მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელო, რატომ მაბულინგებთ? - ეს ფრაზა დღითიდღე სულ უფრო ხშირად ისმის სკოლებში და ისე ჩანს, თითქოს ბავშვები მუდმივად იჩაგრებიან. ბულინგი, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, თუმცა ბევრ მოსწავლეს ავიწყდება, რომ უფლებებთან ერთად, მოვალეობებიც გააჩნიათ.
ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის ინტერესსმოკლებული არ იქნება, გაიგოს, რეალურად, რა უფლებები აქვთ მოსწავლე-მასწავლებლებს. ნათქვამია, ჩემი მუშტის ქნევის უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი ცხვირი იწყებაო, მაგრამ ქართულ რეალობაში არცთუ მარტივია გარკვევა, სად მუშტია და სად - ცხვირი.
რა ურთიერთობა უნდა იყოს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, რატომაა ხშირად მიუღებელი პედაგოგების ქცევა იურიდიული თვალსაზრისით და როგორ უნდა მოიქცეს ზოგადად სკოლა - Etaloni.ge-ს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ესაუბრება, რომელიც ინტერვიუს ზოგადი ვითარების შეფასებით იწყებს:
- უდავოდ, არსებობს ბავშვის ქცევა, რომელიც მიუღებელია, თუმცა განხილვა, როგორ ჩაგრავს მოსწავლე მასწავლებელს, არასწორად მიმაჩნია. ეს იგივეა, მშობელებმა ისაუბროს, შვილი როგორ ჩაგრავს მას. უფროსების უფლებები არის შრომითი უფლებები და არანაირ კავშირში არ არის ბავშვთან.
- ანუ, მასწავლებელს მოსწავლესთან მიმართებაში უფლებები არ გააჩნია?
- უხეშად რომ ვთქვათ, მოსწავლე არ არის მისი არც დამსაქმებელი და არც დასაქმებული, ამიტომ მათი ერთ სიბრტყეზე განხილვა არაა მართებული.
ბავშვსა და მასწავლებელს შორის არის აღმზრდელობითი ურთიერთობაა. პედაგოგს, ბუნებრივია, აქვს უფლებები და ეს მისი შრომითი უფლებებია, რომლის წინაშე ანგარიშვალდებულება გააჩნია სკოლის დირექციას. ასე რომ, თუ რაიმე ტიპის პრობლემა აქვს მასწავლებელს, მისი მოპასუხე არა მოსწავლე, არამედ, სკოლის დირექცია და ზოგადად განათლების სისტემაა.
ტენდენცია იქით მიდის, რომ სკოლისა და მასწავლებლის ორმხრივ ურთიერთობაში, ცდილობენ, შემოიყვანონ ბავშვი, როგორც სრულყოფილად ბრალეული მხარე, რაც არასწორია. შვილს რომ რაღაცას ასწავლით და ის შეცდომით სწავლობს, ამით თქვენი უფლებები ილახება? საზოგადოება კი ცდილობს, ამ კუთხით დაინახოს საკითხი, რომ მასწავლებელია დაჩაგრული, არადა ბავშვი პატარა ადამიანია, რომელიც სწავლობს, რა არის მისაღები და რა - არა. ასე რომ, თუ ვიღაცისთვის ბავშვის რაიმე ქმედება მისთვის უფლებების შელახვა და დარღვევაა, მე დავარქმევდი აღზრდის პროცესში აბსოლუტურად დასაშვებ ქცევას, რა დროსაც უნდა მოხდეს ადეკვატური, აღმზრდელობითი, მეგობრული ჩარევა.
- „მეგობრული ჩარევა“ და არა ყვირილი ხომ...
- ყვირილით ნამდვილად დაირღვევა ბავშვის უფლებები, რასაც მოჰყვება აბსოლუტურად სამართლებრივი პასუხები. ბავშვი „ყიდულობს“ გარკვეულ სერვისს მთლიანად სკოლისგან, რომელიც მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს მასზე; ამ ურთიერთობაში მოსწავლე შედის თავისი კონკრეტული უფლებებით და ზოგადი განათლების შესახებ კანონში ვერსად წაიკითხავთ ბავშვთან მიმართებაში მასწავლებლის უფლებებს, იმიტომ, რომ მსგავსი, უბრალოდ, არ არსებობს. მასწავლებელს აქვს უფლებები დამსაქმებელთან ურთიერთობაში.
ბავშვთან მიმართებაში სიტყვა „მოვალეობის“ გამოყენებას ვერიდები, რადგან 18 წლამდე ის სწავლის პროცესშია, უნდა ჰქონდეს შეცდომების დაშვების საშუალება, არ უნდა ეშინოდეს ამის და მისთვის ყველაზე უსაფრთხო გარემო უნდა იყოს სკოლა, სადაც სასიკეთო შედეგებს მოუტანენ სწავლა-განათლების თვალსაზრისით და არა სამართლებრივი კამათით, თითქოს ვიღაცის უფლებები დაარღვია.
