მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
24 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში ყველაზე ფართომასშტაბიანი, 11 წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი გაიმართა. მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თბილისის 10 გამგეობის 83 ''ეტალონი-მოსწავლე'' მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ.
პირველობისთვის ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა. პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს, თანაბარი 90-90 ქულა ჰქონდა. ყველაფერი სისწრაფემ გადაწყვიტა. რეკორდულად ყველაზე მცირე დროში - 72,01 წამში, ყველაზე მეტი სწორი პასუხის დაფიქსირება ლაილაშის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ვახტანგ ჩაჩხიანმა შეძლო და ''2016-2017 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულსაც დაეუფლა. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულს 10 000 ლარიანი ფულადი ჯიდლო და 1000 ლარიანი კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი გადაეცა.
როგორც ვახტანგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, გამარჯვება მისთვისი დიდი სტიმულია:
''ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, ძალიან დამეხმარება შემდგომში. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, რადგან მაღალი კონკურენცია იყო. ყველას მხრიდან ემოცია, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი იყო.''
როგორი მოსწავლეა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული და რა პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევა, ამის შესახებ ლაილაშის სკოლის წარმომადგნელები და ვახტანგის ოჯახის წევრები გვესაუბრებიან:
ლაილაშის სკოლის დირექტორი ალექსანდრე გიორგობიანი აღნიშნავს, რომ ვახტანგი ძალიან წყნარი, გაწონასწორებული და თავდაჯერებული მოსწავლეა. ბატონი ალექსანდრე ხაზს უსავმს იმსაც, რომ მთელი რაიონი ზეიმობს ვახტანგის წარმატებას:
''ვახტანგის გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია მთელ რაიონში. ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში მაღალმთიანი რეგიონის სკოლის მოსწავლე რომ გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ვიღებთ მილოცვებს, სატელეფონო ზარებს, სოციალური ქსელების მეშვეობით გვილოცავს ხალხი, განსაკუთრებით სოფელში მთელი მოსახლეობა ზეიმობს ამ გამარჯვებას. მართლაც წარმოუდგენელი გამარჯვება იყო ჩვენთვის. რაც შეეხება ვახტანგს, ძალიან წყნარი, გაწონასწორებული, მშვიდი, და თავდაჯერებული ადამიანი. ახლა საატესტატო გამოცდები იყო, როგორც იცით, ჩვეული სიმშვიდით გაართვა თავი, უმაღლესი შედგები აიღო. ''ეტალონში'' გამარჯვებაში ალბათ გადამწყვეტი ვახტანგის მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი იყო. ძალიან ბეჯითი მოსწავლეა ყველა საგანს თანაბრად კარგად სწავლობს, გამოირჩევა ანალიტიკური აზროვნებით, აქვს ძალიან სწრაფი და სხარტი გონება, ძალიან სწრაფად შეუძლია პასუხის გაცემა, რამაც პროექტში გაამარჯვებინა. ჩვენს სკოლაში 46 მოსწავლეა. ვახტანგის კლასში 5 მოსწავლეა, ერთმანეთზე უკეთესი ბავშვები არიან. ძალიან კარგი კლასია. ზოგადად სკოლას ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, შეიძლება ვინმეს ძალიან გაუკვირდა ეს შედეგი (ვახტანგის გამარჯვება), მაგრამ ჩვენ ბევრი წარმატება გვქონდა წინა წლებშიც რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, მაგალითად, წელს პრიზიორი გვყავს ისტორიაში. იყო ერთ-ერთი წელი, როდესაც საერთოდ პირველ ადგილოსანი გვყავდა. ადგილობრივი თვითმმართველობა თუ რაიმე ღონისძიებას ატარებს, იქ აუცილებლად გამარჯვებულები გვყავს. ძალიან აქტიური სკოლა გვაქვს, მართალია, ცოტა მოსწავლე გვყავს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა სფეროში გვაქვს წარმატებები, მათ შორის - სპორტშიც. პედაგოგები ძალიან კარგი გვყავს, კარგი სპეციალისტები არიან. მთის სკოლაში არაჩვეულებრივი გუნდი არის შეკრებილი, რაც ბავშვებსაც ეტყობათ. ეროვნულ გამოცდებზე, საატესტატო გამოცდებზეც და ყველგან მაღალი შედეგები გვაქვს დაფიქსირებული.
სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთ გარემოებას უსვამს ხაზს. 2016 წლის შემოდგომაზე ლაილაშის სკოლა ხანძარმა გაანადგურა, მოსწავლე-მასწავლებლები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამის მიუხედავად, სკოლის წარმომადგენლებმა მოახერხეს და შეძლეს სასწავლო პროცესის ისე წარმართვა, რომ არც ერთი გაკვეთილი არ გაცდენილა:
''კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა, ჩვენი სკოლა ხანძარმა გაანადგურა გასული წლის შემოდგომაზე, 25 ნოემბერს. მიზეზი არ არის ბოლომდე დადგენილი, სავარაუდოდ ელექტროობიდან, კიდევ მიმდინარეობს მიზეზების კვლევა. შემდეგ სკოლა გადმოვიდა სოფლის ამბულატორიაში, მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ სასწავლო პროცესის ისე წარმართვა, რომ ხელი არ შეგვშლოდა. გვპირდებიან ახალი სკოლის აშენებას. სამინისტროშიც არაერთხელ ვიყავი, სამთავრობო სტრუქტურებიდანაც გვყავდა სკოლაში წარმომადგნლები და გვპირდებიან ახალი სკოლის აშენაბას და როგორც ვარ ინფორმირებული, 2017 წელი დაპროექტების წელი იქნება და გევუბნებიან, რომ 2018 წლიდან დაწყება სკოლის აშენება. თუკი სადმე გაიელვებს ამ გასაჭირის შესახებ და ეს შედგებიც, რომლებიც გვაქვს, კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს, კარგი იქნება. მოვახერხეთ ისე, რომ არც ერთი გაკვეთილი არ გაცდენილა, არ დაგვიკარგავს დრო, მასწავლებლები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამატებით მუშაობდნენ, ეს ბავშები ისე მოდიან, რომ რეპეტიტორი არ იციან. სკოლაში მიღებული ცოდნით გადიან ყველგან. ჩაჭრილი მოსწავლე არ გვყოლია სკოლაში. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები პრეზიდენტის სტიპენდიატები არიან, საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლობენ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე,'' - აღნიშნავს ალექსანდრე გიორგობიანი.
თავდაჯერებულ, მიზანდასახულ და მშვიდ მოსწავლედ ახასიათებს ვახტანგს მისი კლასის ხელმძღვანელი ნატალია გოგოძეც. როგორც დამრიგებელი აღნიშნავს, ვახტანგის წარმატება არავისთვის არ ყოფილა უცხო და გასაკვირი, რადგან მას არაერთ ღონისძიებაში აქვს გამარჯვება მოპოვებული:
''ვახტანგი როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ტექნიკურ საგნებს თანაბრად წარმატებულად სწავლობს. მან წარმატებით ჩააბარა მე-11 კლასის გამოცდები, ოთხივე საგანში მაღალი შეფასება აიღო, ორი 10 ქულა და ორი 9,25. ძალიან მიზანდასახული მოსწავლეა. მთავარი, რის გამოც მან გაიმარჯვა, არის ის, რომ არასდროს არ ნერვიულობს, ყოველთვის თავის თავში დაჯერებულია, ძალიან ღრმად ფლობს ყველაფერს. მისი გამარჯვება არ ყოფილა შემთხვევითი. ვახტანგი არის ძალიან ბევრი ღონისძიების გამარჯვებული, რომლებიც ჩვენს რაიონში ტარდება. ყველა საგანში არის გამარჯვებული, ძალიან კარგი მოსწავლეა, საერთოდ მისი კლასი ძალიან კარგი კლასია, სულ 5 მოსწავლეა ვახტანგის კლასში და ხუთიდან ოთხმა მაღალი შედეგები აიღო სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე. ასე, რომ თვითონ რაიონსაც არ გაკვირვებია და არავისთვის არ ყოფილა უცხო, რომ ვახტანგმა ასეთ წარმატებას მიაღწია. ღონისძების დღეს ვახტანგს არავითარი ღელვა არ ეტყობოდა. ეს თვისება ყოველთვის ხელს უწყობს გაიმარჯვებაში, ძალიან კარგი მეხსიერება აქვს, რასაც ისწავლის, არასდროს არ ავიწყდება და კიდევ, ცოდნა რომ ვერ გამოიყენოს, მსგავსი რამ არ არსებობს. ძალიან მობილიზებულად ითამაშა და დრო რომ წარმართა სწორად, ამან განაპირობა გამარჯვება. რაც შეეხება ფინალურ ღონისძიებას, ჩემთვის ეს დღე იყო ბედნიერების, წარმატების, სიხარულის დღე, რომელსაც დავიწყება არ უწერია. დაახლოებით 25 კაცი ვიყავით ცაგერიდან და ძალიან კმაყოფილები და ემოციებით დატვირთულები ვართ ყველა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით და გული მწყდება, რომ ტელევიზიაში არ გადის.''
''ათასში ერთი რომ გამოერევა, ისეთი ნიჭიერი მოსწავლეა ვახტანგი, გაწონასწორებული და მობილიზებული ბიჭია'', აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ''ეტალონის'' ტრენერი და ლაილაშის სკოლის რუსული ენის პედაგოგი ნინო მხეცაძე:
''ვახტანგი უპირველეს ყოვლისა, ძალიან ნიჭიერი მოსწავლეა,
ძალიან მიზანდასახულია, თავის ასაკთან შედარებით ძალიან სერიოზულია, გაწონასწორებული
და მობილიზებული ბიჭია. სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადაში აქვს გამარჯვებები მოპოვებული,
შიდა რაიონულ შეჯიბრებებში, რომელიც თვითონ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება.
