მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე კვირა საგანმანათლებლო სექტორისთვის ცვლილებებითა და ახალი ამბებით საკმაოდ დატვირთული იყო.
გასულ კვირას დაწყებული მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება ამ კვირაშიც გაგრძელდა და გუშინ დასრულდა. გუშინვე გამოცხადდა შედეგების გასაჩივრებისთვის განაცხადების შეტანის ვადები. დაკვირვებაზე გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ განაცხადის გაკეთების თარიღები განისაზღვრა, ხოლო შიდა შეფასების შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის ვადები დადგინდა. ცვლილება შევიდა ეროვნული გამოცდის ტესტებში და ჩატარებისა და გრანტის გაცემის წესში. გამოქვეყნდა საქართველოს სტატისტიკის სამსახურის სტატისტიკა და PISA 2018-ის კვლევის შედეგები. მედიცინის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის გამოცდები ჯერ ფასიანი გახდა, ხოლო შემდეგ ფასი განახევრდა.
Etaloni.ge-მ ორი საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა. ერთი შეეხება სკოლის ადმინისტრაციისთვის ხელფასების მომატებას, მეორე კი უსტატუსო მასწავლებლებს. მივყვეთ თემატურად:
3 დეკემბერს „ეტალონმა“ გაარკვია, რომ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ.
„ახლა მტკიცდება საშტატო განრიგი და როგორც კი დამტკიცდება, საჯარო სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს აუცილებლად მოემატებათ ხელფასები. მეტსაც გეტყვით, როგორც კი საშტატოები დამტკიცდება, დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სახელფასო სხვაობაც დაერიცხებათ და შემდეგში ერთიანად აიღებენ მომატებულ ხელფასს“, - გვითხრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზზე.
საქართველოს სკოლებს 3 224 უსტატუსო მასწავლებელი ჰყავს. ეს პედაგოგები არ არიან სქემაში ჩართულნი. მაშინ, როდესაც მასწავლებლების უმრავლესობა სტატუსის ამაღლებას ცდილობს და შედეგების გასაუმჯობესებლად გამოცდიდან გამოცდაზე გადის, სკოლაში ისევ არიან პედაგოგები, რომლებმაც კრედიტების დაგროვებასა და სქემაში ჩართვაზე უარი თქვეს. რა ბედი ელით და დარჩებიან თუ არა სკოლებში უსტატუსო პედაგოგები, ამას ახალი წლიდან კონკრეტული სკოლის დირექტორი თავად გადაწყვეტს.
7 დეკემბერს მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდების გასაჩივრების შესახებ გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც აპელაციისთვის განაცხადების მიღება 9 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პედაგოგებს განაცხადის წარსადგენად შეფასებისა და გამოცდის ეროვნული ცენტრი 3 დღეს აძლევს.
აპელაციის პროცესის დაწყებამდე კი დასრულდა ტესტირებების შედეგების და სწორი პასუხების გამოქვეყნება. ყველაზე ბოლოს პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები და ტესტების სწორი პასუხები გასაჯაროვდა, მანამდე კი მასწავლებლებმა საკუთარი შედეგები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტირებაში შეიტყვეს.
გარე დაკვირვებაზე გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების წარდგენის ვადები და განცხადების ფორმა განისაზღვრა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანების მიხედვით, თანხის დაბრუნებაზე განცხადების გაკეთების ვადად 2019 წლის 2 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია გამოყოფილი.
პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის შიდა შეფასების შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის ვადა და ფორმა დამტკიცდა. 2019 წლის 18 დეკემბრიდან 2020 წლის 20 იანვარის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
სკოლის მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსება 2 დეკემბერს დაიწყო და განაცხადის მიღება 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ცვლილება შევიდა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება მე-2 და მე-6 დავალებებს შეეხო:
მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.
აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.
მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.
ცვლილებებია ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და გრანტის განაწილების წესშიც. ბრძანების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 5 სექტემბრამდე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით. იხილეთ ვრცლად.
მიმდინარე კვირას ორმაგი სიახლე იყო მედიცინის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის. მათ ჯერ გაიგეს, მედიცინის სტუდენტებისთვის დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები ფასიანი გახდა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში 120 ლარის, ხოლო ე.წ რეზიდენტურის გამოცდაში 80 ლარის გადახდა მოუწევდათ. თუმცა შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ რეზიდენტურაში სწავლის მსურველებისა და ექიმის სერტიფიკატის მაძიებლებისთვის გამოცდების ფასები გაანახევრა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე სასწავლო წელს მასწავლებელთა რაოდენობა 5%-ზე მეტით არის შემცირებული. 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის მასწავლებელთა რაოდენობა 63 ათასს აღემატება.
საქსტატის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს, 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. ეს კი 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, 59.3% - ბიჭი. 2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება.
ამ კვირაში გახდა ცნობილი PISA 2018-ის კვლევის შედეგებიც. საქართველოში მათემატიკის, წიგნიერების და საბუნებისმეტყველო საგნების მაჩვენებელი გაუარესებულია - ასეთია მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ოფიციალური შედეგები.
კვლევის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, საქართველოში კითხვის დონე 15 წლის ბავშვებში გაუარესებულია, რაც გულისხმობს უარყოფით მონაცემებს: წაკითხულის გააზრებაში, მსჯელობის უნარსა და კრიტიკულ აზროვნებაში.
რაც შეეხება მათემატიკას, ათწლიანი პერსპექტივის ანალიზით, მათემატიკის ცოდნის დონე გაზრდილია. თუმცა შედეგები მაინც ნაკლებია წინა წლებთან შედარებით: „მათემატიკაში ათწლიან პერსპექტივაში გვქვს 19 ქულიანი გაუმჯობესება ეს ძალიან კარგია. თუ კითხვაში ვერ წავედით წინ, მათემატიკაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ათი წლის შედეგები“.
ანალოგიურად, შედეგების კლების ტენდენციაა საბუნებისმეტყველო საგნების მონაცემებში.
როგორც გაეცანით, არცთუ ისე ცოტა სიახლეებია განათლების სფეროში. ვნახოთ რას ცვლილებებს გვიმზადებს მომავალი კვირა. თვალყური ადევნეთ მიმდინარე ამბებს. ყველა სიახლის ნახვა შეგიძლიათ აქ:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