- როდესაც ბავშვთა უფლებზე ვსაუბრობთ, ისინი ამით ხშირად ბოროტად სარგებლობენ, სულ უფრო ხშირად გვესმის - მასწავლებელი მაბულინგებს... ამ დროს კი თავად შეუძლიათ, მაგალითად, ფარულად, ვიდეო გადაუღონ პედაგოგს და შემდეგ ეს სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელონ...
- ცოტა საკამათოა ეს ყველაფერი... ბავშვი ასეც იქცევა და ისეც, იმიტომ, რომ სწავლობს, ბავშვია და ყველანაირ როლში იქნება. რას ნიშნავს - ხმას აუწია მასწავლებელმა?! არავის აქვს უფლება, ვინმეს წინაშე ხმას აუწიოს და ბავშვი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? სწორედ ამის გააზრება არ ხდება სკოლაში, მასწავლებელი კი მიიჩნევს, რომ ამის უფლება აქვს და აქ ცდება - მას უფლება აქვს, ასწავლოს ბავშვს საგანი, მისცეს აღმზრდელობითი რჩევა-დარიგებები და უნდა გაიაზროს, რომ ის არ არის მოსწავლის პატრონი.
შესაძლოა, მოზარდი ყველაფერს ბულინგს უწოდებდეს, მაგრამ მოდით, საკითხს ასე შევხედოთ - აქვს კი უფლება, რაც არ მოეწონება, გამოხატოს თავის აზრი ან გააპროტესტოს? რა თქმა უნდა - აქვს.
მე იმას არ ვამბობ, რომ ნებისმიერი პროტესტის დროს ბავშვი მართალია, ბავშვს აქვს კრიტიკული დამოკიდებულება, სვამს კითხვებს, გამოხატავს უკმაყოფილებას და ამას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი, რათა დარწმუნდეს - არავინ აბულინგებს, არავინ ჩაგრავს. სკოლაში კი ხდება პროტესტის ჩახშობა ტექსტით - ამას როგორ მიბედავ! არადა ბავშვს აქვს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ისევე, როგორც ჩვენ, უფროსებს.
რაც შეეხება გაკვეთილზე მასწავლებლის გადაღებას, გააჩნია ვიდეოს, გააჩნია მის შინაარსს და გააჩნია, რატომ აკეთებენ ბავშვები ამას. მქონია შემთხვევა, როდესაც ბავშვმა ვიდეო გადაიღო მხოლოდ იმის გამო, რომ დაემტკიცებინა, რომ მასწავლებელი მასზე ძალადობდა. ასეთ დროს მისი მხრიდან სხვისი უფლების დარღვევაზე საერთოდ ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩვენ საზოგადოებაში მცირეწლოვანს, როგორც წესი, არ უჯერებენ.
- თუმცა ისეთი შემთხვევებიც ვიცით, როცა ვიდეო ბავშვებს ფარულად მხოლოდ იმიტომ გადაუღიათ, რომ მასწავლებლისთვის უბრალოდ დაეცინათ, არ მეთანხმებით?
- შეიძლება, დაცინვის მიზნით გადაიღოს ვიდეო და მარტივი პასუხი იქნებოდა, რომ მან დაარღვია ვიღაცის უფლება, მაგრამ ისევ და ისევ, გავიხსენოთ - ბავშვთან გვაქვს საქმე, ჩვენი მიზანი კი ისაა, შეცვალოს ეს ქცევა. საკითხს ასე დავაყენებდი - თუ მსგავსი რამ ხდება კონკრეტულ სკოლაში, რა გააკეთა სკოლამ, ბავშვს გააგებინოს, რომ ასეთი ქცევა საზიანო და ვიღაცის ცხოვრებაში ჩარევაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვები ყველაზე კანონმორჩილები არიან და მხოლოდ პატივისცემაზე ორიენტირებული მიდგომა სჭირდებათ... ასე რომ, ეს საგანმანათლებლო სივრცეში გადასაყვანი თემა უფროა, ვიდრე საკამათო და გასაკრიტიკებელი. სკოლები ორიენტირებულები არიან დასჯაზე, ასეთი მიდგომით კი არაფერი შეიცვლება - ბავშვი მსგავს ვიდეოს ხვალაც გადაიღებს, ზეგაც და მომავალშიც; ამიტომ უნდა ავუხსნათ, რა იყო არასწორი მის ქცევაში და გავუჩინოთ თანაგრძნობა მეორე მხარის მიმართ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...