სიახლეები
საინტერესო

როგორ უნდა მოიქცეთ თუ მოსწავლეები თქვენს გაკვეთილზე უინტერესოდ სხედან? - 10 საუკეთესო სტრატეგია მოსწავლეების ჩასართავად
29-05-2021
-
+


როდისმე აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, რომ გაკვეთილზე თქვენი მეთოდები მოძველდა და სიახლეები გჭირდებათ? რას აკეთებთ მაშინ, როდესაც გგონიათ, რომ თქვენი დაგეგმილი გაკვეთილი იდეალურად წარიმართება, მაგრამ მოსწავლეებისგან ინტერესს ვერ გრძნობთ?

ასეთ დროს საჭიროა, მოძებნოთ მეთოდი, რომელიც კლასს აიყოლიებს და თქვენგან მიღებულ ინფორმაციასაც მოსწავლეები მალე აითვისებენ.

ათლწლეულების განმავლობაში, პედაგოგები ეძებდნენ სტრატეგიებს, რომლის საშუალებითაც საგაკვეთილო პროცესი წარმატებული, შედეგიანი და საინტერესო იქნებოდა. ცდების შედეგად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მეთოდი ეფექტურია, ზოგი კი - არა.

გთავაზობთ 10 გამოცდილ საშუალებას, რომელიც სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოს გახდის, მოსწავლეებს კი საგაკვეთილო პროცესში ჩართავს.

  1. „საიდუმლო გაკვეთილი“ - შემატეთ გაკვეთილებს იდუმალება

ამ სტრატეგიით, მოსწავლეებს დააინტრიგებთ და გაკვეთილს მეტად საინტერესოს გახდით. მოულოდნელობის ეფექტი ყოველთვის შთამბეჭდავია. შესთავაზეთ მოსწავლეებს ასახსნელი გაკვეთილის სათაური. მნიშვნელოვანია, რომ ახსენოთ მხოლოდ სათაური და არა შინაარსი. მოისმინეთ მათგან მოსაზრება, რა საკითხზე შეიძლება იყოს გაკვეთილი, რა შინაარსის შეიძლება იყოს. მიეცით ვარაუდების გამოხატვის საშუალება. პატივისცემით მოეპყარით მათ შეხედულებებს, რათა თქვენმა კრიტიკამ ისინი არ შეზღუდოს. შემდეგ კი ახსენით გაკვეთილი, გახადეთ ნათელი მისი შინაარსი. გაკვეთილი უფრო სასიამოვნო გახდება, თუ წაახალისებთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ასახსნელი მასალის სათაურს სწორად შეუსაბამებენ შინაარსს.

  1. გაკვეთილის ახსნისას ნუ გაიმეორებთ მხოლოდ წიგნში დაწერილს

რა თქმა უნდა, მოსწავლე სკოლის სახელმძღვანელოდან სწავლობს გაკვეთილს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმაც იმავე წიგნით უნდა იხელმძღვანელოს გაკვეთილის ახსნისას. უფრო რომ განვმარტოთ, შეეცადეთ არ ახსნათ გაკვეთილი ზუსტად იმავე სიტყვებით, რასაც მოსწავლე წიგნში ისედაც ამოიკითხავს, ეს გაკვეთილს მოსწავლეებისთვის უინტერესოს გახდის. გადახედეთ დამატებით მასალას, წინასწარ მოემზადეთ, სასაუბრო თემის გარშემო ისაუბრეთ საინტერესოდ. თუ მოსწავლე შეამჩნევს, რომ თქვენ იმაზე მეტ ცოდნას ფლობთ, ვიდრე ის სკოლის სახელმძღვანელოდან ამოიკითხავს, მის თვალში უფრო დაფასდებით და მეტად საინტერესო პედაგოგად გაღიარებთ.

  1. ასწავლეთ თამაშით

თამაშით სწავლებას ბევრი უპირატესობა აქვს. ზოგიერთი ამ მეთოდს დროის გაყვანად და ფუქსავატობად თვლის, თუმცა ასე არაა. თამაშით სწავლების მიზანია, მოსწავლემ ხალისით აითვისოს მასალა. ყველამ ვიცით, რომ როცა გაკვეთილი მეტისმეტად მოსაწყენია, მოსწავლეები კარგავენ სწავლისადმი სურვილს და ნებისყოფას. თამაშით სწავლება კი საინტერესო გაკვეთილის შესანიშნავი საშუალებაა.

  1. მიეცით თქვენს მოსწავლეებს არჩევანის საშუალება

ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა, არის არჩევანის თავისუფლება მოსწავლეებისთვის. ამ მიდგომით ბავშვებს თავდაჯერება ემატებათ და საკლასო დავალების შესრულებას უფრო ეფექტური შედეგი მოაქვს. დაფაზე ჩამოწერეთ 9 განსხვავებული დავალება  და შესთავაზეთ მოსწავლეებს, აირჩიონ 3 ნებისმიერი. ისინი უფრო მეტი მოტივაციით იმუშავებენ, როდესაც თავად აირჩევენ სასურველ დავალებას. თუ რომელიმე დავალება ყურადღების მიღმა დარჩება, მიხვდებით, რომ ბავშვებისთვის ეს საკითხი გაუგებარია და კიდევ ერთხელ ახსნაა საჭირო.

  1. გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები

ტექნოლოგია შესანიშნავი მეთოდია თქვენი გაკვეთილების საინტერესოდ ჩასატარებლად.  თანამედროვე ბავშვებს უყვართ კომპიუტერული ტექნიკა, ამიტომ შეეცადეთ, ჩართოთ ის თქვენი სწავლების სტრატეგიაში. იმის ნაცვლად, რომ დადგეთ კლასის წინ და „მშრალად“ ახსნათ გაკვეთილი, ჯობია გამოიყენოთ ახალი ტექნოლოგიები. თქვენ ნახავთ, რომ კლასში ინტერესის დონე საგრძნობლად ამაღლდება.

  1. ნუ ქნებით ზედმეტად სერიოზული

ეფექტური პედაგოგი რომ იყოთ, ამაზე მუშაობაა საჭირო. მასწავლებელი შეიძლება იყოს სერიოზული და გაწონასწორებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სიტუაციაში შეინარჩუნოთ სერიოზულობა. მოსწავლეებთან ურთიერთობაში ხშირად შეხვდებით სიტუაციებს, სადაც იუმორი აუცილებლად დაგჭირდებათ. ხანდახან საკუთარ თავზეც მოგიწევთ სიცილი და თავს ნუ შეიკავებთ, პირიქით, მოსწავლეებს გულღია, მხიარული და გახსნილი პედაგოგები ძალიან უყვართ.

  1. გახადეთ თქვენი გაკვეთილები ინტერაქტიული

ტრადიციული შეხედულებით, მასწავლებელი კლასში მოსწავლეების წინაშე უნდა იდგეს და უემოციოდ ხსნიდეს გაკვეთილს, ბავშვები კი ყურადღებით უსმენდნენ. წლების წინ ისეთი მასწავლებელი ითვლებოდა იდეალურად, რომლის გაკვეთილზეც ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, თუმცა დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. აღმოჩნდა, რომ მასწავლებლის ასეთი სახე მოსწავლეებისთვის მომაბეზრებელია და მათ ასეთი პედაგოგის გაკვეთილიც ღლით, შესაბამისად, ცოდნასაც ვერ იღებენ. ამის საპირისპიროდ აღმოჩნდა, რომ ინტერაქტიული სწავლება ძალიან წარმატებულია.

ინტერაქტიული სწავლება გათვლილია ყოველი მოსწავლის სარგებელზე. ამ დროს მოსწავლე აქტიურად ერთვება სწავლის პროცესში. მასწავლებელი ისე გეგმავს გაკვეთილს, რომ ყოველი მოსწავლე პოულობს თავის ადგილს და არ რჩება პასიური ან გარიყული. ინტერაქტიული სწავლებისას მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, პასუხობენ კითხვებს, თანამშრომლობენ ჯგუფური მუშაობის დროს, აქტიურად ერთვებიან დისკუსიაში, გამოთქვამენ აზრს და ა.შ.

  1. დაუკავშირეთ გაკვეთილები თქვენი მოსწავლეების რეალობას

შეეცადეთ დაუკავშიროთ რეალობას ის საკითხები, რომელსაც ბავშვები სწავლობენ. შეადარეთ, იმსჯელეთ, ამით უკეთესად შეძლებენ მოსწავლეები მასალის ათვისებას, შედარების და ანალიზის უნარების ჩამოყალიბებას. ასევე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს აუხსნათ, რატომ სწავლობს ამა თუ იმ საკითხს. თუ ბავშვები გეკითხებიან, რატომ უნდა ისწავლონ, თქვენ კი ყოველთვის მოკლედ პასუხობთ - „იმიტომ!“, მალე დაკარგავთ ნდობას. შეეცადეთ აუხსნათ მათ ისე, რომ რეალურად დაანახოთ სწავლის საჭიროება, განათლების მნიშვნელობა და ა.შ.

  1. დამოუკიდებელი სამუშაო - მსჯელობა - ანალიზი

ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის, რომ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სამწუხაროდ, კვლევებით დადგინდა, რომ ქართველ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ტექსტის გააზრება უჭირთ.

მოსწავლეებში ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეს მეთოდი დაგეხმარებათ - მიეცით მათ ინდივიდუალური სამუშაო სახლში, საკითხავი მასალა, გასააზრებელი ტექსტი, შემდეგ განიხილეთ გაკვეთილზე, იმსჯელეთ, მიეცით მოსწავლეებს აზრის გამოხატვის საშუალება. ბევრი მასწავლებელი იყენებს ამ სტრატეგიას და პოზიტიურ შედეგსაც აღწევს. შეეცადეთ გამოიყენოთ ეს სტრატეგია, დააკვირდით და აკონტროლეთ მოსწავლეების ჩართულობა.

  1. იფიქრეთ ჩარჩოებს მიღმა

ეცადეთ, იაზროვნოთ ჩარჩოების გარეშე. თავისუფლად დაგეგმეთ გაკვეთილი, რომ არ იყოს ერთ-ერთი სტანდარტული და ჩვეულებრივი. მოიწვიეთ სტუმარი - სპიკერი, ჩაატარეთ გაკვეთილები ბუნებაში, ბიბლიოთეკაში და ა.შ. იყავით კრეატიული, მოსწავლეები სიახლეების დაგეგმვაში აქტიურად აგყვებიან. გაკვეთილის დაგეგმვისას ითანამშრომლეთ სხვა მასწავლებლებთან, მოიძიეთ მასალები ინტერნეტის საშუალებით, იყავით თავისუფალი, ამას მოსწავლეები აუცილებლად შეამჩნევენ და მათთვის მისაბაძი მასწავლებელი გახდებით.   


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება