„ეტალონი“ სასიცოცხლოდ საჭირო პროექტია მომავალი თაობისთვის“ - წალკაში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი ჩატარდა
19 თებერვალს წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.5 მარტს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.
წალკის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი არსენ ჯმუხაძე:„ჩვენი რესურსცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სკოლებში და მეთვალყურეობა გაუწიეს ტესტირების მიმდინარეობას. მომდევნო ეტაპისთვისაც მზად ვიქნებით და ჩავატარებთ ყველაფერს მაღალ დონეზე. „ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია. მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი საუკეთესო პროექტისთვის, რომელიც ბავშვებს მოტივაციას უმაღლებს, რომ წაიკითხონ მეტი წიგნი, უკეთესად ისწავლონ, ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ და საბოლოო ჯამში, ეს ეხმარება ჯანსაღი თაობის აღზრდას. რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტის არსებობა, რომელიც ცოდნის გაზიარებასა და ჩართულობას უწყობს ხელს“.
გუმბათის საჯარო სკოლის დირექტორი რამაზ ძირკვაძე:„მოსწავლეები კმაყოფილები არიან ტესტირებით. იყო კითხვები, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ყველასთვის. კარგად შედგენილი იყო ყველაფერი. ბრწყინვალე პროექტია „ეტალონი“. დღეიდან დავიწყებთ მზადებას მომდევნო ეტაპისთვის. გასულ წელს გავიმარჯვეთ და იმედი გვაქვს, ტრადიციას არც ამჯერად დავარღვევთ. „ეტალონი“ სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი თაობის აღზრდისთვის. არ ვიცი, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს მადლობა როგორ უნდა გადავუხადო ამ პროექტისთვის.“
გუმბათის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ცირა კახაძე:„ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ტესტირების ეტაპმა. ყველა მოსწავლე კმაყოფილია თავისი შედეგით. ტესტები მასწავლებლებისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან მომწონს „ეტალონი“. მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, ყველას უნდა, რომ მოხვდეს გადავიდეს მეორე ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედეგებიც უმჯობესდება წლიდან წლამდე. მომდევნო ეტაპისთვის აქტიურად მოვემზადებით. ჩემი რჩევა იქნება ყველა მოსწავლისადმი, მეტად იაქტიურონ, მეტი განათლება მიიღონ, რომ წავიდნენ წინ და წინ“.
რეხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სვეტლანა ხუციშვილი:„მრავალფეროვანი შედეგები აქვთ ბავშვებს. საბოლოო ჯამში, კმაყოფილები ვართ. ტრადიციულად, აქტიურად ჩაერთნენ ბავშვები, იყო შეკითხვები, რომლებიც განსაკუთრებით მოეწონათ და დაამახსოვრდათ. მომდევნო ეტაპისთვის გულდასმით ემზადებიან და ამაში ჩვენც ვეხმარებით. საგაკვეთილო პროგრამაზე ვამახვილებთ განსაკუთრებულ ყურადღებას. მოსწავლეების მამოტივირებელი პროექტია „ეტალონი“, მონდომებულები და აქტიურები არიან, ჩვენი სკოლა წლებია აქტიურად ერთვება და ყოველ წელს ვაუმჯობესებთ შედეგებს. მადლობა თქვენ ამისთვის“.
ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა გიორგაძე:„ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ტესტირების ეტაპი. მასწავლებლებსაც ძალიან მოგვეწონა. კმაყოფილები ვართ შედეგებით და მზად ვართ, ყოველთვის აქტიურად ჩავერთოთ ამ პროექტში, მადლობლები ვართ, რომ არსებობს და შეგვიძლია მონაწილეობა. „ეტალონი“ მოსწავლესა და მშობელს მოტივაციას აძლევს, რომ იყვნენ თანადროული საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესების და ერთმანეთს შეადარონ ცოდნა. შეჯიბრობითობისა და კონკურენციის ფაქტორის არსებობა მოსწავლეებს შორის ძალიან საჭიროა. ჩემი რჩევა იქნება პროექტის ყველა მონაწილისადმი, რომ მეტი იმუშაონ ლოგიკური უნარების განვითარებაზე“.
ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე:„დიდებულად ჩატარდა პირველი ეტაპი. ძალიან მოეწონათ ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც. წინა წლებთან შედარებითაც გაუმჯობესდა შედეგები და დანტერესებაც იზრდება. მომდევნო ეტაპზე გამარჯვების იმედი გვაქვს. 60 ბავშვი სწავლობს ჩვენს სკოლაში და 60-ვე ჩართულია, აქედან ჩანს, რასაც ვფიქრობთ „ეტალონზე“. გვგონია, რომ ძალიან სასარგებლო და საჭირო პროექტია“.
ხანდოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო დათაშვილი:„ტესტირებას წარმატებით გაართვეს ბავშვებმა თავი. ძალიან აქტიურები და მონდომებულბი იყვნენ. ძალიან კარგი კითხვები იყო. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც კმაყოფილები ვართ შედეგებით. „ეტალონი“ სტიმულია ბავშვებისთვის, რომ მეტი ცოდნა მიიღონ. მეორე ტურში გვაქვს გამარჯვების იმედი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იმედი გაგვიმართლდეს. გვყავს ძლიერი მოსწავლეები და ვნახოთ, დაველოდოთ მომდევნო ეტაპს. როგორც „ეტალონის“ პედაგოგი, თვალყურს ვადევნებ მათი მომზადების პროცესს, ვაძლევ მითითებებს და თუკი რაიმე დასჭირდებათ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ“.
წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე:„წელს ბევრი ბავშვი დაინტერესდა „ეტალონით“ და ბევრი ჩაერთო. ველოდებით, რამდენი ბავშვი გადავა მომდევნო ეტაპზე. წარმატების იმედი გვაქვს. „ეტალონი“ კიდევ ერთი საბაბია ჩვენთვის, რომ მოვუწოდოთ ბავშვებს, სასწავლო პროგრამას მეტი ყურადღება დაუთმონ, რადგან ძირითადად სწორედ ამ პროგრამიდანაა შეკითხვები. ამ პროექტის დახმარებით შეგვიძლია მივცეთ მოტივაცია მოსწავლეებს, რომ, თუ კარგად ისწავლი, კარგი შედეგი გექნება „ეტალონში“. ტელევიზიით როცა გადიოდა, ყოველთვის ვუყურებდი, იმდენად საინტერესო და შემეცნებითი პროექტია. ბავშვმა შეიძლება მონაწილეობა არ მიიღოს, მაგრამ სხვას რომ უყურებს, სწავლობს. გამიხარდება, თუ დაბრუნდება ტელევიზიაში“.
წალკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლილი ზოიძე:„ტესტირების პირველ ეტაპზე ჩვენი სკოლიდან 65 მოსწავლე მონაწილეობდა. აბსოლუტურად კეთილსინდისიერად ჩაიარა ჩვენს სკოლაში ამ პროცესმა. 38-მა გადალახა ბარიერი, 88 იყო მაქსიმალური ქულა. კმაყოფილი ვარ ჩვენი მოსწავლეებით, რადგან ჩანს მათი ცოდნა. ეს პროექტი დიდი სტიმულია ბავშვებისთვის, მათთვის დიდი მოტივაციაა ისეთ პროექტში მონაწილეობა, რომელიც სცდება რაიონის მასშტაბს. ისინი რომ წარმატებულები ხდებიან, ეს მეც არ მაძლევს მოდუნების საშუალებას და ვცდილობ, კიდევ უფრო მეტი მივაწოდო, რომ მიაღწიონ მაქსიმუმს.
ვცდილობთ, თითოეული მოსწავლე დავაინტერესოთ ამ პროექტით და გაკვეთილზეც უფრო მოტივირებულები იყვნენ, რადგან ხედავენ, რომ ნასწავლი მასალიდან ხვდებათ კითხვები. ჩვენ პერიოდულად გვაქვს შეხვედრები და ვემზადებით მომდევნო ტურისთვის. ყველა თვეში სხვადასხვა საგნის მასწავლებელი უტარებს კონსულტაციას ბავშვებს და ვცდილობთ, დამატებითი ინფორმაცია მივცეთ, უკეთესი გავხადოთ მათი მოსწრება როგორც სკოლისთვის, ასევე, „ეტალონისთვის“.
წალკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა წიკლაური:„80 ქულაზე მეტიც მიიღო ჩვენმა მოსწავლემ და კმაყოფილი ვართ შედეგებით. ამ პროექტში მეტ ცოდნასთან ერთად მეგობრებსაც იძენენ, სხვადასხვა უნარს ივითარებენ. წლიდან წლამდე უმჯობესდება შედეგები. დაინტერესებაც მეტია. ჩემი რჩევა მონაწილეებისადმი იქნებოდა, რომ დროის ფაქტორს მიაქციონ ყურადღება, რადგან წამებში წყდება გამარჯვება“.
წალკის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლამზირა აბულაძე:„იყო საინტერესო შეკითხვები, რომლებიც მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც განსაკუთრებით მოგვეწონა. „ეტალონი“ კარგი პროექტია, რადგან ბავშვებს მოტივაციას უმაღლებს და საშუალებას აძლევს საკუთარი თავი გამოსცადონ. ყველა ბავშვს ვურჩევდი მონაწილეობას და ჩემი რჩევა იქნებოდა კიდევ, რომ მეტი კლასგარეშე ლიტერატურა წაიკითხონ“.