მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თინათინ გოგიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, როგორც მეორე ენას ასწავლის. როგორ შეაყვარა სახელმწიფო ენა მოსწავლეებს, როგორ უწყობს ხელს საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას, რატომ გადაწყვიტა ვირტუალური კლასის შექმნა, საძელის საჯარო სკოლის პედაგოგი, Etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობს.
- ქალბატონო თინათინ, რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევანი?
- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კითხვა, ლიტერატურა და პროფესიაც ასე ავირჩიე. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, განათლების სამინისტროს პროექტში - „ქართული ენა მომავალი წარმატება“ ჩავერთე და გამანაწილეს ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში დამხმარე მასწავლებლად, მოგვიანებით კი, საძელის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა. ვმონაწილეობდი ტრენინგებში, ვზრუნავდი პროფესიულ ზრდაზე და პროფესიაში შევედი როგორც უფროსი მასწავლებელი; ახლა ველი წამყვანობას. გარდა ამისა, 2016 წლიდან ჩართული ვარ ქართული ენის დისტანციური სწავლების საპილოტე პროგრამაში და უცხოეთში მყოფ ბავშვებს ქართულ ენას ვასწავლი; 2019 წლიდან ახალი სკოლის მოდელში ვარ ჩართული, ისტის ქოუჩად და ვეხმარები მასწავლებლებს, უკეთ დაგეგმონ საგაკვეთილო პროცესი.
- თავად როგორი მოსწავლე იყავით?
- ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი... ავადმყოფობის დროსაც რომ არ აცდენენ სკოლას, ისეთი და ახლაც სერიოზული რამ უნდა მოხდეს, სკოლაში რომ არ გამოვცხადდე.
- ესე იგი, შატალოზე არასოდეს წასულხართ.
- ერთი შატალო მახსოვს მხოლოდ - ფანჯრიდან გადავიპარეთ. ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ, ამავე დროს, ეშმაკუნა და ცელქი.
- არ გაგიჭირდათ, უცხო გარემოში, ახალბედა მასწავლებელს თავის დამკვიდრება, მით უმეტეს, თუ არ ვცდები, საძელის სკოლა არაქართულენოვანია?
- საძელის საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თითოეულ კლასში სწავლობს 4-5 მოსწავლე და შესაბამისად, სწავლების ხარისხი საკმაოდ მაღალია. ფაქტობრივად, მასალის 90 პროცენტს ადგილზე ვამუშავებთ; ვირტუალური კლასის შექმნის იდეაც ძალიან მომეწონა და ვცდილობ, დავნერგო ჩემ მოსწავლეებთან. რაც შეეხება არაქართულენოვან მოსწავლეებთან ურთიერთობას, ახალქალაქის სკოლაც რუსულენოვანი იყო და ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია თქმა - რა ემოციასაც გასცემს მასწავლებელი, ათმაგად უბრუნდება და არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას. არც ერთ სკოლაში მქონია პრობლემები, ისეთი სტრუმართმოყვარეობით მიმიღეს, რომ ეს ემოცია დღემდე მახსოვს.
- თქვენს მოსწავლეებს ყველაზე მეტად რომელი ქართველი მწერალი უყვართ?
- მოგეხსენებათ, ქართულს, როგორც მეორე ენას ვასწავლი და ქართული ლიტერატურა შედარებით მცირე დოზით შემოდის, თუმცა მხოლოდ პროგრამით არ შემოვიფარგლები და დამატებითი ინფორმაციით ვამარაგებ ბავშვებს. ახლახან, მეშვიდე კლასში ნოდარ დუმბაძის Hellados ისწავლეს და იმდენად დააინტერესა, გულისყურით წაიკითხეს... ელექტრონული წიგნი შევქმენით, და ნაწარმოების დასასრული შეცვალეს.
- რატომ?
- გააპროტესტეს, ასე არ უნდა დაესრულებინა სიცოცხლე... რატომ მოიკლა თავი და არ იბრძოლა ბოლომდე. სხვაგვარადაც შეეძლო დაბრუნება და წინააღმდეგობა უნდა გაეწია მამისთვისო. თავადაც საოცარი განწყობა აქვთ -ესაა მათი მიწა-წყალი, მათი სამშობლო და ძალიან უყვართ საქართველო.
- წიგნის სიყვარული როგორ ასწავლეთ, ქალბატონო თინათინ?
- მიუხედავად იმისა, რომ მეორე ენაა, მაქსიმალურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. მეც ვცდილობ, ყველანაირად შევუწყო ხელი, ისწავლეს ელექტრონული წიგნების შექმნა და ახლა მინდა, გამოვცე ეს ყველაფერი, რათა ბავშვებმა გააცნონ საკუთარი ნაშრომი თანატოლებსა და სკოლას. ასე შეიყვარებენ და სხვებსაც შეაყვარებენ წიგნებს.
- ქართულს კარგად ფლობენ?
- განსხვავება ისაა, რომ ძველ თაობასთან შედარებით, ნაკლებად ფლობენ ქართულს, თუმცა შეუძლებელია არ აღვნიშნო - ახალი თაობა მეტად ხედავს იმის აუცილებლობას, კარგად იცოდეს სახელმწიფო ენა.
- ვირტუალური კლასი შევქმენიო, მითხარით...
- საერთოდ, მიყვარს პრაქტიკაში სიახლეები... მშობლების მესენჯერი გვაქვს და იქ ვაძლევ ხოლმე დავალებებს ბავშვებს, თუმცა არის პლატფორმები, რომლებიც უკუკავშირის საშუალებას არ იძლევა და შესრულებული დავალების ანალიზს ვერ ვახდენ. ამიტომ შევქმენი ვირტუალური კლასი - ახალი სკოლის მოდელი ამის საშუალებას იძლევა. ბავშვი ასრულებს დავალებას, მასწავლებელი კი იქვე ამოწმებს. მოსწავლეები ვიდეოსაც ნახაულობენ, კითხულობენ მასალას, თუ მინდა, ინდივიდუალური დავალება მივცე და ბავშვები ერთმანეთის ნამუშევრებს ვერ ხედავდნენ, ესეც შესაძლებელია... მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ფორმით ურთიერთობა საკმაოდ მოსახერხებელია. ბავშვები სხვა სოციალური ქსელებით ნაკლებად სარგებლობენ და გვაქვს საშუალება, მოვარიდოთ ტექნოლოგიების მავნე ზემოქმედებას.
- თავად როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს?
- ძალიან მოსწონთ... ეტაპობრივად შევასწავლე ყველაფერი, ელექტრონული წიგნის შექმნა ისწავლეს, თვითონ ადებენ ხმას, მოიძიებენ ანიმაციურ გმირებს... ახლა დაგვრჩა ვირტუალური კლასის დამუშავების იდეა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ერთად ყველაფერს შევძლებთ, რადგან ჩვენი ურთიერთობა არის არაფორმალური, მეგობრული... შეიძლება ითქვას - ბავშვობიდან ერთად მოვდივართ მე და ჩემი პატარები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა