„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესი დამტკიცდა. კანონში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით შესული ცვლილება 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.
იხილეთ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესი:მუხლი 1 1. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესი (შემდეგომ - წესი) განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებულ სავალდებულო მოთხოვნებსა და აწესრიგებს შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებას/გადამზადებას, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (შემდგომ - ცენტრი).
მუხლი 21. მსჯავრდებულის პროფესიული მომზადების/გადამზადების საჭიროებასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ - დაწესებულება) დირექტორის მიერ ცენტრის დირექტორისათვის მიმართვის შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე (შემდგომ - ცენტრის მოსამსახურე) აგროვებს/ამუშავებს აუცილებელ ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ, მისი საჭიროებების, შესაძლებლობებისა და სხვა არსებითი გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის შერჩევის მიზნით.
2. ცენტრის მოსამსახურე უფლებამოსილია, დაწესებულებაში, კომპეტენციის ფარგლებში, გაეცნოს მსჯავრდებულის პროფესიულ მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებულ მასალებს, მათ შორის, მსჯავრდებულის პირად საქმეში და სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმაში არსებულ ინფორმაციას.
3. ცენტრის მოსამსახურე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია დაწესებულებიდან, შესაბამისი უწყებებიდან, ორგანიზაციებიდან და მსჯავრდებულის ახლო ნათესავებიდან.
4. ცენტრის მოსამსახურე უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ინფორმირებას შესაბამისი პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის შესახებ და სთავაზობს აღნიშნულ პროგრამაში/კურსში ჩართვას.
5. შეთავაზებული პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაში/კურსში მონაწილეობაზე მსჯავრდებულის თანხმობას ან უარს ცენტრის მოსამსახურე აფიქსირებს შესაბამის ოქმში. უარის შემთხვევაში, მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეთავაზოს პროფესიული მომზადებ/გადამზადების ახალი პროგრამა/კურსი.
6. მსჯავრდებულის პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაში/კურსში ჩართვასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგების შესახებ ცენტრის მოსამსახურე აცნობებს დაწესებულების დირექტორს, ცენტრს და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს (შემდგომ - მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი).
მუხლი 31. თუ მსჯავრდებული განაცხადებს თანხმობას შეთავაზებული პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაში/კურსში მონაწილეობაზე, ცენტრის მოსამსახურე ადგენს პროფესიული მომზადების/გადამზადების გეგმა-გრაფიკის (შემდგომ - გეგმა-გრაფიკი) პროექტს.
2. გეგმა-გრაფიკს, ცენტრთან (ხოლო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის არსებობის შემთხვევაში - აგრეთვე, მულტიდისციპლინურ გუნდთან) შეთანხმების შემდეგ, ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი.
3. პროფესიული მომზადების/გადამზადების გეგმა-გრაფიკის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.
4. ცენტრის მოსამსახურე, კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროცესის განხორციელებას, აკონტროლებს გეგმა-გრაფიკის შესრულებას, აღრიცხავს მსჯავრდებულის პროფესიული მომზადების/გადამზადების პროცესის ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალიწინებულ ინფორმაციას ცენტრის მოსამსახურე პერიოდულად წარუდგენს ცენტრს.
მუხლი 41. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის განხორციელება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ:ა) მსჯავრდებული გაყვანილია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში;
ბ) მსჯავრდებული გადაყვანილია საკნის ტიპის საცხოვრებელში, მოთავსებულია სამარტოო საკანში ან შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა;
გ) არსებობს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება;
დ) არსებობს ექიმის რეკომენდაცია;
ე) დაწესებულებაში შემოღებულია განსაკუთრებული პირობები;
ვ) მსჯავრდებული გადაყვანილია იმ დაწესებულებაში, სადაც შეუძლებელია პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელება უნდა განახლდეს.
მუხლი 5 პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის შეწყვეტის საფუძვლებია:ა) მსჯავრდებულის პირადი განცხადება;
ბ) მსჯავრდებულის მიერ სასწავლო ღონისძიებების არასაპატიო მიზეზით სისტემატურად გაცდენა;
დ) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ე) მსჯავრდებულის გარდაცვალება;
ვ) მსჯავრდებულის გათავისუფლება დაწესებულებიდან.
მუხლი 6 1. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის დასრულებისა და შედეგების შესახებ ცენტრის მოსამსახურე აცნობებს დაწესებულების დირექტორს, ცენტრს და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის მოსამსახურე მულტიდისციპლინური გუნდის ხელმძღვანელს - ინდივიდუალური გეგმის კოორდინატორს უგზავნის გეგმა-გრაფიკსა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ მასალებს, რომელიც დაერთვება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის საქმეს.
3. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის არარსებობისას, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის დასრულების, შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, ცენტრის მოსამსახურე დაწესებულების დირექტორს უგზავნის გეგმა-გრაფიკსა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ მასალებს, რომელიც დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს.
4. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის დასრულების, შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, ცენტრის მოსამსახურე 1 კვირის ვადაში ადგენს გეგმა-გრაფიკის შესრულების შემაჯამებელ ანგარიშს და უგზავნის ცენტრს.
5. ცენტრის მოსამსახურე უზრუნველყოფს მიმდინარე გეგმა-გრაფიკის შესრულების პროცესის შესახებ შედგენილი/შეგროვებული ინფორმაციის ელექტრონული და მატერიალური სახით შენახვას.