მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართველი დირექტორებისა და პედაგოგების გათავისუფლება, რუსულ ენაზე სწავლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა... ეს არასრული ჩამონათვალია იმ „სიკეთეებისა“, რაც ოკუპირებულმა რეჟიმმა კონტროლირებად ტერიტორიებზე დანერგა. როგორ ვიცავთ ჩვენ მოქალაქეებს, რა კეთდება იმისთვის, რომ გალსა და ახალგორში რუსიფიკაციის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს? - ამ კითხვებით Etaloni.ge-მ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს მიმართა.
- მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია, პირველ რიგში, იმ ადამიანებს აზარალებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს... მათ მომავლის უფლებას უზღუდავენ, რადგან ყოველდღიურად მძიმდება მათი როგორც უფლებრივი, ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შეზღუდული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად რჩება გალისა და ახალგორის ქართული მოსახლეობა, რომელიც ეთნიკურ დისკრიმინაციას ყოველდღიურად განიცდის. ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ისინი განიცდიან მუდმივ ზეწოლას, მუქარას.
სასკოლო განათლების რუსიფიკაციის პროცესი 7 წლის წინ აფხაზეთში, 6 წლის წინ კი ცხინვალის რეგიონში ეტაპობრივად დაიწყო - ჯერ პირველი კლასი გადავიდა რუსულენოვან სწავლებაზე, შემდეგ მეორე, მესამე... და დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მე-7 და მე-6 კლასების ჩათვლით, მოსწავლეები განათლებას რუსულ ენაზე იღებენ.
- ამას არ აპროტესტებენ, ქალბატონო ლია?
- მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის რუსულ ენაზე საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა მიუღებელია არა მხოლოდ დამოკიდებულების გამო, არამედ იმიტომაც, ამ ენას არ ფლობენ. პედაგოგებისთვის დეფაქტო ხელისუფლებებმა ატესტაცია ჩაატარეს და მაგალითად გალში, ბევრი პედაგოგი სწორედ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ენას არ ფლობდა; ანალოგიური ვითარებაა ოკუპირებული ახალგორის სკოლებში - 6 სკოლა საგანმანათლებლო პროცესს ქართულ ენაზე აწარმოებდა, დღეს კი მეექვსე კლასის ჩათვლით, რუსულ ენაზე მიდის სწავლება. ქართული ენის და ლიტერატურის საათები ასეთი კლასების სასწავლო გეგმით აღარ არის გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება ზედა კლასებში მშობლიური ენის საათებს, 5-დან 2 საათამდე შეამცირეს, ტყვარჩელის ქვედა ზონის სკოლებში კი ერთ საათამდე დაიყვანეს. ფაქტობრივად, ქართული ენის ამოღება და განდევნა ხდება სასწავლო პროცესიდან.
- ამას წინ, ორი ქართველი დირექტორიც გაათავისუფლეს თანამდებობიდან ახალგორში.
- დიახ, დირექტორები გათავისუფლდნენ და მათ ადგილას ამოწიეს ოსი ეროვნების მოადგილეები... თუმცა იმედი გვაქვს, ეს პროცესი უფრო მეტად არ დააჩქარებს სკოლების რუსიფიკაციას და სკოლების დირექტორებსა თუ პედაგოგებთან ერთად, მათი თავდადებითა და დიდი მცდელობით, შევძლებთ, ფორმალურად თუ არაფორმალური განათლების ფორმით, მათ ქართული ენა და ლიტერატურა ვასწავლოთ შესაბამისი სახელმძღვანელოებით.
- ასე, იატაკქვეშ მოქმედებით რა შედეგს მივაღწევთ?
- წარმოუდგენელია ადგილზე პედაგოგების თავდადება - არსებული ვითარების მიუხედავად, ისინი საკუთარ მოსწავლეებს მაინც ამეცადინებენ ქართულად. ამ პრობლემას ჩვენ ვაყენებთ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, ვიყენებთ ყველა ფორმატს, ვისაც დახმარება რაღაც ფორმით შეუძლია, ვთხოვთ, რომ შეწყდეს სკოლების რუსიფიკაციის პროცესი და აღდგეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. ამ თემაზე კეთდება განცხადებები, მიდის მსჯელობა, თუმცა ჯერჯერობით, ხელშესახები ძვრები არ შეინიშნება. მართალია, პედაგოგები, ვინც ატესტაცია გაიარა, დარჩნენ სკოლაში, მაგრამ მათ მართლაც ძალიან უჭირთ. დეფაქტო მმართველები ყველაფერს აკეთებენ, რათა მათი მოტივაცია შემცირდეს. ათი პედაგოგი, რომელიც ზაფხულის არდადეგებზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, ვეღარ დაბრუნდა, რადგან 5 სექტემბრიდან გადასასვლელი პუნქტების დაკეტვამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შეუძლებელი გახდა, ამ პედაგოგების საგაკვეთილო საათები კი სხვებს გადაუნაწილდა.
- ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ამ პროცესებზე თუნდაც გარკვეული ფორმით, გავლენა ვიქონიოთ?
- სახელმწიფოს მხრიდან, როგორც გალში, ისე ახალგორში, ამ სკოლების მხარდაჭერა გრძელდება, ვინარჩუნებთ მათთან ინტენსიურ კომუნიკაციას, ვფლობთ ინფორმაციას. მხარდაჭერაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ.
ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ მშვიდობიანი გზა. პროცესებზე პირდაპირი ზეგავლენა კი, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და სწორედ იმიტომ, რომ ოკუპაცია გვაქვს სახეზე, შეუძლებელია; თუმცა, როგორც გითხარით, ყველა ბერკეტს ვიყენებთ, ყველა პლატფორმას, რათა ეს თემა გავაჟღეროთ და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დააწესონ გარკვეული სანქციები, რადგან იქ მცხოვრებ მოსახლეობას მხოლოდ მშობლიურ ენაზე არა მხოლოდ განათლების მიღების უფლება ეზღუდება, იმავდროულად ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, პედაგოგებზე, მოსწავლეებზე, მშობლებზე...
- კონკრეტულად, რა ზეწოლაზეა საუბარი?
- ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლება წარსულისკენ მიაქანებს საგანმანათლებლო სისტემას, ბავშვები წითელი ყელსახვევებით გამოჰყავთ, ლენინისა და სტალინის ძეგლთან საბჭოთა კავშირის ჰიმნს ამღერებენ, გარკვეულ სცენებს ადგმევინებენ, სადაც ქართველი ყოველთვის ოკუპანტია...მაგალითად გალსი სკოლებს და საბავშვო ბაღებს აიძულებენ, ხშირად გამართონ კონცერტები, ბავშვებს წააკითხონ ლექსები, სადაც ყურადღება გამახვილებულია ომზე, რომელშიც ქართველი მოსისხლე მტრადაა წარმოჩენილი. ეს ყველაფერი უდიდეს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს როგორც ბავშვების ფსიქიკაზე, ასევე ემოციურად რთულ მდგომარეობაში აყენებს პედაგოგებს, უფროს თაობას, რადგან მათ ყველაფერი კარგად ახსოვთ - ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადეს. ამავდროულად ხედავენ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარით მიდის და პატარა ბავშვების მენტალიტეტსა და მათ დამოკიდებულებას ცვლის, იმასაც აცნობიერებენ, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ გრძელვადიან პერსპექტივაში.
- ეს ხომ ნელი მოქმედების ნაღმია, ქალბატონო ლია, როგორ უნდა გავუმკლავდეთ?
- სწორედ ამიტომ ვიყენებთ ყველა პლატფორმასა და მექანიზმს, ვრეკთ განგაშის ზარებს, რათა ყველას გავაგებინოთ, რომ ამ პროცესებს დროულად სჭირდება რეაგირება.
- ამ მენტალობით გაზრდილ თაობას როგორ შემოვაბრუნებთ ჩვენკენ?
- ისევ და ისევ ინტენსიური კომუნიკაცია უნდა შევინარჩუნოთ და შერიგების პროცესი კიდევ უფრო გააქტიურების საშუალებით. წელს როგორც აბიტურიენტების, ისე ჩარიცხული სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობა გვყავდა...უფროსი თაობა, პედაგოგები, ოჯახები ცდილობენ, ნელი მოქმედების ნაღმების მოქმედება მაქსიმალურად გაანეიტრალონ და შეასუსტონ. ისინი სახელმწიფოებრივად, პროქართულად მოაზროვნეები არიან, თვითონვე ასაბუთებენ ამ გამოწვევების მიზნებს და მათზე რეაგირების გზებზეც საუბრობენ; რაც მთავარია, კარგად ხედავენ საკუთარ როლს, როგორ შეიძლება ხელოვნური ბარიერების მოხსნა და ქვეყნის გაერთიანების პროცესების წარმართვა. წელს გყავს სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობა. ჩვენ ინტენსიურად გვაქვს შეხვედრები ახალგაზრდებთან, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში და გვიხარია, რომ ასე მოაზროვნე, პატრიოტი ახალგაზრდები გვყავს და ისინი დიდი მონდომებით იწყებენ სწავლას.
- რუსული პასპორტები რომ აქვთ, ეს არაა ხელშემშლელი ფაქტორი?
- რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებვზე განხორციელებული პასპორტიზაცია არის უკანონო ქმედება, რომელსაც არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები- ჩვენი მოქალაქეები, შემოდიან დოკუმენტებით, რომელსაც ჩვენს სამართლებრივ სივრცეში ვალიდურად ვთვლით. ჩვენს სტუდენტებს უცხოეთში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად თუ სამოგზაუროდ წასასვლელად საქართველოს პასპორტი სჭირდებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...