„izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი, პირდაპირი მნიშვნელობით, ზეიმია ჩემი პატარებისთვის“ - ლედი ელიაშვილი
თბილისის 71-ე საჯარო სკოლის II ა კლასში პატარა ბიბლიოთეკა და izrune.ge-ს კუთხე აქვთ მოწყობილი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამრიგებელი ლედი ელიაშვილი, თავის პატარებთან ერთად, განსაკუთრებით ზრუნავს მომავალზე. ახლახან სუპერკლასის წოდება მიიღეს; როგორც ქალბატონმა ლედიმ გაგვიმხილა, მას შემდეგ, ბავშვები უფრო მობილიზებულები, მეგობრულები გახდნენ, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას, ამჟამად „იზრუნეს“ შემაჯამებელი ტესტისთვის ემზადებიან და ძალიან ახარებთ ის ფაქტი, რომ izrune.ge-ს დიპლომებს მხოლოდ სახელები და გვარები კი არა, უკვე მათი ფოტოებიც ამშვენებს:- ქალბატონო ლედი, როგორ ჩართეთ თქვენი მოსწავლეები იზრუნეს პროექტში?- შარშან, სასწავლო წელი როგორც კი დაიწყო და პირველ კლასის კარი შეაღეს ჩემმა ბავშვებმა, ეგრევე ჩავერთეთ პროექტში; ბატონი გოჩას ინტერვიუებს ხშირად ვუსმენდი, პროექტი ძალიან მომწონდა და მშობლებსაც ზედმიწევნით ავუხსენი, რით იყო კარგი მათი შვილების ჩართულობა.
- კონკრეტულად, თქვენთვის რითაა მნიშვნელოვანი izrune.ge?- პირველ ყოვლისა, პროექტი ხელს უწყობს ბავშვისა და მშობლის საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურ ჩართვას , სადაც მასწავლებელიც და მშობელიც ყოველკვირეულად თვალს ადევნებს ბავშვის ცოდნის დონესა და განვითარებას... ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი თანაბრად საინტერესო და მისაღები აღმოჩნდა არა მხოლოდ პედაგოგებისთვის არამედ მშობლებისთვის, ბავშვებისთვისაც და რაც მთავარია,
izrune.ge-მ ბავშვები ერთ მუშტად შეკრა.
- კლასის ერთსულოვნება რაში გამოიხატება, ქალბატონო ლედი?- გარკვეული ნაბიჯები ერთად უნდა გადაგვედგა - უნდა გავმხდარიყავით მეგობრული კლასი, შემდეგ - სუპერ კლასი, მომავლის კლასი... ერთად დავისახეთ მიზანი და როდესაც მიზანი არსებობს, მოგეხსენებათ, მისკენ სწრაფვა შედარებით მარტივია. ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარა, გარკვეული გამოწვევები ერთად დაგვეძლია, დეკემბერში კი დაჯილდოებაზე გახლდით და სუპერ კლასის ტიტული მივიღეთ. უკვე მესამედ ... მეც კმაყოფილი ვარ, ბავშვებიც და მშობლებიც.
- შემაჯამებელი ტესტისთვის როგორ ემზადებიან თქვენ ბავშვები?- ჩვენ მოუთმენლად ველით ყოველ ხუთშაბათს, ძალიან კარგია, რომ არსებობს „წიგნიერებისა თუ მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“... იმდენად მრავალფეროვანი კითხვებია - შემეცნებითი, სახალისო, მოსწავლის პიროვნული განვითარების მამოტივირებელი, რომ ხელს უწყობს ბავშვებს დამატებით ლიტერატურას გაეცნონ; როდესაც ზოგ კითხვას ვერ პასუხობენ, ერთად განიხილავენ, სად შეიძლება მოიძიონ სწორი პასუხები, დამატებით რა ლიტერატურა უნდა წაიკითხონ და რაც მთავარია, ბავშვები ცდილობენ, ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე გააუმჯობესონ საკუთარი შედეგები: მეტი იკითხონ, მეტი ინფორმაცია მოიძიონ, მეც ვეხმარები, მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები, ბავშვებს კი საკუთარი შედეგების გაუმჯობესება იმიტომ უნდათ, რომ კლასის შედეგიც გაუმჯობესდეს.
ხუთშაბათი ჩვენი კლასისთვის დიდი ჟრიამულის დღეა... დიდ დასვენებაზე ვცდილობ, იმ ბავშვებს დავეხმარო, ვისაც სახლში ინტერნეტთან წვდომა ნაკლებად აქვს, პატარებიც ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, გარკვეულ თემებსა თუ კითხვებს განიხილავენ.... ერთი სიტყვით, მოლოდინით სავსე, სახალისო დღე გვაქვს ხუთშაბათი.
აღარაფერს ვამბობ შემაჯამებელ ტესტებზე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, ზეიმია ჩემი პატარებისთვის. ორშაბათს ტესტირებაზე საუბრობენ, გამოცდილებას უზიარებენ, პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, საინტერესო პროექტია და მადლობელი ვარ, რომ
izrune.ge არსებობს.
- აღნიშნეთ, რომ izrune.ge-მ კლასი ერთ მუშტად შეკრა... - „მეგობრული კლასი“ ჩვენთვის მხოლოდ ტიტული არ ყოფილა. ბავშვებთან საუბარში ხშირად აღვნიშნავდი, რომ ჩვენ ვართ მეგობრული კლასი, გარკვეული პრობლემები ერთად, მეგობრულად უნდა გადაგვეჭრა და ასეთმა მიდგომამ, დიდად შეუწყო ხელი მოსწვალეებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას; მერე კი სუპერკლასი გავხდით და ეს ბავშვებისთვის უდიდესი მოტივაციაა. მეტი პასუხისმგებლობა იგრძნეს, მეტად შეკრულები გახდნენ, გაითავისეს, რომ კლასი ერთიანი, განუყოფელი ორგანიზმია და ეს უდიდესი მიღწევაა ჩვენთვის, რადგან მოგეხსენებათ, ადვილი არ არის, ასეთ პატარებს გუნდურობის პრონციპები გაუთავისო, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი
izrune.ge-ს მიუძღვის.
მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები და მოგეხსენებათ, როდესაც თანამშრომლობა ხდება სკოლასა და მშობელს შორის, ეს ბავშვებზე, მათ სწავლა-განვითარებაზე, ურთიერთობებზე აისახება.
- ბევრი პედაგოგია თქვენი სკოლიდან ჩართული პროექტში?
- 5 კლასია ჩვენი სკოლიდან ჩართული და ყოველ პედაგოგს ინდივიდუალური მიდგომა აქვს; გულწრფელად გეტყვით - ჩვენ ერთმანეთის წარმატება გვახარებს. გვინდა, მშობლებს დავანახოთ, რომ ეს ყველაფერი მათი შვილების სასიკეთოდ კეთდება, დირექციაც გვიდგას გვერდით და მოხარულები ვართ, რომ
izrune.ge-მ ბავშვები წიგნისკენ შემოაბრუნა - წიგნის ჩუქების დღეს ერთმანეთს წიგნები ვაჩუქეთ, თუმცა ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ეს წიგნები კლასშივე დარჩენილიყო და პატარა ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. შეძლებისდაგვარად ამ ბიბლიოთეკას ვამდიდრებთ, წიგნები კი ბავშვებს ეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში, ზოგი დიდ დასვენებაზე კითხულობს და ტესტებისთვის ასე ემზადებიან; კლასშიც ვკითხულობთ, შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა ნაწარმოებს. მომწონს, ბავშვები რომ მიუბრუნდნენ წიგნს და ცდილობენ, იყვნენ წარმატებულები.
დარწმუნებული ვარ, შემაჯამებელი ტესტი წარმატებით ჩაივლის და ჩემი პატარები მაღალ შეფასებას დაიმსახურებენ, რადგან ნამდვილად მოტივირებულები არიან.