ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში კურსი ხორციელდება
19-11-2019
დაკოპირებულია
-
+
თელავის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში მხატვრულ ქსოვილებში კურსი ხორციელდება.
კურსს საგანმანათლებლო დაწესებულება ა(ა)იპ კოლეჯი „პრესტიჟი“ ახორციელებს.
სასწავლო კურსის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ პროფესიული ორიენტაციის ზოგად მნიშვნელობას, მხატვრული ქსოვილების სპეციალობის თავისებურებებს, მის სირთულეებსა და დადებით მხარეებს.
„მნიშვნელოვანია მხატვრულ ქსოვილებზე, როგორც საქართველოს ტრადიციული ხალხური რეწვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგზე, ნათელი წარმოდგენის შექმნა, რათა მოხდეს მხატვრული ქსოვილების ხელოსნის პროფესიის პოპულარიზაცია“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მოცემული კურსი, ასევე, ემსახურება მოსწავლეებში შრომითი, ესთეტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
კურსის დასაწყისში მოსწავლეები ეცნობიან ქსოვილების სპეციალისტის პროფესიას.
კურსის მიმდინარეობისას სწავლობენ შრომის უსაფრთხოების წესებს მუშაობის პროცესში, ითვისებენ ქსოვილების შექმნის სხვადასხვა ტექნიკას, რის შემდეგაც თავად ქმნიან ნამუშევრებს.
პროფესიული კურსი, ასევე, ითვალისწინებს სასწავლო ექსკურსიებს კოლეჯსა და პროფესიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში, რაც მოსწავლეებს შესაბამისი საქმიანობისადმი საკუთარი ინტერესის გაანალიზების საშუალებას მისცემს.