სიახლეები
სამასწავლებლო

„14 სექტემბერს დაბადებულს შეუძლია პროგრამა დაძლიოს და 16-ში დაბადებულს - არა?“ - დირექტორების მოსაზრება პირველკლასელთა ასაკზე
25-02-2020
-
+


2 მარტს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. ახალი სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. 16 სექტემბრიდან დაბადებული ბავშვები სკოლაში ვერ შევლენ, მათთვის კანონში არავითარი შეღავათი არ არის გაწერილი. 

etaloni.ge ამ საკითხზე მოქმედ დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ, მათ კომენტარებს:

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გაგუა:

ეს კანონი ვინც მიიღო, ალბათ, ამაზე ბევრი იფიქრა. თავდაპირველად, თითქმის არ ჩანს განსხვავება 5 და 6 წლის ბავშვებს შორის, თითქმის იგივე უნარები შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ეს სხვაობა თავს შემდეგ იჩენს ხოლმე. 6 წლის ბავშვები, როგორც წესი, უფრო კარგად სწავლობენ და ადრე შეყვანილი ბავშვები მერე ჩამორჩებიან, თუ მართლა განსაკუთრებულად ნიჭიერები არ არიან. მათ თამაშის მოთხოვნილება უფრო მეტად შეიძლება ჰქონდეთ, უფრო ინფანტილურები იყვნენ და ა.შ. 

მშობლებს პრობლემა აქვთ, როცა უკვე გარდამავალ ეტაპზეა ბავშვი, ბაღი არ იღებს მათ, არც სკოლა იღებს და არ იციან, სად წაიყვანონ. რაც სკოლაში ვმუშაობ, ეს პრობლემა სულ დგას. შესაძლოა ისე გაკეთდეს, რომ მშობლის არჩევანი რაღაცნაირად გაითვალისწინონ, თუმცა რაღაც ზღვარს ყოველთვის დააწესებს კანონი და ვიღაც მაინც გადასცდება იმ ზღვარს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზა ნემსაძე:

ძალიან ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს ეს საკითხი. ზოგიერთმა 5 წლის ბავშვმა ძალიან ბევრი იცის და ზოგი 6 წლისაც პატარაა. საერთოდ მგონია, რომ რამდენიმე დღე არ უნდა წყვეტდეს და დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს ვიღებდეთ. ბაღი თუ გაუვლია ბავშვს, არ არის ხოლმე პრობლემა და თუ არ გაუვლია, ისედაც იქნება ეს შეფერხება.​ დაწყებითებში არ მიმუშავია, მაგრამ მესმის მასწავლებლებისა და მშობლების გულისტკივილი, რომ კარგი იყო 5-წლიანიო. მშობლებს უნდათ, რომ შეეძლოთ 5 წლის ბავშვებიც მიიყვანონ სკოლებში, მალე რომ უსრულდებათ 6 წელი, მათი საყვედურები უფრო მესმის.

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ ნაკაიძე:

ვეთანხმები ამ კანონს, თუმცა ზოგჯერ მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, როცა ერთი ან ორი დღე აკლია ბავშვს 6 წლამდე. მაგრამ გამონაკლისს თუ დაუშვებ, მაშინ გამოდის, რომ ყველას უნდა გაუწიო შეღავათი. ადრე ვიღებდით, ვისაც 30 დეკემბრამდე  უსრულდებოდა 6 წელი, ფაქტობრივად, გამოდის, რომ 5 წლინახევრის ბავშვი უნდა მივიღოთ სკოლაში. სამწუხაროდ, მშობლებს არ ესმით, რომ ხელის მტევანი, აზროვნება, დამოკიდებულება, მზაობა სკოლისათვის ჯერ კიდევ არ აქვთ ამ ბავშვებს. უჭირთ გაკვეთილზე ყოფნა, შეიძლება ჩამოეძინოთ, დაიღალონ, ხშირად სურვილი აქვთ, გავიდნენ გაკვეთილიდან და იყვნენ არასაგაკვეთილო სიტუაციაში.

მესმის, რომ ბაღში დადის, პროგრამას გადის, რომ მშობელს დიდი სურვილი აქვს, მაგრამ, მოდით, ნუ დავაჩქარებთ ამ ბავშვებს და დავუჯეროთ კანონს.

