როგორ უნდა შეავსოთ სააპელაციო განაცხადი და რა უნდა გაითვალისწინოთ? - მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო
09-12-2019
დაკოპირებულია
-
+
მასწავლებლებს შემოდგომის გამოცდის შედეგების გასაჩივრებისთვის განაცხადის შეტანა დღეიდან შეუძლიათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადის გაკეთება 9 დეკემბერს დაიწყო და 11 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამასთან, შედეგების გასაჩივრება მხოლოდ ელექტრონულად იქნება შესაძელებელი ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge და naec.ge.
საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). აღსანიშნავია, რომ გასაჩივრების შედეგად აპლიკანტს ქულა შესაძლოა მოემატოს ან დააკლდეს.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში - გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ არჩევნის გაკეთების საშუალებას). საგნის არჩევის შემდეგ უთითებთ იმ დავალებებს, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.
გაითვალისწინეთ: ორი (საგანი, პროფესიული უნარები) სააპელაციო განაცხადის არსებობის შემთხვევაში, სისტემიდან გამოსვლის გარეშე უნდა შეავსოთ ორივე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ იგი.
ამ აღნიშვნების შესრულების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისათვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.