მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში მოსწავლეთა V სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის თემა იყო ''უსადენო თაობა - ინტერნეტის გავლენა ბავშვებსა და მოზარდებზე''.
გთავაზობთ ერთერთი მონაწილის, ქუთაისის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, ნინო ყურაშვილის თემას - ''კიბერბულინგი''.
ყოველდღიურად სკოლაში ფასდაუდებელ უნარებს სწავლობენ ბავშვები და მოზარდები, თუმცა, მეორე მხრივ, სკოლაში შესაძლებელია მათ მიიღონ ისეთი გამოცდილება, დარჩენილი ცხოვრება არასოდეს დაავიწყდეთ. ''კიბერბულინგს'' საქართველოში დიდი ხნის ისტორია არ აქვს, თუმცა იგი აქტუალური პრობლემაა, რომლის წინაშე ბევრი ადამიანი დგას.
ჩემი დღევანდელი მოხსენების თემა ეძღვნება ელექტრონული მოწყობილობების დახმარებით განხორციელებულ ძალადობას - კიბერბულინგს. შევეცდები საინტერესოდ წარმოვადგინო ბულინგსა და კიბერბულინგს შორის კავშირები და განმასხვავებელი ფაქტორები, კიბერბულინგის შემთხვევები და პრევენციის გზები.
ბულინგი - თანამედროვე უცხოური ტერმინია, მაგრამ უკვე მრავალი წელია, თავი დაიმკვიდრა ჩვენს რეალობაშიც. იგი უფრო ადრე გახდა ცნობილი, ვიდრე კიბერბულინგი. ''ბულინგი'' ხშირად გამოიყენება სკოლის ველში, ასევე ფსიქოლოგების, პედაგოგების, მოსწავლეების თუ სოციალური მუშაკების მიერ.
''2008 წლის ჰარპერის ჩანაწერების'' მიხედვით, პირველად სიტყვა ''ბულლყ'' 1560 წელს დამკვიდრდა და იგი ''სასტიკს'' ნიშნავს. ''ბულერი'', რომლის ქართულენოვანი შესატყვისი თავისი მნიშვნელობითა და შინაარსით შესაძლებელია იყოს ''მოძალადე'', ამცირებს მსხვერპლს სიტყვიერი, ფიზიკური თუ სხვა საშუალებებით, ცდილობს მასზე ზეგავლენის მოხდენას უპირატესობის და ძალაუფლების მოპოვების მიზნით.
ტექნოლოგიური პროგრესი ხშირად გაიგივებულია ადამიანის წინსვლასთან. ისეთი ინოვაცია, როგორიცაა ინტერნეტი, ხელს უწყობს ადამინების ურთიერთობის ფორმების შეცვლას და გარდაქმნას. ''ბულინგის'' ანუ რეალური ძალადობრივი ქმედების ''კიბერბულინგად'' შეცვლაც ტექნოლოგიური ევოლუციის შეუქცევადი პროცესის შედეგია.
მერიამ ვებსტერის ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა ცყბერბულლყინგ პირველად 1998 წელს გამოჩნდა და იგი ნიშნავს ძალადობრივი აქტის განხორციელებას მსხვერპლის მიმართ ელექტრონული მოწყობილების გამოყენების გზით. ტრადიციული ''ბულინგისგან'' ანუ ძალადობრივი ქმედებისგან განსხვავებით, სადაც მოძალადე ცნობილია, ''კიბერბულერს'' შეუძლია დამალოს საკუთარი ვინაობა.
კვლევები ადასტურებს, რომ კიბერბულინგის შემთხვევები და ფორმები განსხვავდება მსხვერპლის ასაკის მიხედვით. მაგალითად, ''კიბერბულინგის კვლევის ცენტრის'' ანგარიშში ვკითხულობთ რომ, სამხრეთ ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 4141 მოზარდი, რომელთა ასაკი მერყეობდა 11-დან 18 წლამდე, აცხადებდა, რომ კიბერბულინგია, როდესაც კომპიუტერული ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით (ტექსტური შეტყობინება ან მაილი), მოზარდები ერთმანეთს დასცინიან ან ისეთ სურათებს აქვეყნებს ერთი პირი მეორეზე, რომელიც ამ უკანასკნელს არ მოსწონს.