ქედის მუნიციპალიტეტის, აქუცის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა დავითაძე:

არ მიმაჩნია მართებულად, რომ მხოლოდ 15 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებს შეეძლოთ პირველ კლასში შესვლა. მთელი 1 წელი ეკარგება ბავშვს, როცა ისედაც 12-წლიანი სწავლებაა. პირველ სემესტრში ვინც სრულდება 6-ის, ვფიქრობ, იმ ბავშვებისთვის უნდა დაიშვას გამონაკლისი. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს განსხვავება არც შეიმჩნევა. არც სოციალიზაცია და არც სწავლა არ უჭირთ ასეთებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სადრაძე:

ჩემი აზრით, დეკემბრის ბოლომდე დაბადებულ ბავშვებს უნდა ვიღებდეთ. ვფიქრობ, სკოლის დაწყებას ამასთან კავშირი არ აქვს. 2-3 თვე გადამწყვეტი არ არის, რომ სასწავლო პროცესში ამ ბავშვებს შორის სხვაობა გამოჩნდეს. მე მქონდა გამოცდილება ოჯახში, როცა 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვი ვერ წავიდა სკოლაში და 14-ში დაბადებული დარეგისტრირდა. შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ 14 სექტემბერს დაბადებულს შეუძლია დაძლიოს პროგრამა და 16-ში დაბადებულს - არა? 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, დღნორისის საჯარო სკოლის დირექტორი გაიოზ ლომთაძე:

5 წლის ბავშვი ძალიან პატარაა და არაა მზად სკოლისთვის. კანონიერი მგონია, რომ 15 სექტემბრამდე იყოს ზღვარი. რასაც პრაქტიკიდან ვხედავ, 5 წლის ბავშვი თავისი განვითარებით ვერ დაძლევს სასწავლო პროგრამას, მით უმეტეს, უცხო ენაც შემოდის პირველ კლასში. მშობლები აპროტესტებენ ხოლმე, როცა მალე უსრულდებათ ბავშვებს 6 წელი, რამდენიმე დღის გამო ვკარგავთ წელსო. ასეთ დროს გამონაკლისი რომ დაუშვას სამინისტრომ, კარგი იქნება. თუმცა არც ის მგონია დიდი უხერხულობა, რომ დაიცადონ და მომავალ წელს დაიწყონ სწავლა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ ბიბინიძე:

5 წლის ბავშვები ძალიან პატარები არიან, ნამდვილად არ უნდა მივიღოთ. მათ უნდათ თავის დროზე ძილი. ზღვარს თუ იტყვი ოქტომბრის ბოლომდე, პირველ ნოემბერს დაბადებულმა რა დააშავა? მესმის, რომ გააჩნია ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და წარმატებას ასე ვერ განვსაზღვრავთ, მაგრამ სადღაც ზღვარი ხომ უნდა დაწესდეს?! მშობლების დიდი სურვილია, 5 წლის შვილებიც შეიყვანონ სკოლაში. განსაკუთრებით ისინი აპროტესტებენ ამ კანონს, ვისი შვილებიც სექტემბრის ბოლოს ხდებიან 6-ის.

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ფურცელაძე:

31 დეკემბრამდე დაბადებულებსაც უნდა იღებდეს, ჩემი აზრით, სკოლა. 6 წლის თუ არ არის ბავშვი, წლებია აღარ ვღებულობთ, ამიტომ ვერ გეტყვით, რამე სხვაობა თუა უფროსებთან, მაგრამ ადრე არ იყო არავითარი პრობლემა. 2-3-თვიანი სხვაობა არ მგონია, გადამწყვეტი იყოს. მშობლების დიდი სურვილია, რომ 5 წლის ბავშვებიც შედიოდნენ პირველ კლასში, ბევრი მშობელი გავაბრუნეთ უკან.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორი გენადი ჩოვუშიანი:

დიდი სხვაობა თუ არ არის, 15-20 დღე, ვფიქრობ, არ არის დარღვევა. ჩემი დაკვირვებით, 5-წლიანებს უჭირთ სწავლა, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერში ვინც ხდება 6-წლის, იმათ უნდა ვიღებდეთ, რადგან ეს არ არის დიდი სხვაობა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება