა თუ არა, სკოლას მათი ხელშეწყობა მოუწევს.
- მარი, ინკლუზიური განათლების არსებული მოდელი ისაა, რისთვისაც იბრძოდით?
- თამამად ვიტყვი - ბევრი რამ შეიცვალა; უკვე არსებობს მინისტრის ბრძანება და ვისაც სჭირდება ინდივიდუალური ასისტენტი, სკოლა ვალდებულია, ეს საკითხი უზრუნველყოს. სწორედ ამას ვითხოვდი თავის დროზე და ბევრს ეცინებოდა - მხოლოდ შენს შვილს ვინ დაუნიშნავსო... არადა, მინდოდა, ყველასთვის თვალსაჩინო გამხდარიყო, რომ ინდივიდუალური ასისტირება ძალიან კარგია, ბავშვიც უფრო ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მეტად ხდება მისი ინტეგრაცია კლასელებთან, ერთვება თამაშებში... ესაა ინკლუზია, მეტი კი არაფერი!
ამიტომ მიმაჩნია, მეც გარკვეული წვლილი შევიტანე იმაში, რომ ინდივიდუალური ასისტირება ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით, თუ ბავშვს ასეთი დახმარება სჭირდება, სკოლა ვალდებულია, სპეციალისტი აიყვანოს; თუმცა არის გარკვეული ბარიერები დაა პირველ ყოვლისა, ესაა დაბალი ხელფასი. ყოფილა შემთხვევა, ინდივიდუალური ასისტენტისთვის ასი ლარი გამოუყვიათ და მერწმუნეთ, ამ თანხაზე სამუშაოდ არავინ მივა.
გარდა ამისა, მასწავლებლები ახლა სწავლობენ ამ ბავშვებთან ურთიერთობას, არ იციან მიდგომა და ისევ ჩვენ, მშობლები, ვაძლევთ რეკომენდაციებს. ფაქტობრივად, ინკლუზიური განათლება ახლა იდგამს საქართველოში ფეხს მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად დაინერგა... ისევ და ისევ, მშობლის სიყოჩაღეზეა დამოკიდებული ბევრი რამ და მუდმივად ამ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება.
- თქვენ როგორ ეხმარებით შშმ ბავშვების მშობლებს?
- ვურჩევ, როდის და ვის სახელზე, რა განცხადება დაწერონ... ისე არ ხდება, რომ მე დავუწერო განცხადება, თვითონ უნდა იცოდნენ რა, როგორ გააკეთონ საკუთარი შვილისთვის. ეს ურთულესი პროცესია და ხანდახან, სიმართლე გითხრათ, მეც მიჭირს გარკვეულ სირთულეებთან გამკლავება, თუმცა სხვა რა გზაა?!
თუ გადაწყვეტ, ნერვები არ მოიშალო და შენ შვილს არაფერი გააჩნდეს, ესეც შენი არჩევანია, მაგრამ თუ ფიქრობ და გეშინია შვილის მომავლის, მერე აღარ ფიქრობ, ნერვები გეყოფა თუ არა - ყველაფერს აკეთებ, შენი შვილისთვის საშინელი მომავალი არასოდეს დადგეს.
- საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე რას მეტყვით...
- ბავშვებში ეს საკითხი ნაკლებად იკვეთება. ჩემი შვილის კლასელები ძალიან კარგები არიან... თუ პირველი კლასიდან მოდიან, იქ არ არის ბულინგი იმიტომ, რომ ისინი ერთად იზრდებიან, ზრუნავენ ერთმანეთზე და ზოგადად - ბავშვები ნაკლებად არიან ბულერები, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პოზიცია აქვს მშობელს. რა გითხრათ - ბავშვი იქამდეა კარგი, ვიდრე მშობელი არ გააფუჭებს. თუ მშობელი მუდმივად გაიძახის, ჩემი შვილის გვერდით შშმ პირიარ უნდა სწავლობდესო, რა თქმა უნდა, მის შვილსაც იგივე დამოკიდებულება აქვს.თუმცა, შშმ ბავშვების მშობლები უკვე ღიად ვლაპარაკობთ პრობლემებზე; ყველამ იცის, რომ ჩვენ შვილებს აქვთ უფლებები და ადვილად მათ ვერავინ მოიშორებს თავიდან. კანონი ჩვენ მხარესაა.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...