ამავე კვლევის ცენტრის მიერ 2004-2016 წლებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, რომელიც ჩატარებულია ბავშვებსა და მოზარდებში სამხრეთ ამერიკაში, ირკვევა, რომ 2004 წელთან შედარებით კიბერბულინგის შემთხვევები 2016 წელს გაზრდილია 20%-ით, საშუალოდ 2004 წლიდან 2016 წლამდე კი 27.9%-ით.
საკონფერენციო ნაშრომზე მუშაობისას გადავწყვიტე ჩვენს სკოლაში ჩამეტარებინა მცირე ანონიმური კვლევა. 12-16 წლის ასაკის გამოკითხული 160 ბავშვიდან 26 (19 გოგონა, 7 ვაჟი) ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი, 8 (6 გოგო, 2 ბიჭი) ყოფილა მსხვერპლიც და მოძალადეც, ხოლო გამოკითხული 16 მოზარდი (12 ვაჟი, 4 გოგონა) მხოლოდ მოძალადე.
კვლევის დასასრულს, ბავშვებს უნდა დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად ხდება კიბერბულინგი მათი მოსაზრებით. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 60 ფიქრობს, რომ მუდმივად, 48 - ხშირად, 40 - ზოგჯერ, 10 იშვიათად, ხოლო 2 - არასოდეს.
ცნობილია, რომ ნებისმიერი სახის ძალადობის მსხვერპლი თვითიზოლაციაში ექცევა, იწყებს ფიქრს თვითმკვლელობაზე, აღენიშნება დეპრესიული განწყობა, შფოთვები, უყალიბდება დაბალი თვითშეფასება და სხვ. კვლევები ადასტურებენ, რომ კიბერბულინგის მსხვერპლთა 20%-ს აქტიურად უფიქრია თვითმკვლელობაზე და ზოგიერთ შემთხვევაში იგი ფატალურადაც დასრულებულა. მაგალითად, 2013 წლის სექტემბერში, ფლორიდაში, 12 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც იგი ინტერნეტში დაამცირეს და შეავიწროვეს.
გავეცნოთ კიბერბულინის შემთხვევებს:
თაღლითობა ინტერნეტში - ასეთებია ''ონლაინ შოპინგები'', ''ონლაინ კაზინოები'', ''ონლაინ საკრედიტოები'' და სხვა.
ადამიანის განდევნა - კიბერბულინგის ერთ-ერთი მსუბუქი ფორმაა, რომლითაც მსხვერპლს აგრძნობინებენ, რომ არასასურველია. განდევნის მაგალითად შეიძლება სოციალურ ქსელებში ''დახურული ჯგუფების'' შემთხვევა გამოვიყენოთ.
შევიწროვება - შედარებით საშიში ფორმაა, რომლის დროსაც მოძალადე ხანგრძლივი დროით იყენებს შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს მსხვერპლის მიმართ.
გახსნა/გამოაშკარავება - მოიაზრებს სოციალურ ქსელებში სხვისი პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების გავრცელებას შეთანხმების გარეშე, ასევე სხვა ადამიანის წერილების წაკითხვას.
სხვა პირის ინტერნეტ-ანგარიშის გამოყენება - ეს არის წერილების გაგზავნით და სხვა სახის კომუნიკაციის დამყარება სხვისი სახელით. ამავე კატეგორიას განეკუთვნება სხვისი სახელით ანგარიშის გახსნა (სოციალური ქსელის, ელ-ფოსტის და სხვა).
სხვა შემთხვევებია ბავშვთა ონლაინ პორნოგრაფია და კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბულინგის და კიბერბულინგის წინაააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედებს კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. ბულინგის შესახებ კანონი 50-ივე შტატში, ხოლო კიბერბულინგის შესახებ კანონი 23 შტატში ფუნქციონირებს.
ახლა გადავხედოთ დიდ ბრიტანეთს. მოსწავლეთა უსაფრთხოების და ძალადობის პრევენციის საკანონმდებლო აქტში 2010 წელს ცვლილებები შევიდა. კერძოდ განისაზღვრა ''კიბერბულინგის'' ცნება შემდეგნაირად: ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც განხორციელებულია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით.
აღნიშნული ცვლილებებით სკოლების საბჭოებს დაევალათ, ცვლილებების დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში მოემზადებინათ წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც შევიდა შემდეგი პუნქტები ბულინგისა და კიბერბულინგის შესახებ:
1. აიკრძალოს მოსწავლეების მიმართ ბულინგი ან კიბერბულინგი,
2. აიკრძალოს სამაგიეროს გადახდა/შურისძიება ან დადანაშაულება მსხვერპლის, მოწმის ან ნებისმიერის, ვინც ბულინგის ან კიბერბულინის აქტის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს სკოლის ადმინისტრაციას ან სკოლის საბჭოს,
3. განაცხადის შესვლის შემდეგ, განხორციელდეს შესაბამისი ზომები მოსწავლის დასაცავად,
4. ყველა მოსწავლე უნდა იყოს დაცული მიუხედავად მისი სტატუსისა,
5. უნდა ამოქმედდეს დისციპლინური სანქციები იმ მოსწავლის მიმართ, რომელმაც განახორციელა ბულინგი ან კიბერბულინგი ან შური იძია იმ პირზე, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ემხილა მისი ქმედება,
6. მომზადდეს წერილობით დოკუმენტი, სახელმძღვანელო, კონტრაქტი, ვებგვერდი, ტრენინგი პედაგოგებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის მიზნით,
7. განისაზღვროს პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდეს ბულინგისა და კიბერბულინგის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება,
8. აუცილებელია ბულინგისა და კიბებულინგის შესახებ ინფორმაცია სკოლის საბჭოში შევიდეს ინცინდენტის ჩადენიდან 48 საათის განმავლობაში,
9. წერილობითი შეტყობინების შესვლიდან 5 დღის განმავლობაში, სკოლის საბჭომ მისი ხელმძღვანელის (სუპერინტენდანტი) თაოსნობით უნდა დაიწყოს წერილობითი მოკვლევა. მოკვლევისთვის შესაძლებელია 7 დღის დამატება,
10. სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია: დისციპლიური სანქციის გამოყენება, ფსიქოლოგიური დახმარების შეთავაზება როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ,
11. გადაწყვეტილების შესრულება ევალება სკოლის ადმინისტრაციას,
კიბერდანაშაულს, როგორც დანაშაულის ცალკე სახეს, არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა, შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ჯერჯერობით სრულფასოვნად ვერ ახდენს რეაგირებას. თუმცა კიბერდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ნაბიჯები უკვე გადადგა:
2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში ჩამოყალიბდა კომპიუტერულ-ციფრული ექსპერტიზის ქვეგანყოფილება, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ციფრული მტკიცებულებების პირველად მოპყრობასა და მათ შემდგომ ექსპერტიზას. ასევე, ამ მიმართულებით პოლიციის აკადემიაში შემუშავდა სპეციალური ტრეინინგ მოდულები.
კიბერბულინგის შემთხვევების შესახებ მივმართეთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის ფსიქოლოგის სამსახურს ქუთაისში. აღნიშნული უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ძალიან ხშირია, როდესაც მეგობრები ცვლიან ერთმანეთის სოციალური ქსელების პაროლებს, შედეგად მანიპულირებენ ერთმანეთის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციების გასაჯაროებით. ასევე, სახელდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გაყალბებული პირადი მონაცემებით ხსნიან სოციალურ ქსელებს სრულწლოვანი მამაკაცები, რომლებსაც სურთ არასრულწლოვანი გოგონების გაცნობა და მათთან ურთიერთობის დამყარება. როგორც ფსიქოლოგის სამსახურში აცხადებენ, არასრულწლოვნების მშობლებს არ სურთ კიბერულინგის ფაქტების გასაჯაროვება და უარს ამბობენ, მიმართონ პოლიციას.
ჩემო თანატოლებო, თუ გახდით კიბერბულინგის მსხვერპლი, უპირველესად მოუყევით ამის შესახებ მშობლებს, ასევე პედაგოგებს ან მანდატურებს, თუ მას ადგილი ექნება სკოლაში. მშობლებს შეგიძლიათ მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ''კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს'' ტელეფონზე 112 ან ეწვიოთ უახლოეს პოლიციის განყოფილებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა