ახალციხის N4 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
19-11-2019
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტის-„ტოლერანტობა“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტის ფარგლებში სკოლის ქართველმა და არაქართველმა მოსწავლეებმა საკუთარი ქვეყნის შესახებ არაერთი საინტერესო მასალა მოიძიეს, დროშები შექმნეს, სახელმწიფო ჰიმნს მოუსმინეს, ეროვნულ ტრადიციებზე ისაუბრეს, ერთმანეთს პროექტის მანძილზე მიღებული ცოდნა გაუზიარეს, კედლის გაზეთი გამოსცეს და საიფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს.
მისივე თქმით, მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე ანიმაციური ფილმი ნახეს და მივიდნენ დასკვნამდე რომ მიმღებლობა და მიმტევებლობა ადამიანური ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა.
„დასკვნით ღონისძიებაზე მოვიწვიეთ პედაგოგები, რომელთაც ვაჩვენეთ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საახალწლო ტრადიციები. სტუმრებზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობების საახალწლო ტრადიციებში ქართული ელემენტები შედიოდა. ჩვენი სკოლის დევიზი „მეგობრობა გზად და ხიდად“ მომავალშიც გაგრძელდება“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.