მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლაში მოსწავლის ჩაგვრა სხვა მოსწავლეებისგან ნაცნობი ფაქტია. ხშირად პედაგოგები და მშობლები გვიან იგებენ ბულინგის შესახებ, ხან კი ჩაგვრის ნიშნების ამოცნობაც უჭირთ.
ბულინგის ამოცნობა განსაკუთრებით უჭირთ უფროსებს, როდესაც საქმე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხება. პატარების წაკინკლავების დროს ხშირად გვსმენია - „პატარები არიან, თამაშობენ, გაიზრდება და აღარ გააკეთებს“. ასეთი მიდგომა მცდარია. ხშირად თავად მშობლებმა და მასწავლებლებმა არ იციან, როგორ მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა.
გთავაზობთ ჩაგვრის შემთხვევების დროს დაზარალებული ბავშვის დახმარების და პრობლემის მოგვარების გზებს:
როგორ დავეხმაროთ დაზარალებულ მოსწავლეს?
· ჩაგვრის მსხვერპლს მიეცით საშუალება ისაუბროს, გაიხსენოს რა და რატომ მოხდა;
· აგრძნობინეთ ბავშვს თქვენი მხარდაჭერა, ურჩიეთ, როგორ აარიდოს მოსწავლემ თავი მსგავს სიტუაციებს;
· იყავით მის მიმართ ყურადღებიანი, ჩართეთ სხვადასხვა პროექტში, რომ თანატოლების გვერდში ყოფნა იგრძნოს;
· დააკვირდით მის ემოციურ მდგომარეობას შემდეგ დღეებში;
· ფაქტის შესახებ უამბეთ მშობლებს, აუხსენით მათ სკოლაში გატარებული ზომების შესახებ და მიეცით რჩევები, როგორ იმუშაონ ასეთ დროს შვილთან.
ყურადღებიან მასწავლებელს ბულინგის შემთხვევები არ გამოეპარება, რადგან საგაკვეთილო პროცესის დროს შეუძლია დააკვირდეს მოსწავლეებს, მათ ქცევას, შესაძლოა შეესწროს ჩაგვრის ფაქტს და იმავდროულად ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. გაკვეთილზე მარტივად შესამჩნევია თანაკლასელებისგან გარიყული მოსწავლე, ასევე ყურადღებამისაქცევია მოწყენილი ბავშვი. მასწავლებელმა უნდა გამოარკვიოს მოწყენილობისა და გარიყულობის მიზეზი, მხარი დაუჭიროს დაჩაგრულ ბავშვს.
ნუ იქნებით გულგრილი! არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ ბულინგის მსხვერპლს რომ:
· ეს თქვენ არ გეხებათ;
· თავად მოაგვაროს პრობლემა;
· გადაუხადოს სამაგიერო მოძალადეს;
· არ მიაქციოს ყურადღება კლასელების დაცინვას/ძალადობას.
როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ ბულინგის ფაქტს შეამჩნევს?
· მოსწავლეებთან საუბრის დროს აღნიშნეთ, რომ არ შეეგუებით ჩაგვრას, აგრესიულ ქცევას, დაცინვას ვის მიმართაც უნდა იყოს მიმართული. აუხსენით მათ რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს;
· ასწავლეთ მოსწავლეებს ამა თუ იმ პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის წესები და ხერხები;
· იყავით პოზიტიური ქცევის მაგალითი. როლური თამაშებით, სადაც თავად იქნებით ბულინგის მსხვერპლი, ასწავლეთ მათ, როგორ დაიცვან თავი ჩაგვრის დროს ფიზიკური ძალადობის, მუქარისა და შეურაცხყოფის გარეშე;
· თუ კლასის წინაშე განიხილავთ ჩაგვრის შემთხვევას, მნიშვნელოვანია, რომ შეასრულოთ მედიატორის როლი. ნუ იქნებით ბრალმდებელი, ნუ დაიწყეთ დამნაშავის ძებნას და ნუ მოინდომებთ მის ყველას წინაშე დასჯას. ისაუბრეთ თავად ფაქტის უარყოფით მხარეზე, ქცევის მიუღებლობაზე და არა იმაზე, თუ როგორი ცუდი ბავშვია მჩაგვრელი;
· ჩაგვრის შემთხვევაზე მოისმინეთ ყველა მოსწავლის ვერსია, ვინც ფაქტს შეესწრო. როდის და რატომ დაიწყო ბულინგი? მოისმინეთ მათი აზრი, რას გრძნობს ის ბავშვი, რომელმაც ბულინგი განიცადა? რა შეეძლოთ მათ გაეკეთებინათ ამის შესაწყვეტად? რას გააკეთებენ იმისთვის, რომ დაზარალებულმა ბავშვმა თავი უკეთ იგრძნოს? სხვანაირად როგორ შეუძლიათ მოიქცნენ ანალოგიურ სიტუაციაში?
· წაახალისეთ ის ბავშვები, რომლებიც ცდილობდნენ ბულინგის შეწყვეტას და მსხვერპლის დახმარებას.
ასევე მნიშვნელოვანია, ბულინგის ინიციატორი ბავშვის დახმარება, დაეხმარეთ მას ქცევის შეცვლაში. გულახდილად დაელაპარაკეთ მჩაგვრელ ბავშვს და შეეცადეთ გაარკვიოთ სიტუაცია, რამ გამოიწვია მისი აგრესიული ქცევა. ზოგჯერ აგრესორებად მშობლისგან ან სხვა უფროსისგან დაჩაგრული ბავშვები გვევლინებიან, რომლებსაც „ჯავრს სხვა ბავშვებზე იყრიან“.
თუ პრობლემას თავად ვერ აგვარებთ, საქმეში დროულად ჩართეთ ფსიქოლოგი!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს