საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ყოველ სასწავლო წელს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს სტუმრობს და ნიჭიერ მოსწავლე-ახალგაზრდობას წარმოაჩენს. ყოველ სასწავლო წელს თითოეული მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება, ვინც ღირსეულად ატარებს გამარჯვებულის ტიტულს.
„ეტალონი“ 15 წლიანი ისტორიის მანძილზე მუდმივად უქმნის მოსწავლეებს მოტივაციას და ხელს უწყობს მათ აღმოჩენას, წარმოჩენასა და წახალისებას.
ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს „ეტალონის“ და მისი მონაწილეების სტატისტიკური მონაცემები: დროის და ქულების მაჩვენებლები, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების შედარება, კლასების განაწილება და ა.შ. „ეტალონის“ სტატისტიკა განათლების ზოგადი დონის და სამომავლო განვითარების რეალური მაჩვენებელია, რომელიც ანალიზისა და დაგეგმვის მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ამჯერად, გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 4 წლის: 2016-2017, 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 შემოდგომის სეზონების გამარჯვებულების სტატისტიკას და შედეგებს. ვფიქრობთ, აღნშნული მონაცემები საინტერესოა არა მხოლოდ კონკრეტული მუნციპალიტეტისა თუ სკოლისათვის, არამედ განათლების საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისათვის.