„ეტალონის“ პროექტების ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ახალ წელს მთელ საქართველოს უშგულიდან ულოცავს. იგი საახალწლო მილოცვასთან ერთად, 2200 მეტრიდან საჯაროდ დებს 3 პირობას, რომლის შესრულებას საზოგადოებას ამ წელს ჰპირდება.„ძვირფასო თანამემამულენო, ჩემო საქართველო, 2020 წლის დადგომას გილოცავთ ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტიდან 2200 მეტრზე მდებარე უშგულიდან. ჩემთან ერთად ახალ წელს გილოცავთ უშგულის მთელი მოსახლეობა, რომელსაც წუხელ შევხვდი. განსაკუთრებით კი საჯარო სკოლის 36 მოსწავლე, მათი მშობლები, პედაგოგები, დირექტორი და ლამარიის მონასტერი.
2200 მეტრის სიმაღლეზე იმიტომ ამოვედი, რომ უფალთან ახლოს და საკუთარ თავთან დავდო ხალხის საკეთილდღეო 3 პირობა:
პირველი - 2020 წლის განმავლობაში უფრო მედგრად გავაგრძელო მთელი საქართველოს მასშტაბით,
etaloni.ge და
izrune.ge-ს საშუალებით ეფექტური განათლების პოპულარიზაცია.
მეორე - ჩემთვის, როგორც „ეტალონის“ ავტორისთვის დღემდე გაუგებარი რჩება, თუ რატომ არ სურს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განდევნილი „ეტალონის“ დაბრუნება საზოგადოებრივ მაუწყებელს. მინდა სახალხოდ, ამ უშგულის ფონზე დავდო პირობა, რომ 2020 წელს უფრო მძაფრად, ყველა მორალურად მისაღები მეთოდით შევეცდები „ეტალონი“ დაბრუნდეს ეთერში. ამის მოთხოვნილება ხალხში არსებობს.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ოთხჯერ ფეხდაფეხ შემოვიარე მთელი საქართველო, კარგად ვიცი რა ხდება რეგიონებში, თითოეულ სოფელში და კარგად ვიცი სად არის გამოსავალი, რომ საქართველო ეკონომიურად დადგეს ფეხზე, თითოეულ ოჯახში შევიდეს სიკეთე. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ჩემი შესაძლებლობებით ბოლომდე დავიხარჯო, თავი არ დავზოგო და შევქმნა მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ პლატფორმა, ინოვაციური სახელწოდებით ლალალალო.გე. ეს საშუალებას მისცემს ყველა სოფელში შეიქმნას ერთი, აქტიური საოჯახო სასტუმრო, რაც ნიშნავს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 ათასიდან 50 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას.
საქართველოში ეკონომიკა უნდა იყოს მდგრადად განვითარებადი და ამავე დროს თანაბრად, რაც ნიშნავს, რომ ყველა მონდომებულ ოჯახს საოჯახო ბიზნესის შექმნის საშუალება მისცეს. ამის საშუალებას მოგცემთ „ეტალონის“ პროექტები, ეფექტური განათლება და „ეტალონის“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაბრუნება. ამ იდეას ბევრი წინააღმდეგობა ექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა სიძნელის გადალახვას შევძლებთ, საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება. ამისთვის კი აუცილებელია, თითოეული ოჯახის წარმატება და სიძლიერე.
გილოცავთ, 2020 წლის დადგომას, ბედნიერებას, სიკეთეს და წარმატებას გისურვებთ. განათლება და ღირსება - ბედნიერება ყველას სჭირდება!“ - მიმართავს „ეტალონის“ პროექტების ავტორი საქართველოს საახალწლო მილოცვაში სვანეთიდან.