სკოლების ავტორიზაციამ 2026-2027 წლამდე გადაიწია - რატომ გადავადდა პროცესი?
30-01-2020
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლების დირექტორებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიახლეები გააცნო.
მთავრობის სხდომაზე გავიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სკოლების ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტის მიხედვით 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად 2026-2027 წლამდე დასრულდება. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ზოგადი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმით, რაც სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულად გამართული გარემოს შექმნას გულისხმობს. ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც მოიაზრებს როგორც სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე, სწავლა-სწავლების პროცესში ახალი, თანამედროვე მეთოდების დანერგვას.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე „ახალი სკოლის მოდელი“ 165 საჯარო სკოლაში ხორციელდება. 2020-2021 სასწავლო წლიდან იგი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას შეეხება. ზოგადი განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის ყველა სკოლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები დაკმაყოფილდება და სასწავლო პროცესში სწავლა-სწავლების ახალი მიდგომები სრულად დაინერგება.
ეკა დგებუაძის თქმით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია სკოლების ავტორიზაციის ვადების გადაწევა. 2026-2027 სასწავლო წლიდან ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტით განხორციელდება, რომელიც საქართველოს ყველა სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს. თავის მხრივ, სამინისტრო სკოლებს ავტორიზაციისთვის ყველა რესურსით გააძლიერებს.