ძალიან კარგი და ნიჭიერი მოსწავლეა, როგორც იტყვიან, ათასში ერთი რომ გამოერევა, ისეთი.
''ეტალონი'' როდესაც ეთერში გადიოდა, მაშინაც ყოველთვის ვუყურებდი. ძალიან გული მწყდება,
რომ სატელევიზიო ეთერში აღარ არის. ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ყველაფერი
ძალიან მაღალ დონეზე იყო გაკეთებული. და რაც მთავარია, ''ეტალონი'' არის ძალიან ობიექტური
და ძალიან კარგი პროექტი.''
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე ბელა საღინაძე მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების უცვლელი ჟიურია. ჩვენთან საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ვახტანგი ყველა პროექტში აქტიურადაა ჩართული და ყველგან მაქსიმალურ შედეგებს აჩვენებს ის, რომ არც ღელავს და არც ემოციები ეტყობა:
''მე უშუალოდ შეხება მაქვს მომავალ თაობასთან, მათ აღზრდა-განვითარებასთან. ''ეტალონი'' ჩვენთვის უცხო არ არის და არც გამარჯვება იყო უცხო. ვინაიდან 2015 წელს ''ცაგერის ეტალონი მოსწავლე'' მარიამ ჩარკვიანი გახდა ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული. ერთი წლის გამოტოვებით, 2017 წელს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' ისევ ჩვენი კუთხიდანაა. დამეთანხმებით, რომ ასეთი გამარჯვება, ამხელა მასშტაბით თავისთავად არ მოდის, ეს ნამდვილად იმის დასტურია, რომ ყურადღება ექცევა მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეების აღზრდა-განვითარებას. ამასთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგულარულად ხორციელდება სასწავლო-შემოქმედებითი პროექტები როგორიცაა - ცოდნის მძებნელი, კარცერი ლუქსი და სხვა... ამ პროექტების ჟიურის უცვლელი წევრი გახლავართ და სულ მაოცებდა ეს ჩვენი ''ეტალონი'' ბიჭი, რომელიც რაიონის დონეზე ყველა საგანში მაქსიმალურ შედეგს აჩვენებდა ისე, რომ არც ღელავდა და არც ემოციები ეტყობოდა. სწორედ ასე აუღელვებლად შეძლო მან უმაღლესი შედეგის ჩვენება და გახდა ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე''. ჩვეულებრივ ოჯახში გაზრდილმა ბიჭმა მთელი ლეჩხუმი გაგვახარა და გვასახელა. მინდა მადლობა ვუთხრა, ვახტანგის მშობლებს, მისი მშობლიური რაიონის სკოლის პედაგოგებს, სკოლის დირექტორს ალექსანდრე გიორგობიანს. მადლობა ''ეტალონს'', მის შემოქმედებით ჯგუფს, კოლექტივს, მადლობა პირადად ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს იმ ამაგისთვის, რასაც ქართული საქმისთვის აკეთებს. განათლება და განათლებული ადამიანები ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.''
''საქართველოს ეტალონი მოწავლე'' გარდა იმისა, რომ წარჩინებული და ნიჭიერი მოსწავლეა, ფიზიკურადაც ბევრს შრომობს. ვახტანგის დედა მაკა სილაგაძე, რომელიც თაბორის სკოლის დირექტორია, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად სწავლობს, გამარჯვება მაინც მოულოდნელი იყო:
''ნამდვილად არ ველოდი პირველ ადგილს, რატომღაც მესამე ადგილს უფრო ვფიქრობდი. ძალიან გამიხარდა, რომ გამარჯვებული გახდა, დღემდე არ გამნელებია ემოციები, ისეთი გახარებული ვარ. ჩემი მხრიდან ვახტანგზე საუბარი ცოტა უხერხულია. ძალიან პასუხისმგებლიანი ბავშვია, გაკვეთილზე ისე არ წავიდოდა, მზად რომ არ ყოფილიყო, ფიზიკურადაც ძალიან ბევრს შრომობს, მოგეხსენებათ სოფელში შრომა გვიწევს, ძალიან ბევრს შრომობს და თან ძალიან კარგად სწავლობს.''
24 ივნისს ბათუმში გამართული ფინალი 2016-2017 სასწავლო წლის ციკლის დაგვირგვინება გახლდათ. წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 80-ზე მეტი შეხვედრა და ''ეტალონის'' ღონისძიება ჩატარდა. თითოეულ ღონისძიებაზე რაიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის ''ეტალონი მოსწავლე'' ვლინდებოდა.
სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი ''ეტალონი'' 11 წელია არსებობს. სამი წელია, რაც ტელევიზიით არ გადაიცემა. 2014 წლის ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ''ეტალონის'' კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა